Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა

  • ნიკო ნერგაძე

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება კვლავ ქართული პრესის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

დღევანდელი ”ალიას” პირველი გვერდი მთლიანად ეთმობა თემას: ”ბადრის ანდერძი”. ანდერძის ტექსტი გაზეთს არ მოჰყავს, მაგრამ ”ალია”, დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ, ანდერძის მიხედვით, ბიზნესმენის ქონებას მისი მეუღლე და ქალიშვილები გადაინაწილებენ. იმავე წყაროს ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილი ანდერძში მეუღლეს უტყდება, რომ მას ქორწინების გარეშე ვაჟი, დავით პატარკაციშვილი, ჰყავს; ამბობს, რომ დავითი უკვე ყველაფრით უზრუნველყოფილია და სთხოვს შეუნდოს და ვაჟი შვილებს გააცნოს. ამ ინფორმაციას, გაზეთის თქმით, ადასტურებენ ბიზნესმენის მეგობრები დ პარტიის წევრები. ”ალია” წერს, რომ ლონდონში პატარკაციშვილის დას, ნანასაც, დაუკავშირდნენ, რომელმაც გაზეთს სთხოვა დაკრძალვამდე ამ საკითხის გაშუქებისგან თავი შეეკავებინა. სტატია ასე იწყება: ”არაკაცებისგან განსხვავებით, ბადრიმ ისე იცხოვრა, რომ იგი სიკვდილის შემდეგაც არ მოკვდა! ხოლო ის, ვისაც სიკვდილი კარზე მოადგა და სირცხვილი დაკარგა, სააკაშვილის მონობაში გადიდკაცდა...”

”24 საათი” კი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების დღევანდელ შეხვედრაზე წერს. გაზეთი ამასთან დაკავშირებით ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელმძღვანელს დავით დარჩიაშვილს გაესაუბრა, რომელმაც თქვა: ”ვფიქრობ, კოსოვოს პრეცედენტის მიუხედავად, რომელიც რუსეთს საკმაოდ აღიზიანებს, მოსკოვი თბილისის მიმართ გარკვეულ დათმობებზე წავა. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ეს მის ინტერესებში შედის.”

”24 საათში” აგრეთვე წაიკითხავთ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მოსაზრებას. ავტორი წერს, რომ პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ ოპოზიციას დასაყდრენი გამოეცალა, რადგან ”ნოემბრის დემონსტრაციები, ისევე როგორც ოპოზიციის ყველა მომდევნო აქცია, პატარკაციშვილის პროექტი იყო და ამ პროექტის მონაწილე, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც ხელისუფლების მიმართ პროტესტი დაუგროვდა.” ავტორი ასკვნის: ”ჯერჯერობით ოპოზიციის ერთადერთი ძალა მისი ერთიანობაა. მაგრამ, ამ გაერთიანების სრულიად ეკლექტურ ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, ცხადი გახდება, რომ ეს ერთიანობაც ეფემერულია და მაქსიმუმ საპარლამენტო არჩევნებამდე გასტანს. ამიტომ უკვე დროა, თითოეულმა პარტიამ საკუთარი თვითგამორკვევისა და დამკვიდრებისათვის დაიწყოს ბრძოლა.”

”ყველა სიახლე” კი აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან. ”სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს ორივეჯერ ქვეყანა რეალურად გადავარჩინე სისხლისღვრას და სამოქალაქო დაპირისპირებას”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე და განაგრძობს: ”ამ კონკრეტულ მაგალითებს კიდევ სამს დავამატებ: ანუ ქვეყანა სისხლისღვრისაგან ხუთჯერ ვიხსენი.” ჟურნალისტი კითხულობს: ”ეს ორი ფაქტი გასაგებია, იქნებ დანარჩენ სამზეც გვითხრათ რამე.” - ”ამის დროც მოვა... ყველაფერი რომ ახლა ვთქვა, შემდეგი ინტერვიუ საინტერესო აღარ იქნება”, - უპასუხებს ნინო ბურჯანაძე. ინტერვიუს სრული სახით დღევანდელ ”ყველა სიახლეში” წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG