Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წინააღმდეგობებს წააწყდა მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების ”რევოლუციური” პაკეტი


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში იმ კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა დაიწყეს, რომლებიც მთავრობის მიერ მომზადებული ”რევოლუციური ცვლილებების” საფუძველს წარმოადგენს.

განხილვებისას ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა არა მარტო ოპოზიციის, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სახით. რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებების ”რევოლუციური პაკეტი” და რა წინააღმდეგობებს წააწყდა ის?

მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ”რევოლუციური პაკეტის” მთავარი მიზანი, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, სიღარიბის დაძლევაა. საკანონმდებლო ცვლილებები საშემოსავლო გადასახადის 25-დან 15 პროცენტამდე შემცირებას და სხვა საგადასახადო ცვლილებებს ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიზნად ისახავს აგრეთვე საქართველოს საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ეროვნული ბანკის რეფორმირებას.

”რევოლუციური პაკეტის” მიხედვით, ეროვნულ ბანკს ინფლაციის რეგულირების მისია დაეკისრება, ხოლო კომერციული ბანკების ზედამხედველობას სხვა უწყება განახორციელებს. ეს ცვლილება სერიოზული დაპირისპირების მიზეზად იქცა არამარტო ოპოზიციასა და მთავრობას შორის.

[ისმის ხმაური]

ასეთი ხმაური ისმოდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ კანონპროექტთა მეორე მოსმენით განხილვისას. გარდა ოპოზიციის წარმომადგენელ ზურაბ ტყემალაძისა, რომელმაც კანონპროექტის განხილვის გადადებაც კი მოითხოვა, კანონპროექტი კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ჭოლაძემაც გააკრიტიკა. მან, კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკის ბაზაზე შექმნილი ორი საჯარო უწყების კონტროლის მექანიზმში კონტროლის პალატის როლი ვერ აღმოაჩინა:

[ლევან ჭოლაძის ხმა] ”გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილება და ვერავინ ამ უფლებამოსილების წინააღმდეგ ვერ წავა და ჩვენ აუცილებლად შევამოწმებთ თითოეულ თეთრს, რომელიც ხალხის ფულით და ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება.”(სტილი დაცულია)

კონტროლის პალატის თავმჯდომარის ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კოვზანაძემ:

[ირაკლი კოვზანაძის ხმა] ”კონტროლის პალატას აქვს ობიექტური შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს.”

ასე არ ფიქრობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი:

[გია ხუროშვილის ხმა] ”ჩვენ გვყავს მაღალი კვალიფიკაციის და მაღალი სანდოობის საერთაშორისო აუდიტი, რომელმაც უნდა განახორციელოს ეს ფუნქცია და ახლა პარალელური კონტროლი ნამდვილად დაუშვებელია.”

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კანონპროექტთა პაკეტს საქართველოს პარლამენტის სესია მეორე მოსმენით უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის გარდა, მთავრობის მიერ მომზადებული ”რევოლუციური პაკეტი” მიზნად ისახავს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის აზრით, ამ პროექტებმა 50 დღის მანძილზე სიღარიბის დაძლევის საფუძველი უნდა შექმნას:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ჩვენ გვევალება ძალიან ბევრი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ ამ 50 დღის მანძილზე და, ბუნებრივია, ეს არის ანგარიშვალდებულების ხარისხი. ჩვენ პერიოდულად ჩავაბარებთ ანგარიშს ამ პროგრამის მსვლელობაზე, მისი ცალკეული კომპონენტების პროგრესზე და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)

მთავრობის ძალისხმევა, 50 დღის მანძილზე ცვლილებების ”რევოლუციური პაკეტით” დაუპირისპირდეს სიღარიბეს, ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, კომენტარი:

[გიორგი გუგავას ხმა] ”პროგრამა, რომელიც წარმოადგინა ხელისუფლებამ, ითვალისწინებს რეალურად ქვეყნის გაღატაკებას და მოსახლეობის კიდევ უფრო უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში ჩაყენებას.”(სტილი დაცულია)

მთავრობა ირწმუნება, რომ პესიმისტების პროგნოზები არ გამართლდება და პროგრამის განხორციელების, ანუ 50 დღის, შემდეგ საქართველოში სულ სხვა ეკონომიკური ვითარება ჩამოყალიბდება.
XS
SM
MD
LG