Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი 735-ე გამოშვება

წამყვანი:
ძვირფასო მსმენელებო, ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალში დღეს თავდაპირველად დევნილების ბედზე ვისაუბრებთ: კოსოვოს ამბავმა, ბუნებრივია მათი, კონფლიქტების მოგვარების მომლოდინე ადამიანების რეაქციაც გამოიწვია. შემდეგ თქვენს ყურადღებას აბრეშუმის გზას, მის ისტორიას და განახლების პერსპექტივას მივაპყრობთ. დაბოლოს, მოისმენთ ინფორმაციას, რომელიც წინასწარ არის ცნობილი ოსკარებით დაჯილდოვების მოახლოებულ ცერემონიასთან დაკავშირებით. გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.

[მუსიკა]

ერთი ფიცრულის ამბავი და
,,კომპაქტურად ჩასახლებულთა” ფიქრები კოსოვოსა და აფხაზეთზე

წამყვანი:
,,კომპაქტურად ჩასახლებული” და ,,კერძო სექტორში განსახლებული” იძულებით გადაადგილებული პირები - ასე მათ ოფიციალურ დოკუმენტებში უწოდებენ. ლტოლვილებად მათ ქუჩაში და ყოველდღიურ საუბარში მოიხსენიებენ, ისინი კი საკუთარ თავს დევნილებს უწოდებენ. 15 წელიწადია დევნილები თავიანთი ბედის გადაწყვეტას ელიან და მრავალი თვალსაზრისით... კოსოვოს ამბავმა ვნებათაღელვის ახალი ტალღა დაძრა კონფლიქტების მოგვარების მომლოდინე ადამინებში. რა მოჰყვება ამ ტალღას... როგორ აირეკლება პოლიტიკოსთა რიტორიკა და განსჯა დევნილების ფიქრებსა და განწყობაზე... როგორია მათი ცხოვრება ამ ფიქრებისა და განცდების ფონზე. ამის გარკვევას მარინა ვაშაყმაძე შეეცადა.

[მარინა ვაშაყმაძის სიუჟეტი: იხ. აუდიოვერსია]
[მუსიკა]

აბრეშუმის გზა: ისტორია და პერსპექტივები

წამყვანი:
ისტორიკოსები ამბობენ, რომ აბრეშუმის გზამ, რომელიც საქართველოზეც გადიოდა და აზიისა და ევროპის სავაჭრო და კულტურულ კავშირს უხსოვარი დროიდან უზრუნველყოფდა, დიდი როლი ითამაშა თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. მის აღორძინებაზე ოთხმოცდაათიანი წლებიდან ალაპარაკდნენ, რამდენიმე დღის წინ კი ევროპისა და აზიის 19 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც აბრეშუმის გზის განახლების რეალურ პერსპექტივას სახავს. ამ ლეგენდარულ გზაზე ჯერ ნიკო ნერგაძე ისაუბრებს.

ნიკო ნერგაძე:
ტერმინი ”აბრეშუმის გზა” პირველად გერმანელმა გეოგრაფმა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენმა იხმარა 1877 წელს. ევროპისა და აზიის კონტინენტების დამაკავშირებელი გზების ეს უდიდესი ქსელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში ჩინურმა ჰანის დინასტიამ შექმნა, თუმცა მარშრუტს, რომელზეც აბრეშუმის გზა გადიოდა, ადამიანები ჯერ კიდევ წინაისტორიული დროიდან იყენებდნენ - საჰარის მცხოვრებლებს შინაური ცხოველები აზიიდან ჩვენს წელთაღრიცხვმდე ექვსი ათას წელს შემოჰყავდათ.

