Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რატომ მალავს თავდაცვის უწყება ერაყში ქართველი კაპრალის დაღუპვას” - ”რეზონანსი”


”რატომ მალავს თავდაცვის უწყება ერაყში ქართველი კაპრალის დაღუპვას” - ”რეზონანსი” ინტერესდება ამ თემით

და წერს, რომ ”ერაყში ქართველი სამხედრო ჯამბულ მგელაძე დაიღუპა. ეს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის ბოლოს ვასიტის პროვინციის დედაქალაქ ალ კუტში მოხდა. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მესამე ბრიგადის კაპრალის დაღუპვის მიზეზი საგზაო შემთხვევა იყო. ”რეზონანსის” წყაროს განცხადებით კი, ერაყელმა მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ ჯარისკაცებს საგუშაგოზე, რომლის დროსაც მგელაძე დაიღუპა”, - წერს ”რეზონანსი”, რომლის კორესპონდენტთან საუბარში ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილს განუცხადებია: ”თავად ის, რომ ეს ფაქტი არ გახმაურდა, არაა კარგი. როდესაც ასეთი უბედური შემთხვევა ხდება და საზოგადოება ამას არ იგებს თავდაცვის სამინისტროდან, ეს ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. ” სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კი ამბობს: ”პირველ რიგში, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სისუსტე, რომელსაც არ შეუძლია სწორი ფორმით და დროულად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. ესეც საბჭოთა გადმონაშთია, როდესაც ყველაფერი იმალებოდა, რაც კი ჯარში ხდებოდა.”

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ 7 ნოემბრის აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული და უკვე გათავისუფლებული ილია ქოიავასა და ლევან მინაშვილის მონათხრობს.

”აბრაკადაბრა, ანუ ”გარემიქსებული” მემორანდუმი” - ”საქართველოს რესპუბლიკა” ამ სათაურით აქვეყნებს წერილს, რომელიც ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ 21 პუნქტიან მემორანდუმს შეეხება. ”სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ”ნაწარმოების” (დავიბენი. აღარ ვიცი, რა დავარქვა 21 პუნქტად ჩამოწერილ სიტყვების გროვას, ამიტომ მოვიხსენიებ სხვადასხვა სახელით) შექმნის მთავარი მიზანი ოპოზიციის დაბნევა იყოს. სანამ იმ პუნქტებიდან ადამიანი რაიმე აზრს გამოიტანს, გაზაფხულიც მოვა, ჩიტები დაიწყებენ ჟღურტულს. მერე ზაფხულიც დადგება. ზაფხული კი შვებულებების დროა. ვის სცალია მემორანდუმების საკითხავად. შემოდგომაზე მოსავალია ასაღები, ზამთარში კი გაძვირებული გაზის ფული საშოვნელი”, - ასე ეხმაურება ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი ხელისუფლების მემორანდუმს.

”ახალი თაობა” სახალხო დამცველთან ინტერვიუს ბეჭდავს, რომელიც, ძირითადად, ოპოზიციის მემორანდუმში ჩამოწერილ მოთხოვნებს შეეხება. ერთ-ერთზე - ძალოვანი უწყებების მონიტორინგის საკითხზე - სუბარი ამბობს, რომ საჭიროა მუდმივმოქმედი მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა, რომელიც თავიდანვე ძლიერი ფუნქციებით უნდა აღიჭურვოს, ისევე როგორც კომისია, რომელიც უნდა შეიქმნას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ”თუ კომისიას თავიდანვე არ მივცემთ ძლიერ ფუნქციებს, მაშინ მის შექმნას აზრი არ აქვს და მასში მე პირადად აღარ მივიღებ მონაწილეობას. კარგად იცით, რომ ამ კომისიის შექმნა მე მაქვს დავალებული. კანონპროექტზეც ვმუშაობ. ამ კანონპროექტს საზოგადოებას ძალიან მალე წარვუდგენთ”, - ამბობს სოზარ სუბარი, რომელიც საუბრობს აგრეთვე თავისი ბოლო ანგარიშისა და სხვადასხვა დარღვევებზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების შესახებ. ინტერვიუს ბოლოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ მისი უწყება სწავლობს ბადრი პატარკაციშვილის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს. სუბარის აზრით, მთაწმინდის პარკში შეჭრა მოხდა სრულიად უკანონოდ, ისევე როგორც სერიოზული დარღვევები იყო ტელე და რადიო ”იმედთან” დაკავშირებით და ხელისუფლების ქმედება იყო უკანონო.

”შედეგზე ორიენტირებული ლიბერალური რეფორმა” - ”24 საათის” შეკითხვებს განათლების მინისტრი გია ნოდია უპასუხებს. ის განმარტავს: ”ამ წლების განმავლობაში ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკა იყო ის, რომ სტრუქტურული ცვლილებები ძალიან სწრაფად და ეფექტურად მომხდარიყო. ამაზე იყო მთელი აქცენტი და ფიქრი. მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ ამას მწვავე სოციალური რეაქცია არ მოჰყვებოდა. მაგალითად, ისეთი, როგორიც მოჰყვა რეფორმებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც რეფორმატორული მთავრობები მალე შეიცვალა. ახლა ჩანს, ასეთი მიდგომა შეცდომა იყო”, - ამბობს ნოდია და ამავე ინტერვიუში რეფორმებისას დაშვებულ სხვა შეცდომებზეც საუბრობს: ”ჩემი აზრით, საჭირო იყო უფრო მეტი ყურადღებისა და გულისხმიერების გამოჩენა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ რეფორმების გამო დაზარალდა. ხშირად იყო არასწორი რიტორიკა, რომ ყველა, ვინც რეფორმების გამო თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ან კორუმპირებული იყო, ან რეტროგრადი. ეს არც რეალურად არის მართალი და პოლიტიკურადაც არ იყო სწორი ნაბიჯი.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG