Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო: ჯობია თუ არა განქორწინება იძულებით ქორწინებას?


ბალკანეთში მიმდინარე მოვლენების შემყურე ბევრი მიმომხილველი ფიქრობს, შეძლებს თუ არა კოსოვო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით არსებობას

და მისცემს თუ არა სერბია მას ამის საშუალებას. როგორც მიმომხილველთა ნაწილი, მათ შორის ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი, ნენად პეიჩი მიიჩნევს, ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალია, თანაარსებობის გზების ძიება.

ბევრნი ფიქრობენ, რომ კოსოვოში პრობლემები 1999 წელს დაიწყო, როცა დიქტატორმა სლობოდან მილოშევიჩმა ასიათასობით კოსოვოელი ალბანელი აიძულა, დაეტოვებინა კოსოვო. ეს კამპანია ნატოს საჰაერო დარტყმებით დასრულდა და საბოლოოდ პრიშტინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მაგრამ სინამდვილეში სერბებსა და ალბანელებს შორის დაპირისპირებას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და ის ასე იოლად არ ჩაივლის. კოსოვო, შესაძლოა მორიგ "გაყინულ კონფლიქტად" იქცეს.

სერბიის ისტორიაში კოსოვოს მითოლოგიზაციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის სერბიის სამეფოს ეკუთვნოდა მე-14 საუკუნის ბოლომდე, როცა ის თურქების წინააღმდეგ დამარცხდა.

მას მერე სერბებს არასოდეს შეუწყვეტიათ კოსოვოში დაბრუნების ოცნება.

1912 წელს, ბალკანეთის პირველ ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ კოსოვო სერბიას დაუბრუნდა. სერბებისთვის ეს საკუთარი კულტურის აკვანში დაბრუნება იყო, იქ მცხოვრები ალბანელებისთვის კი ოკუპაციის ახალი რაუნდი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის კომუნისტმა ლიდერმა, იოსიპ ბროზ ტიტომ შეიმუშავა სპეციალური ფედერალური ფონდი, რომლის მიზანი იყო, ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკების დაფინანსებით მომხდარიყო კოსოვოს ეკონომიკის განვითარება.

ეს გეგმა არასოდეს განხორციელებულა. ფინანსები უმიზნოდ იხარჯებოდა.

კოსოვოს სტაგნაციის მეორე მიზეზი ცივი ომი გახლდათ. ამ პირობებში ტიტო ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა და კოსოვოსთვის ნაკლებად ეცალა. სამაგიეროდ ტიტომ კოსოვოს პრობლემა იურიდიულად მოაგვარა.

ჩვენი რადიოს ანალიტიკოსის, ნენად პეიჩის თქმით, "1974 წლის კონსტიტუცია აღიარებს კოსოვოს ავტონომიურ სტატუსს და პროვინციას თვითმმართველობის დე ფაქტო უფლებებს ანიჭებს. ის იყო ფედერალური სისტემის ნაწილი სხვა რესპუბლიკებთან თანასწორი უფლებებით. ამას ალბანელები ახლა დამოუკიდებლობის სამართლებრივ არგუმენტად იყენებენ."

ამავე დროს კოსოვო იყო სერბიის ნაწილი, როგორც მისი ავტონომიური პროვინცია. ამას კი სერბები იყენებენ კოსოვოს დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო სამართლებრივ არგუმენტად.

ტიტოს გარდაცვალების შემდეგ წონასწორობა დაირღვა. ალბანელებმა ამბოხება მოაწყვეს და იუგოსლავიის მეშვიდე რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვეს. სერბულმა მოსახლეობამ პროვინციის დატოვება დაიწყო.

კოსოვოს გარშემო ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის პერიოდში. 1987 წელს მილოშევიჩი კოსოვოელ სერბებს დაჰპირდა, რომ მათ ვეღარავინ დაჩაგრავდა. ორი წლის მერე ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ კი მილოშევიჩმა გააუქმა კოსოვოს ავტონომია.

ეს სამართლებრივი პროცესი შემდეგაც გაგრძელდა 2006 წლის რეფერენდუმში კოსოვო სერბიის ნაწილად იქნა აღიარებული. სერბია გამარჯვებას ზეიმობდა, მაგრამ ეს დიდი ბიძგი იყო სეპარატისტებისთვის და კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის.

"სერბიას არასოდეს უცდია კოსოვოელი ალბანელების გულისა და გონების მოგება. მას პირველ რიგში მიწა აინტერესებდა და არა სერბიაში მცხოვრები 2 მილიონი ალბანელი. მაგრამ როგორ შეიძლება იმ ტერიტორიის გაკონტროლება, რომელზეც 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს? მხოლოდ ნატოს საჰაერო რეიდებმა შეუშალეს ხელი სერბიის რადიკალური ჩანაფიქრის განხორციელებას - კოსოვოდან ალბანელების გაძევებას," ამბობს ნენად პეიჩი.

კოსოვოს პრობლემის მოგვარების უკანასკნელი შანსი იქნა დაკარგული 2003 წელს, პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობით.

დამოუკიდებლობის რა შანსები აქვს კოსოვოს? საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღება საკმაოდ სწრაფად მოხდება. დონორები და ინვესტორებიც მალე გამოჩნდებიან. კოსოვოს ამჟამინდელ ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ეკონომიკური განვითარების გარეშე ქვეყანას ვერ ექნება სტაბილური მომავალი.

"კოსოვოც და სერბიაც უგულებელყოფდნენ ეკონომიკურ რეალობებს და ამის ნაცვლად დამოუკიდებლობის საკითხზე იყვნენ კონცენტრირებული. და ამას ორივე მხარე იშველიებდა საბუთად რეალური, ღრმა სოციალური პრობლემების სამომავლოდ გადასადებად. ახლა რეალობისთვის თვალის გასწორების დროა. სერბია დიდ შეცდომას დაუშვებს, თუკი გადაწყვეტს კოსოვოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად იზოლაციას," გვითხრა პეიჩმა.

ასეთი ნაბიჯი კოსოვოს კიდევ უფრო მეტად ჩამოაშორებდა სერბიას. თუმცა არც კოსოვომ არ უნდა იჩქაროს სერბიისგან მთლიანად მოწყვეტა. მხარეებმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცონ, რომ ცივილიზებული განქორწინება მართლაც ჯობია ნაძალადევ ქორწინებას.
XS
SM
MD
LG