აბრეშუმის გზამ, რომელიც ჩინეთში იწყებოდა და, საქართველოს გავლით, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებამდე ჩადიოდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდი ცივილიზაციების - ჩინეთის, ეგვიპტის, მესოპოტამიის, ირანისა და რომის - განვითარებაში. ამ გზით მოძრაობდნენ ვაჭრები, პილიგრიმები, უბრალო ხალხი - საქონლის გაცვლა-გამოცვლისა და ვაჭრობის გარდა, ერთმანეთის კულტურას და წეს-ჩვეულებებს იზიარებდნენ.

ისტორიკოსი გია ჭანიშვილი ამბობს, რომ საქართველო, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, აქტიურად იყო ჩართული მსოფლიოში მიმდინარე ამ პროცესებში:

[გია ჭანიშვილის ხმა] ”ეს გზა მოემართებოდა ჩინეთიდან, მერე გამოივლიდა ამიერკავკასიას და მტკვრის გაყოლებით, შემდეგ სურამის გადასასვლელით გადადიოდა დასავლეთ საქართველოში, რიონისა და ყვირილას აუზით ჩადიოდა ფაზისამდე და შემდეგ ზღვით ან შავი ზღვის სამხრეთი მიმართულებით გადადიოდა ხმელთაშუაზღვისპირეთის სამყაროში.”

ისტორიული სიმართლის დადგენა ხშირად მარტივი არ არის - სხვადახვა ისტორიკოსები შეიძლება ერთსა და იმავე ფაქტს სხვადასხვაგვარად აღწერდნენ. ”დიდი აბრეშუმის გზისა” და საქართველოს შემთხვევაში ასეთი პრობლემა არ არსებობს. გზის მარშრუტი ზუსტადაა ცნობილი - არსებობს რუკები, რომლებიც მეოთხე საუკუნეში რომაელმა გეოგრაფმა კასტორიუსმა შექმნა:

[გია ჭანიშვილის ხმა] ”ეს არის მსოფლიოს საგზაო რუკა, სადაც არის პირდაპირ დასახელებები. ანუ ეს არ არის მხოლოდ ვიღაცების ნათქვამი, ეს არის დოკუმენტურად დასაბუთებული ფაქტი.”

აბრეშუმის გზას საქართველოსთვის მხოლოდ სავაჭრო და კულტურული კი არა, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. აქ ხომ მეორე გზაც გადიოდა - გზა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ჩრდილოეთიდან წამომავალი გზა ეკონომიკურად მომგებიანი არ იყო - იქიდან მომთაბარე ტომები შემოდიოდნენ, მაგრამ დიდი იმპერიებისათვის - ჯერ რომისთვის და მერე ირანისა და ბიზანტიისთვის - მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს მომთაბარე ტომები არ შემოეშვა ცივილიზებულ იმპერიებში. ქართველი მეფეებიც წარმატებით იყენებდნენ ამ სიტუაციას:

[გია ჭანიშვილის ხმა] ”მაგალითად, მეორე საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვით, მეფე ფარსმანის დროს, როდესაც მას პრობლემა შეექმნა რომთან და დაეძაბა ურთიერთობა, ანტონიონე პიუსის დროს, გახსნა კარები და გადმოუშვა ჩრდილოეთკავკასიელი ტომები, რომლებიც შეესივნენ რომის აღმოსავლეთ პროვინციებს, სომხეთის ნაწილსაც. ამით აჩვენა, რომ მას შეეძლო რაღაც ზემოქმედება მოეხდინა. აქედან გამომდინარე, დათბა ურთიერთობა ქართლსა და რომს შორის.”

”დიდმა აბრეშუმის გზამ” მნიშვნელობა მეთხუთმეტე საუკუნეში, მონღოლეთის იმპერიის დაშლასთან ერთად, დაკარგა. ამ დროს გაწყდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირები. მსოფლიოში გზების ამ ქსელის გაუქმება თანდათანობით ხდებოდა, მაგრამ ზუსტად არის ცნობილი, თუ როდის დაკარგა ამ გზისთვის მნიშვნელობა საქართველომ. 1453 წელს დაეცა კონსტანტინოპოლი. საქართველო ჩიხში მოექცა და ევროპამაც აქ გამავალი გზისადმი ინტერესი დაკარგა.

კონსტანტინოპოლის დაცემიდან დიდი დრო გავიდა. ახსოვთ თუ არა საქართველოში აბრეშუმის გზა? გადავწყვიტეთ ეს ქუჩაში გამვლელებისათვის გვეკითხა.

[გამვლელთა ხმები]
”აბრეშუმის გზის შესახებ არ ვიცი არაფერი გარდა იმისა, რომ მახსოვს ჩვენი ექს-პრეზიდენტი, ბატონი ედუარდ შევარდნაძე საუბრობდა ამ გზის მნიშვნელობაზე. ის კი არ მახსოვს საქართველოს რა ხეირი ადგებოდა ამითი.”
”საერთოდ, მსმენია, რომ იყო ეგეთი გზა, რომელიც აერთიანებდა ჩინეთს, ინდოეთს და ევროპის ქვეყნებს. რამდენადაც მე ვიცი, გადიოდა საქართველოზე.”
”ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ ბევრი რამე არ ვიცი. ჩემთვის აბრეშუმი გზა არის გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს დასავლეთთან და ეს გზა გადიოდა საქართველოზე, სადღაც უფლისციხესთან. ესეც კი მახსოვს.
ეს ადრე საიდანაც გაიხსნა გზა და შემოვიდნენ პირველად საქართველოში... ვერ გეტყვი, რა.”

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდნენ დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებაზე. იქ, სადაც ადრე აქლემების ქარავანი დადიოდა, ახლა ძვირად ღირებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა უნდა შექმნილიყო - ახალი გზები, ეფექტური რკინიგზა და სტანდარტიზებული საბაჟო პროცედურები. აქამდე ლაპარაკს ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა აბრეშუმის გზის განახლების იმედი მაინც არის.

19 თებერვალს ჟენევაში, ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის შტაბბინაში, გაიმართა ამ ორგანიზაციის სახმელეთო ტრანსპორტის კომიტეტის სხდომა, რომელშიც ევროპისა და აზიის 19 ქვეყანა - მათ შორის, საქართველო - მონაწილეობდა. მონაწილე ქვეყნები თავის თავზე იღებენ აბრეშუმის გზის მათ ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის მოწესრიგებას - იქნება ეს რკინიგზის გაუმჯობესება თუ საბაჟო პროცედურის საერთო სტანდარტის შესაბამისობაში მოყვანა. მათ ამ საქმეში დახმარებას საერთაშორისო ინსტიტუტები, მათ შორის, მსოფლიო ბანკი გაუწევს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ლაშა ხმიადაშვილი ამბობს, რომ საქართველო ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული და კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს ქვეყნებს შორის ტვირთის მიმოცვლის ოპტიმიზაციისათვის:

[ლაშა ხმიადაშვილის ხმა] ”იდეა ამ პროექტისა არის, რომ მაქსიმალურად შეეწყოს ტვირთების გადაზიდვას ხელი. პროექტი, ასე კონკრეტულად რომ ვთქვათ, რომელიც აქ წარვადგინეთ საინვესტიციოდ, და არამარტო აქ, ეს არის უნივერსალური საბორნე კომპლექსის მშენებლობა ფოთსა და ბათუმში. იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს სარკინიგზო საბორნე კომპლექსების განვითარებას...”(სტილი დაცულია)

შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს განცხადების პროექტს ”მომავალში ევრაზიული სატრანსპორტო კავშირების განვითარების შესახებ”.

