Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში მღელვარება არ ცხრება


სომხეთში მღელვარება არ ცხრება. 19 თებერვლის შემდეგ, რაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ყოფილი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერები მრავალათასიან მიტინგებს ყოველდღე მართავენ.

ოპოზიციის მხარეს გადადიან გავლენიანი მაღალჩინოსნები. ერევანში კარვები გაიშალა. სომხები ქართველების მაგალითსაც იხსენებენ.

ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, კარვებია გაშლილი. უჩვეულოდ ცივი ზამთრის მიუხედავად, რამდენიმე ათეული მომიტინგე სწორედ ამ კარვებში ათევს ღამეს. ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი ოპოზიციის ყველაზე გამოკვეთილი ლიდერის, ლევონ ტერ-პეტროსიანის, მომხრეები უკან დახევას არ აპირებენ და ვარდებისა თუ ნარინჯისფერი რევოლუციის მაგალითებით იმხნევებენ თავს:

(მომიტინგე მამაკაცის ხმა) "მეკითხებიან, რატომ ხარ აქ, წადი სახლში, დაისვენე, ნახე როგორ ცივაო... მაგრამ მე ვუპასუხებ: არა! ქართველებსაც სციოდათ, უკრაინელებსაც... მაგრამ ისინი არ დაშლილან, მზად იყვნენ გაყინულიყვნენ გამარჯვებისთვის... და მეც მზად ვარ. აქ ჩემი ხალხია!"

სომხეთის დედაქალაქში მიტინგები 19 თებერვლის არჩევნებამდე, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროსაც იმართებოდა, მაგრამ მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგები დაახლოებით 24 საათში დააჯამა და დაასკვნა, რომ სომხეთის მომავალი პრეზიდენტის პოსტს, ხმების დაახლოებით 53 პროცენტით, პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი დაიკავებს. ოპოზიციის გამორჩეულ ლიდერს, ლევონ ტერ-პეტროსიანს, ოფიციალური მონაცემებით, ხმების მხოლოდ 21,5 პროცენტი ერგო. შედეგებით სასტიკად აღშფოთდა ოპოზიცია, რომელმაც კატეგორიული მოთხოვნები ჩამოაყალიბა:


(ჰრაირ თამრაზიანის ხმა) "გაუქმდეს არჩევნების შედეგები და არჩევნები ჩატარდეს ხელახლა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები სომხეთში ვერ შედგა. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ამ არჩევნებს, უბრალოდ, ხელისუფლების მორიგი ღონისძიება უწოდა."


ეს გახლდათ რადიო ”თავისუფლების” სომხური სამსახურის ხელმძღვანელი ჰრაირ თამრაზიანი. ის ამბობს, რომ ხელისუფლებას დღითი დღე სულ უფრო მეტი ადამიანი უპირისპირდება. ის კი არა და, ტერ-პეტროსიანის მხარეს გადადიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. 21 თებერვალს ოპოზიციის რიგებს შეერია სომხეთის თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე; 22 თებერვალს კი მათ მესამე გენერალი და გენერალური პროკურორის მოადგილეც მიჰყვნენ.

(მომიტინგეთა შეძახილები) "ლევონ, ლევონ, ლევონ...”

რით იზიდავს მათ ტერ-პეტროსიანი, რომლის მმართველობის წლებს სომხეთში არცთუ უღრუბლო მოგონებები უკავშირდება? – ამ შეკითხვაზე თამრაზიანს ასეთი პასუხი აქვს:

(ჰრაირ თამრაზიანის ხმა) "ის ანტიკომუნისტი იყო, მეტად აქტიური სტუდენტობისას. ციხეშიც კი იჯდა რამდენჯერმე, დისიდენტი იყო. ის ცნობილი მეცნიერია, აღმოსავლეთმცოდნე... ფლობს 10 უცხო ენას, მათ შორის, მკვდარ ენებსაც. ძალიან კარგად ფლობს ფრანგულს... ის ინტელიგენტი ადამიანია... მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სწორედ ტერ-პეტროსიანის ხელისუფლების დროს ჩაისახა ახალგაზრდა სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი არაერთი სენი, მაგალითად – კორუფცია, ბიუროკრატია და ფალსიფიკაცია... დიახ, ფალსიფიკაციაზე საუბრობდნენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელზეც ის მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი, 1996 წელს."

იმას, რომ ლევონ ტერ-პეტროსიანმა ამდენი ხალხი შემოიკრიბა, მეთვალყურეები მხოლოდ მისი ქარიზმით ან 10 ენის ფლობით არ ხსნიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ხალხს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი არ აკმაყოფილებდა და, შესაბამისად, არც მის მემკვიდრედ დასახელებული სერჟ სარქისიანი სურდა პრეზიდენტად.

თუმცა სარქისიანი მომიტინგეების ნება-სურვილზე სიარულს არ აპირებს. მან გამარჯვება უკვე იზეიმა და ახლა ოპოზიციის მხარდამჭერებს აფრთხილებს კიდეც: თუ წესრიგს დაარღვევთ, სახელმწიფო იძულებული იქნება, ძალა გამოიყენოსო... ვრცელდება ცნობა, რომ ხელისუფლება მომიტინგეებს, იმისათვის რომ ერევანში ვერ ჩააღწიონ, გზებს უკეტავს; შეწყვეტილია ტრანსპორტის მოძრაობა. თუმცა სომხეთიდან იმასაც იუწყებიან, რომ ხალხი რეგიონებიდან დედაქალაქში ფეხით ჩასვლასაც კი არ ერიდება.



  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG