Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სატელევიზიო სივრცე ცვლილებების მოლოდინში


პოლიტიკური დაპირისპირების პროცესმა საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ცვლილებების მოლოდინი მოიტანა.

ნოემბრის მოვლენების შემდეგ მაყურებელი ამაოდ ელის ”ტელეიმედის” ეთერში დაბრუნებას - იქ ჯერ მესაკუთრის საკითხია გასარკვევი. ამასობაში კი, პოლიტიკური დაპირისპირების საგნად ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” იქცა... თუმცა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შეწყვეტის პირობებში, როდის და რამდენად მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლასთან დაკავშირებით, გაურკვეველია.

დავიწყოთ ”ტელეიმედით”. მისმა გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა, რომელსაც ოთხშაბათს თურქეთის დედაქალაქში, სტამბულში, დავუკავშირდით, არ დაადასტურა გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ სტამბულში მიმდინარეობს გადამწყვეტი მოლაპარაკება ”ნიუსკორპორეიშენთან” მისთვის ”ტელეიმედის” აქციების მიყიდვის თაობაზე:

[ბიძინა ბარათაშვილის ხმა] ”ერთი მხარეა აქა - ამერიკელების. ბადრი ცოცხალი აღარ არის და მისი ნათესავები აქ არ არიან. ვის უნდა ელაპარაკონ? ეს არ არის მოლაპარაკება. ეს არის ყოველწლიური შეხვედრა ”ნიუსკორპის”. შარშანაც ვიყავით აქ. აქ არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ”

ბიძინა ბარათაშვილმა გვითხრა, რომ არაფერი იცის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის განზრახვაზე, სათავეში ჩაუდგეს ”ტელეიმედს”, რის შესახებაც ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტო იტყობინება. ბიძინა ბარათაშვილი მხოლო იმას ამბობს, რომ პატარკაციშვილის მეუღლეს სრულიად თამამად შეუძლია ეს საქმე იტვირთოს.

მოკლედ, ”იმედის” გარშემო ვითარება ისევ ბუნდოვანია. ტელეკომპანია, რომლის მუშაობის შეჩერებაც საქართველოში პოლიტიკურ დაპირისპირებას დაუკავშირდა, იმდენად აღარ იპყრობს საზოგადოების - პირველ რიგში კი, პოლიტიკოსების - ყურადღებას. ამჟამად საქართველოს ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” უფრო აინტერესებს და სააკაშვილის პოლიტიკური ოპოზიციის ყურადღებაც აქეთკენ არის მიმართული. ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ერთ-ერთი პირობაც ხომ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელის სასწრაფოდ თანამდებობიდან გათავისუფლებაა.

განმარტება, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების პრინციპული თანხმობა არსებობს, ოპოზიციას არ აკმაყოფილებს. მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ზვიად ძიძიგურმა, ახლახან სწორედ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში თქვა: არ მაინტერესებს, რომ ჯერ სამეთვალყურეო საბჭოა დასაკომპლექტებელი, რომ სწორედ საბჭომ უნდა აირჩიოს ახალი დირექტორიო.

ოპოზიცია ჩქარობს და მისთვის არგუმენტი არ არის ის, რომ ხელმძღვანელის შეცვლა დადგენილი პროცედურების მიხედვით უნდა მოხდეს. მას ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეწყვეტილი აქვს, პროცესი კი ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით ვითარდება... პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 235 -მა პირმა შეიტანა განაცხადი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე.

ამ 235-კაციანი სიიდან პრეზიდენტმა ათი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს 27 კაციანი ჯგუფი, საიდანაც პარლამენტი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვო საბჭოს დაამტკიცებს. ნახსენებ სიაში ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილიც არის.

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ”მე რა პრეტენზიაც მაქვს - არის საკითხები, რაც არ შუქდება, როგორიც არის რეგიონების საკითხები, სოციალური პრობლემები. რაღაც საკითხების მარგინალიზება მოხდა. კომერციულ ტელევიზიებს ასე მკაცრად ვერ განსჯი, ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ყველა სოციალური ჯგუფის ყველა ინტერესი უნდა ასახოს.”(სტილი დაცულია)

სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიდის. ”ვფიქრობ, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გარშემო რაღაც საინტერესო ხდება. დირექტორად, ჩემი აზრით, უნდა იქნეს შერჩეული პოლიტიკური პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც შეეძლება მოსმენა, რომელიც იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური”, ამბობს ლელა გაფრინდაშვილი. სამეურვეო საბჭოს წევრობაზე, როგორც უკვე ვთქვი, სულ 235 ადამიანი აცხადებს პრეტენზიას. მათი სია უკვე გამოქვეყნდა. სიაში არიან: ნინო დანელია, იაგო კაჭკაჭიშვილი, დათო ტურაშვილი, ნუკრი ქანთარია, პაატა ვეშაპიძე, ზაზა ფირალიშვილი, მამუკა არეშიძე, ლალი ბადურაშვილი, ეთერ კაკულია, ირაკლი დოკვაძე და სხვები - საზოგადოებისთვის ცნობილი და უცნობი ადამიანები.

უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ საბჭოს კონსენსუსის პრინციპით დაკომპლექტებისთვის საჭიროა მხარეთა შორის მოლაპარაკების განახლება. 20 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ უმრავლესობის წევრებთან აწარმოებდა კონსულტაციებს პარლამენტში, ოპოზიცია კი შიმშილობის აქციის დასაწყებად ემზადებოდა.
XS
SM
MD
LG