[ლაშა ხმიადაშვილის ხმა] ”დოკუმენტი, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალიან ზოგადია, მაგრამ იმდენი ქვეყნის ტრანსპორტის ხელმძღვანელი აწერს ხელს, რომ რაღაც სპეციფიკურ საკითხებზე საუბარი მანდ შეიძლება ზედმეტიც იყოს. მაგრამ ეს პროექტი რომ იწყებოდა, მისი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ მთლიანად შეესწავლათ ყველა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. საბოლოო დოკუმენტი, ამ პროექტის ანგარიში რომ დაიდებოდა, ვინც ამ ანგარიშს გაეცნობოდა, ინფორმაცია ჰქონოდა, როგორ შეიძლება ტვირთის გადაზიდვა ევროპიდან აზიის მიმართულებით და პირიქით.”(სტილი დაცულია)

წამყვანი:
განმარტავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ლაშა ხმიადაშვილი. სარკინიგზო-საბორნე კავშირების განვითარებასა და არა მარტო ამ საკითხზე იმსჯელეს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ჩვენმა თბილისელმა კოლეგამ, ნიკო ნერგაძემ ახსენა თავის სიუჟეტში აბრეშუმის გზის შესახებ. აბრეშუმის გზდან ჯერ, ასე ვთქვათ, არ გადავუხვევთ...

აბრეშუმის გზა 19 ქვეყანაზე გადის და აი, მათი წარმომადგენლების მონაწილეობით, გაეროს ეგიდით ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 43 მილიარდი დოლარი გამოიყოფა მარტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. აბრეშუმის გზისთვის ხომ თანამედროვე მსოფლიოში აუცილებელია რიგიანი ასფალტირებული საავტომობილო გზები, სარკინიგზო მიმოსვლა და წყალგაყვანილობა, კოორდინირებული საბაჟო სისტემა: მოკლედ, ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა

აბრეშუმის გზის გამოცოცხლებაზე საუბარი, როგორც წინა სიუჟეტშიც ითქვა, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მაგრამ იდეის განხორციელება არც ისე იოლი აღმოჩნდა. ჟენევის შეხვედრას კი მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ, თუ რატომ- განმარტავს გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის პრეს-მდივანი მიოდრაგ პეშუტი:

[პეშუტის ხმა] “ეს არის ძალიან გრძელვადიანი ძალისხმევა - ევროპასა და აზიას შორის ინფრასტრუქტურული კავშირების დამყარებას დიდი დრო უნდა და ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგით ამ კავშირების რეალიზების მიმართულებით. რადგან, პირველ რიგში, 18 ქვეყანა რამდენიმე წელია აწარმოებს მოლაპარაკებას იმაზე შესათანხმებლად, რა უნდა იყოს პრიორიტეტული მათს შორის კავშირებში და რახან შეთანხმდნენ, ამ კავშირების საფუძველზე საბოლოოდ შეიქმნება ჰარმონიზებული სატრანსპორტო დერეფანი.”

აქვე ვიტყვი, აბრეშუმის გზის გასწვრივ 19 ქვეყანა მდებარეობს და თურქმენეთის გარდა ყველა მონაწილეობდა ჟენევის შეხვედრაში. ამასთან, თითოეულ ქვეყანას ეკისრება ზრუნვა აბრეშუმის გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც მის ტერიტორიაზე გადის: იქნება ეს რკინიგზის ლიანდაგები თუ საავტომობილო გზები, სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, თუ ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები. პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მათ შორის მსოფლიო ბანკი.

გაეროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება: მთელი ამ ძალისხმევის კოორდინაცია. საქმე ის არის, რომ აბრეშუმის გზა მარტო იმ შემთხვევაში “იმუშავებს”, თუ კოორდინირებული იქნება ინფრასტრუქტურა მის ყველა მონაწილე ქვეყანაში. მაგალითად, რა სარგებელს მოიტანს რომელიმე, ერთ ქვეყანაში თანამედროვე რკინიგზის ამუშავება, თუ არ იფიქრე მის დაკავშირებაზე მეზობელ ქვეყნებთან, რათა ტვირთების გადაადგილება დროულად, დაბრკოლებების გარეშე მოხერხდეს?

