Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა თუ ჰილარი კლინტონი? ისტორიული სიახლე შეერთებული შტატების პოლიტიკურ ცხოვრებაში


შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს ნახევარ წელიწადზე მეტი დრო გვაშორებს, მაგრამ ერთი რამ ახლავე ნათელია:

ამერიკის ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი - დემოკრატების ბანაკიდან - ან ქალი იქნება, ან შავკანიანი მამაკაცი. სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ ჯერ კიდევ ათწლეულების წინ მოუღო ბოლო კანონით განსაზღვრულ დისკრიმინაციას, მაგრამ რასობრივი პრობლემა დღემდე საკმაოდ საფრთხილო საკითხად რჩება. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ შავკანიანი კანდიდატი - სენატორი ბარაკ ობამა, - ისევე როგორც პრეზიდენტობის ქალი პრეტენდენტი - სენატორი ჰილარი კლინტონი - ისე ახლოს არიან თეთრ სახლში დაბინავებასთან, როგორც აქამდე არავინ შავკანიანი და მშვენიერი სქესის პოლიტიკოსთა შორის. შეიცვალა თუ არა ამერიკელთა მსოფლმხედველობა სქესისა და რასის საკითხებში? მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

ხშირად გაიგონებთ, ამერიკა ეთნიკური ჯგუფებისა და რასების ნაზავიაო. თუ, ზოგადად, ქვეყანასთან მიმართებით, ეს უდავოდ მართებული ნათქვამია, ამასვე ვერ ვიტყვით ვაშინგტონის ადმინისტრაციაზე: თეთრი სახლი აქამდე მუდამ თეთრი იყო.

მოყოლებული ჯორჯ ვაშინგტონიდან, ანუ 1789 წლიდან, ოვალური ოფისის 43-ივე ბინადარი სქესით მამაკაცი, ხოლო კანის ფერით თეთრი იყო. სავსებით შესაძლებელია, შემოდგომაზე ამერიკის ელექტორატმა ისტორიული არჩევანი გააკეთოს და თეთრი სახლისკენ გზა გაუხსნას ან ქალს, ან შავკანიან კანდიდატს. თუ რესპუბლიკური პარტია ტრადიციულ გზას დაადგა და პრეზიდენტობისთვის საბრძოლველად თეთრკანიან მამაკაცს, სენატორ ჯონ მაკკეინს გამოუცხადა ნდობა, დემოკრატებს საბოლოო არჩევანი ჯერაც არავისზე შეუჩერებიათ.

ჰილარი კლინტონი თუ ბარაკ ობამა? ექსპერტთა ვარაუდით, ამ კითხვას პასუხი 4 მარტს გაეცემა, როცა წინასწარი არჩევნები ჩატარდება დიდ შტატებში - ტეხასსა და ოჰაიოში. მაგრამ ვინც უნდა გაიმარჯვოს დემოკრატთა შინაურ დაპირისპირებაში, შეერთებული შტატების პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიული სიახლის მოწმენი გავხდებით. არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ქალი ან შავკანიანი პოლიტიკოსი სერიოზულ პრეტენზიას განაცხადებდა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე.

შეიძლება თუ არა, ამერიკელთა მსოფლმხედველობა მომხდარ ცვლილებაზე ვისაუბროთ? მასაჩუსეტსის შტატის ბრენდაისის უნივერსიტეტის სქესის საკითხთა ექსპერტი ჯეიმს მენდრელი ამბობს, რომ შეიცვალა არა იმდენად მსოფლმხედველობა, რამდენადაც დრო:

[ჯეიმს მენდრელის ხმა] "ამერიკის პოლიტიკამ ისეთ საფეხურს მიაღწია, როცა ხალხს რაღაც განსხვავებული სურს. ამან პოზიციები გაუმყარა ისეთ კანდიდატებს, როგორიც არიან ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა. თუმცა, საინტერესო იქნება შევიტყოთ, რამდენად მზად არის ამერიკელი ამომრჩეველი, საარჩევნო ყუთთან მისულმა, დაძლიოს წარსულის კომპლექსები; რადგან უკვე ნათელია, რომ ან ჰილარი კლინტონი ან ბარაკ ობამა მამრობითი სქესის თეთრკანიან რესპუბლიკელს დაუპირისპირდებიან."

ინტერესმოკლებული არ იქნება, გავიხსენოთ, რომ ბარაკ ობამა პირველი შავკანიანი პოლიტიკოსი არ არის, ვინც შეერთებული შტატების ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას (ჯესი ჯექსონი ორჯერ იყო პრეზიდენტობის პრეტენდენტი), მაგრამ ობამა ნამდვილად პირველი შავკანიანია, ვისაც ოვალურ ოფისში შესვლის რეალური შანსი აქვს.

ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას პოპულარობას დიდწილად განაპირობებს ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფების მხარდაჭერა. კლინტონის რეიტინგი განსაკუთრებით მაღალია ქალთა შორის, ხოლო ობამასი - შავკანიანებში. მაგრამ ერთიცა და მეორც საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს სხვა ჯგუფებშიც. მაგალითად, ობამა მეტად პოპულარულია ლათინური წარმოშობის ამომრჩევლებს, ხოლო კლინტონი - თეთრკანიან მამაკაცებს შორის.

[ჯეიმს მენდრელის ხმა] "ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას კანდიდატურებმა ზედმიწევნით და მკაფიოდ დაგვაფიქრეს სქესისა და რასის საკითხებზე. ჩემი აზრით, ეს წელიწადი საეტაპოა, რადგან საკითხი ასე დადგა: რამდენად მჭიდროდ უკავშირდება ამერიკის საარჩევნო პოლიტიკა იდენტობის პრობლემას? ანუ, ჰილარი კლინტონს ხმას იმიტომ ვაძლევთ, რომ ის ქალია? ასეთივე შეკითხვა შეიძლება დავსვათ ბარაკ ობამას შემთხვევაშიც."

რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელი კორესპონდენტი ჰეზერ მაჰერი ამ საკითხებზე ესაუბრა დიუკის უნივერსიტეტის რასის, ეთნოსისა და სქესის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს პოლა მაკკლეინს, რომელიც, სხვათა შორის, შავკანიანია. მაკკლეინი ვითარებას ასე აფასებს:

[პოლა მაკკლეინის ხმა] "მე ვარჩევდი, ფრთხილი ოპტიმიზმი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულ შტატებში ვითარება საკმარისად შეიცვალა საიმისოდ, რათა ბევრმა თეთრმა თუ ლათინური წარმოშობის ამომრჩეველმა ხმა შავკანიან კანდიდატს მისცეს. თუმცა, ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გაურკვეველი."
XS
SM
MD
LG