Accessibility links

logo-print

ფიდელ კასტრო ძალაუფლებაზე უარს ამბობს 49-წლიანი მმართველობის შემდეგ


ფიდელ კასტრო ძალაუფლებას გამოეთხოვა. სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუბის ლიდერი გადადგა პრეზიდენტისა და მთავარსარდლის პოსტიდან,

რომელზეც თითქმის ნახევარი საუკუნე დაჰყო. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ფიდელ კასტრო ბოლოხანს ავადმყოფობდა, თუმცა ოფიციალურ ცნობაში, რომელიც გამოქვეყნდა კუბის გაზეთ “გრანმას” ვებსაიტზე, არ იყო მოყვანილი კასტროს გადადგომის კონკრეტული მიზეზი.

2006 წლის ივლისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ფიდელ კასტრო შინაგანი სისხლდენით საავადმყოფოში მოათავსეს, არ შეწყვეტილა მითქმა-მოთქმა მისი სავარაუდო გადადგომის, თუ გადადგომის შესაძლო თარიღის თაობაზე.

აქამდე ფიდელ კასტრო პრეზიდენტის პოსტზე რჩებოდა, ამასთან დროებით ჰქონდა ჩაბარებული ქვეყნის მართვის სადავეები თავისივე ძმისთვის, იმავდროულად ვიცე-პრეზიდენტის, იმავდროულად თავდაცვის მინისტრის, რაულ კასტროსთვის.

და აი, სამშაბათს ოფიციალურმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ფიდელ კასტროს განცხადება, რომ აღარ აპირებს სამუშაოდ დაბრუნებას. მოგვიანებით კუბელებმა ტელევიზიით მოისმინეს კასტროს მიმართვა, რომელიც ტელეწამყვანმა წაიკითხა.

[კუბელი ტელეწამყვანის ხმა] “ჩემი სურვილი ყოველთვის იყო, ბოლო ამოსუნთქვამდე ვმდგარიყავი ქვეყნის სამსახურში. ეს არის ის, რის შემოთავაზებაც შემიძლია. ჩემს ძვირფას თანამემამულეებს, რომლებმაც დიდი პატივი მომაგეს ბოლო დღეებში პარლამენტის წევრად არჩევით, მინდა ვაუწყო, რომ არც შევეცდები და არც დავთანხმდები - ვიმეორებ, არც შევეცდები და არც დავთანხმდები - სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტის ან მთავარსარდის პოზიციის დაკავებას”. ეს იყო ნაწყვეტი კუბელების მიმართ ფიდელ კასტროს მიმართვიდან, რომელიც ტელეწამყვანმა წაიკითხა.

თუ მონარქებს არ ჩავთვლით, ფიდელ კასტროს, რომელიც ამჟამად 81 წლისაა, სახელმწიფოს სათავეში დგომის რეკორდი ეკუთვნის. მისმა მმართველობამ 49 წელი გასტანა, 1959 წელს კუბაში ბატისტას რეჟიმის დამხობის შემდეგ. მაგალითად, აშშ-ს ამავე პერიოდის მანძილზე უკვე მე-9 პრეზიდენტი ჰყავს. კასტროს ხანგრძლივ მმართველობას ადამიანის უფლებათა უხეში ხელყოფა ახლდა, მათ შორის ასობით პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრება.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სამშაბათსვე გამოეხმაურა კუბიდან გავრცელებულ ინფორმაციას: გამოთქვა იმედი, რომ ფიდელ კასტროს გადადგომა ახალ ეტაპს მოასწავებს კუბელი ხალხისთვის. [ბუშის ხმა] “ეს მიმაჩნია გარდამავალ პერიოდად და ეს უნდა იყო დემოკრატიული გარდაქმნის დასასწყისი კუბელი ხალხისთვის”.

დემოკრატიული ცვლილებისაკენ მოწოდება თვით კუბაშიც გაისმა. ცნობილმა დისიდენტმა ოსვალდო პაიამ ჰავანაში საინფორმაციო სააგენტო რეიტერსთან საუბარში წარმოთქვა შემდეგი მოწოდება: [ოსვალდო პაიას ხმა] “ჩვენი მოწოდებაა ეროვნული საბჭოს მიმართ, რაულ კასტროს მიმართ, ყველას მიმართ, ვისაც ხელში ძალაუფლება აქვს - მისცენ ხალხს ის, რაც ხალხს ეკუთვნის. კუბას სურს ცვლილება, ხალხს სურს ცვლილება”.

რაულ კასტრო, რომელიც კუბელმა დისიდენტმა ახსენა, სავარაუდოდ მალევე გახდება კუბის მორიგი პრეზიდენტი - ახლად არჩეული ეროვნული ასამბლეა 24 თებერვალს შეიკრიბება მმართველი სახელმწიფო საბჭოს ასარჩევად, რაც პრეზიდენტის არჩევასაც ითვალისწინებს. მაგრამ 76 წლის რაულ კასტრომ - კაცმა, რომელიც ათწლეულების მანძილზე იყო უფროსი ძმის თანამებრძოლი - ძნელი წარმოსადგენია, ძირეული გარდაქმნა განახორციელოს ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სისტემაში. მეორე მხრივ, რაულ კასტროს აღიარებული აქვს რეფორმის აუცილებლობა და შესაძლებელია, შეუდგეს გარკვეული არა-რადიკალური რეფორმების განხორციელებას. ასეთ იმედს გამოთქვამს, მაგალითად, ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი, ლათინური ამერიკის საქმეთა მინისტრი ტრინიდად ხიმენესი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი გაცილებით უფრო მეტს მოითხოვს: [ბუშის ხმა] “საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა ითანამშრომლოს კუბელ ხალხთან დემოკრატიისათვის აუცილებელი ინსტიტუტების შესაქმნელად და საბოლოოდ, ამ გარდამავალ პერიოდს უნდა მოჰყვეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, და მე ვგულისხმობ მართლაც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და არა ინსცენირებულ არჩევნებს, რაც ძმებ კასტროებს სურთ, რომ ნამდვილ დემოკრატიად წარმოადგინონ”.

ფიდელ კასტროს გადადგომას ევროკავშირის ოფიციალური განცხადებაც მოჰყვა: მან გამოთქვა მზადყოფნა კუბის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსტრუქციული დიალოგისათვის.

ოლოს კი ერთი რიგითი კუბელის რეაქციას გაგაცნობთ: 60 წლის პენსიონერის სიტყვებს ფიდელ კასტროს გადადგომაზე გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით: “ეს ამბავი 30 წლის წინ რომ გამეგო, ვიტირებდი. მაგრამ ახლა სატირალი აღარაფერი დარჩაო”.
XS
SM
MD
LG