ამის გამოა, რომ გაეროს წარმომადგენელი მიოდრაგ პეშუტი აღნიშნავს: [პეშუტის ხმა] “ჩვენ ვლაპარაკობთ უბრალოდ, ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც ქსელივით დააკავშირებს ყველა ამ ქვეყაყნასო”.

ჟენევაში შეკრებილებმა - მათ შორის აბრეშუმის გზის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებმა - პირობა დადეს, რომ 2014 წლამდე განახორციელებენ შემუშავებულ პროექტებს. მათი ღირებულება, როგორც უკვე ითქვა, 43 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს. ასე რომ, აბრეშუმის გზა დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, ვიდრე კეთილდღეობას მოუტანდეს მის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, ბელორუსიას, მოლდავეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, ირანს, ტაჯიკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, უბზეკეთს, თურქმენეთს, ავღანეთს, რუსეთს, ჩინეთს.

[მუსიკა]

"ოსკარი" იუბილეს ზეიმობს

წამყვანი:
”ოსკარი” 80 წლის ხდება - 24 თებერვალს ჰოლივუდში, ”კოდაკის” თეატრში, ამერიკის კინოაკადემიის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ”ოსკარს” აღარაფერი ემუქრება - ჰოლივუდში კინოდრამატურგების გაფიცვა დასრულდა და მოკლე ხანში დაჯილდოების ცერემონიალის სცენარიც დაიწერა. ცერემონიალის მონაწილეები უკვე ცნობილია. კინოაკადემიის პრემიების გადაცემაზე ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავი დათანხმდა. 24 თებერვალს ღამით გაირკვევა, ვინ გახდება საიუბილეო ”ოსკარის” ლაურეატი. გიორგი გვახარია დღეს ”ოსკარის” ზოგიერთ ნომინანტს გაგვახსენებს.

გიორგი გვახარია:
”ოსკარზე” ასეთი კონკურენცია დიდი ხანია არ ყოფილა - 2007 წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე წარდგენილ ხუთივე სურათს გამარჯვების დიდი შანსი აქვს, თანაც ხუთივეს აქვს თავ-თავისი უპირატესობა. მაგალითად, საუკეთესოებს შორის მოულოდნელად მოხვედრილი ფილმი ”ჯუნო” სულ რაღაც 2 მილიონი დოლარი დაჯდა, მაგრამ სურათის ავტორებს (პირველ რიგში, რეჟისორს, ჯეისონ რეირმანს) ”ჯუნომ” უკვე თითქმის 100 მილიონი დოლარი მოგება მოუტანა. ჰოლივუდში კი უყვართ, როცა კომერცია და ხელოვნება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. თუმცა ამერიკის კინოაკადემია მაინცდამაინც არ სწყალობს ფილმებს, რომელთა ავტორები ეგრეთ წოდებულ ”ნაციონალურ იდეებს” არ გამოხატავენ. ”ჯუნო” კი - ამბავი 16 წლის თავქარიან გოგონაზე, რომელიც თავისი ბავშვის გაშვილებას ცდილობს -ნამდვილად არ გამოხატავს დღევანდელი ამერიკისთვის აქტუალურ იდეებს, როგორც გამოხატავს, მაგალითად, საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე წარდგენილი პოლ ტომას ანდერსონის ”ნავთობი” - კაპიტალიზმის ისტორიის კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია, რომელმაც, თითქმის ყველას გასაკვირად, ვერ გაიმარჯვა წლევანდელ ”ბერლინალეზე”, ანდა ჯო რაიტის ”მონანიება” - სურათი, რომელიც უკვე აღინიშნა ”ოქროს გლობუსით” და რომელსაც ზოგიერთი კრიტიკოსი ”ქარწაღებულებს” ადარებს, აგრეთვე ტონი გილროის ”მაიკლ კლეიტონი” - სურათი თითქმის ფანტასტიკური ნიჭის ადვოკატზე, ფილმი, რომლის სტრუქტურა, დრამატურგია, სიუჟეტის განვითარება, როგორც წესი, ყოველთვის მოსწონდათ კინოაკადემიაში. ამ ფილმებს შორის ”ნავთობი” რვა ”ოსკარზეა” წარდგენილი, ისევე როგორც წლის საუკეთესო ფილმის მეხუთე კანდიდატი, ძმები კოენების ”არ არის ადგილი მოხუცებისათვის” - კანის შარშანდელი ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სურათი, რომელიც, მხატვრული თვალსაზრისით, თანამედროვე კინოს ნამდვილი შედევრია, თუმცა მეტისმეტად პესიმისტურია იმისათვის, რომ წლევანდელი ”ოსკარის” ტრიუმფატორი გახდეს.

