Accessibility links

logo-print

საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში


ოთხშაბათს დილას გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა.

მაგრამ მეორე ადგილზე გასული ლევონ ტერ პეტროსიანი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგი გაყალბებულია. ზოგიეთრი მიმომხილველის აზრით, გარკვეული მსგავსება არის სომხეთის არჩევნებსა და საქართველოში ახლახან გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს შორის.

20 თებერვალს ლიდით სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ დათვლილია ყველა ბიულეტენი და რომ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა სერჟ სარქისიანმა, რომელმაც ხმების 53 პროცენტი მოაგროვა.

კომისის თანახმად, მისმა უახლოესმა მეტოქემ, ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ პეტროსიანმა 21,5 პროცენტი მიიღო. პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა არტურ ბაღდასარიანმა კი, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა, - 16,6 პროცენტი.

ტერ პეტროსიანი აცხადებს, რომ კენჭისყრა უხეში დარღვევებით ჩატარდა. ადგილი ჰქონდა ყალბი ბიულეტენების ჩაყრას, მის მომხრეებზე ფიზიკურ ზემოქმედებას და ცემას.

ამასვე ადასტურებს ჩვენი რადიოს სომხური რედაქციის დირექტორი ჰრაირ თამრაზიანი:

"ვერ წარმოიდგენთ, რა იყო ეს. ასეთი რამ სომხეთში ჯერ არ მომხდარა. დარღვევების მასშტაბი უპრეცედენტოა. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ყველა ოპოზიციური ძალის კონსოლიდაცია. ეს შეიძლება რამდენიმე დღეში მოხდეს. და თუ ეს მოხდება, სერჟ სარქისიანისთვის ძალიან რთული იქნება ვითარების გაკონტროლება."

ტერ პეტროსიანის მომხრეებმა დღეს ერევნის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გამართეს.

სომხეთის ხელისუფლება უარყოფს საარჩევნო პროცესის მანიპულირებას.

სომხეთში გამართული არჩევნების სცენარი - გამარჯვებულთა მიერ მოპოვებული ხმები, ოპოზიციის ბრალდებები და მოთხოვნები - მთელი რიგი ფაქტორებით ჩამოჰგავს საქართველოში ახლახან ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებისას.

თუმცა, ჰრაირ თამრაზიანის აზრით, განსხვავებულად წარიმართა წინასაარჩევნო პროცესი:

"თუკი საქართველოში საზოგადოებრივი ტელევიზია რამეს მაინც აჩვენებდა ოპოზიციის შესახებ, სომხეთში ტერ პეტროსიანმა ვერცერთ ტელეარხზე ვერ მოახერხა გამოსვლა და თავისი პროგრამის შესახებ საუბარი. საზოგადოებივი ტელევიზია 24 საათის განმავლობაში ლანძღავდა ტერ პეტროსიანს. აი, ეს არ ყოფილა საქართველოში. საქართველოში საზოგადოებრივი ტელევიზიით ოპოზიციის ლიდერს რაღაცაზე ლაპარაკის საშუალება მაინც ჰქონდა. სომხეთში ეს საერთოდ არ ყოფილა. აი, ეს არის სხვაობა."

დღეს გამოქვეყნდა ეუთოს განცხადება, რომელშიც არჩევნები ძირითადად საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში ჩატარებულადაა შეფასებული. თუმცა, განცხადების თანახმად, აუცილებელია გაუმჯობესება.

მიმავალმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს სარქისიანს დაუჭირა მხარი, უკვე მიულოცა მას გამარჯვება და განაცხადა, რომ კენჭისყრა თავისუფალი და სამართლიანი იყო.

კენჭისყრაში 69 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში, 2003 წელს, ეს მაჩვენებელი 61,9 პროცენტი იყო.
XS
SM
MD
LG