Accessibility links

logo-print

სომხეთი ახალი პრეზიდენტის მოლოდინში


დღეს სომხეთი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. საქართველოსგან განსხვავებით, მისი მეზობლის შემთხვევაში დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მეთაურის პოსტზე მართლაც ახალ სახეს ვიხილავთ

- ამჟამინდელ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ამ თანამდებობაზე მესამე ვადით კენჭისყრას კონსტიტუცია უკრძალავს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სომხეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდეთ? დავით კაკაბაძეს მოუსმინეთ.

თუ არჩევნებში ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა, მაშინ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სარქისიანი აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის უახლოესი თანამოაზრეა და ეს უკანასკნელი მას აქტიურად უჭერს მხარს. თუ წარმატება რომელიმე სხვა კანდიდატმა მოიპოვა - რაც, აქვე უნდა ითქვას, ნაკლებად სავარაუდოა - მაშინ ცვლილებები, ცხადია, მეტად არის მოსალოდნელი.

სერჟ სარქისიანის უმთავრეს მეტოქედ ექსპერტები დამოუკიდებელი სომხეთის პირველ პრეზიდენტს, პოლიტიკურ ასპარეზზე ათწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებულ ლევონ ტერ-პეტროსიანს მიიჩნევენ. შაბათს მან და მისმა მომხრეებმა ერევნის ცენტრში მრავალათასიანი მიტინგი მოაწყვეს, კვირას კი ტერ-პეტროსიანმა ინტერვიუ მისცა რადიო "თავისუფლების" სომხურ სამსახურს. ამ ინტერვიუში სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდა, გამარჯვება მას დარჩება. მაგრამ ტერ-პეტროსიანს, როგორც ჩანს, ეჭვი არ ეპარება, რომ ხელისუფლება კენჭისყრის შედეგებს გააყალბებს. ისევე, როგორც ეს ამ თვენახევრის წინათ საქართველოში მოხდა, როცა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ჯერ კიდევ კენჭისყრამდე განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართებოდა, ტერ-პეტროსიანმაც წინასწარვე მოუწოდა თავის მომხრეებს, არჩევნების მეორე დღეს ქუჩაში გამოვიდნენ:

[ლევონ ტერ-პეტროსიანის ხმა]: "თქვენთან ერთად, ჩვენ გამოვიყენებთ კანონით მონიჭებულ ყველა საშუალებას, რათა გავაპროტესტოთ კენჭისყრის შედეგების გაყალბება, მოვითხოვოთ და მივაღწიოთ შედეგების გადასინჯვას. არც ერთი ჩვენგანი არ წავა შინ, ვიდრე გამარჯვებას არ დავიბრუნებთ."

ეს მოწოდება ლევონ ტერ-პეტროსიანმა შაბათს, ერევანში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე გააკეთა. კვირას სომხეთის დედაქალაქში ასეთივე მიტინგი მოაწყო სერჟ სარქისიანმაც. დღევანდელი კენჭისყრის ფავორიტი თავდაჯერებული წარდგა ათეულათასობით მომხრის წინაშე:

[სერჟ სარქისიანის ხმა]: "მე მთელი ერის პრეზიდენტი ვიქნები. ვიქნები იმათი პრეზიდენტი, ვინც მხარი დამიჭირა და იმათიც, ვინც ხმა სხვა კანდიდატებს მისცა."

სარქისიანისა და ტერ-პეტროსიანის გარდა პრეზიდენტობის კანდიდატად კიდევ შვიდი პრეტენდენტია რეგისტრირებული. მათ შორის ზემოხსენებული დუეტის ყველაზე სახიფათო მეტოქედ მიმომხილველები მიიჩნევენ არტურ ბაღდასარიანს - პარლამენტის ყოფილ სპიკერსა და ნატოში სომხეთის გაწევრიანების მომხრეს.

თუმცა, ისევ სარქისიან-ტერ-პეტროსიანის მოსალოდნელ ორთაბრძოლას დავუბრუნდეთ. რადიო "თავისუფლებამ" ამ ორი ფავორიტის შანსების შეფასება სთხოვა ერევნის გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს სტეპან გრიგორიანს.

[სტეპან გრიგორიანის ხმა] "რობერტ ქოჩარიანის მმართველობა ჩვენში ყარაბაღის კლანის მმართველობასთან ასოცირდება. საერთოდ, ეს ტერმინი არ მიყვარს, მაგრამ ის ჩვენში მყარად არის გამჯდარი. რა რაკი სერჟ სარქისიანიც ყარაბაღელია, ჩემი აზრით, ეს უარყოფითი დამოკიდებულება მასზეც გავრცელდება. ხალხი ასე ფიქრობს: "ეს ის ჯგუფია, რომელიც ქვეყნის მართვას ავტორიტარულად განაგრძობს და ჩვენ ეს არ გვსურს." ამიტომ, ტერ-პეტროსიანის სარეიტინგო მაჩვენებელში საპროტესტო ხმების წილიც უნდა ვიგულისხმოთ. ანუ, მას ხმას მისცემენ არა მარტო მისი მომხრეები, არამედ ისინიც, ვინც დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგია."

კიდევ ერთი ექსპერტი, ერევანში მოქმედი კავკასიის მედიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ისკანდერიანი ფიქრობს, რომ დღევანდელი არჩევნები არაერთი დარღვევით აღინიშნება, თუმცა, გამორიცხული არ არის, კენჭისყრამ მკვეთრად უარყოფითი შეფასება არ დაიმსახუროს.

[ალექსანდრ ისკანდერიანის ხმა] "რაც შეეხება ხმების მოსყიდვას, გლეხებისთვის თესლის დარიგებას, ბიზნესმენთა მიერ საკუთარი ხელქვეითების დაყოლიებას, სახელმწიფო მოხელეებზე გავლენის მოხდენას - ანუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას - ეჭვგარეშეა, რომ ამ ყველაფრის მოწმენი გავხდებით. მეტიც, კანდიდატ სარქისიანისთვის - ერევანში მაინც - ეს ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი იქნება. ამდენად, შესაძლოა, არჩევნები შეაფასონ, როგორც მისაღები, რადგან ბევრი რამ გაკეთდება არჩევნებამდე და არა უშუალოდ არჩევნების დროს. ეს ფალსიფიკაციის განსხვავებული ხარისხები, განსხვავებული გზებია."

დაბოლოს, ვიტყვით, რომ სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებს თვალს ადევნებს რამდენიმე ასეული უცხოელი მეთვალყურე ეუთოდან, ევროპის საბჭოდან, დსთ-იდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
XS
SM
MD
LG