[მუსიკა]

ეს კი სიმღერაა, რომლის ავტორს ”ოსკარის” მოპოვების დიდი შანსი აქვს - ალან მაკენის სიმღერა, რომელიც კომპოზიტორმა დაწერა ფილმისთვის ”მოჯადოებული”. ”ოსკარის” ისტორიაში პირველად, ნომინაციაზე ”საუკეთესო სიმღერა” 5-დან ოთხი ამ ფილმში ჟღერს. არადა, ”მოჯადოებული” არ შევიდა ნომინაციაში ”საუკეთესო მუსიკა”. აქ უდავო ფავორიტია კომპოზიტორი დარიო მარიანელი - მუსიკის გამო, რომელიც ჰოლივუდის ამ პოპულარულმა კომპოზიტორმა დაწერა ფილმისთვის ”მონანიება”.

[მუსიკა]

რაც შეეხება მსახიობებს, ამ ნომინაციებში მოულოდნელობა ცოტაა. თუმცა ვინ გაიმარჯვებს ქალებს შორის: კეიტ ბლანშეტი, ჯული კრისტი, ელენ პეიჯი, მარიონ კოტიარი თუ ლორა ლინი, წინასწარ ძნელი სათქმელია. შედარებით გარკვეული სიტუაციაა ნომინაციაში ”საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” - აქ დენიელ დეი-ლუისი, რომელსაც, ”ნავთობში” განსახიერებული როლის შემდეგ, უკვე ლოურენს ოლივიეს ადარებენ, აშკარა ლიდერია და სხვა ნომინანტებს - ჯორჯ კლუნის, ჯონი დეპს, ტომი ლი ჯონსსა და ვიგო მარტენსენს - გაუჭირდებათ მასთან პაექრობა.

წლევანდელი ”ოსკარის” ყველაზე დიდი სიურპრიზი კი, ალბათ, ნომინაციაა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. პირველად ”ოსკარის” ისტორიაში, ამ ნომინაციაში ერთდროულად 2 რუსი რეჟისორი მოხვდა - სერგეი ბოდროვი, ყაზახეთში გადაღებული ფილმით ”მონღოლი”, და ნიკიტა მიხალკოვი, ფილმით ”თორმეტი”. ეს უკანასკნელი, სიდნეი ლიუმეტის ”12 განრისხებული მამაკაცის” ადაპტაცია, თითქოს სწორედ ”ოსკარისთვის” იყო გადაღებული ყველა იმ კლიშეთი, რომელიც უყვართ ამერიკელ კინოაკადემიკოსებს.

თუმცა ამერიკის კინოაკადემიის წევრებს ხშირად აღუნიშნავთ, რომ ისინი არა კლიშეებს, არამედ ტრადიციას აფასებენ. ამიტომაც წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ 24 თებერვალს ”ოსკარებით” დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციული იქნება - პრიზებს კინოვარსკვლავები გადასცემენ, გამარჯვებული ვარსკვლავები მადლობას გადაუხდიან ოჯახის წევრებს და მოვისმენთ აკადემიკოსების მიერ აღიარებულ წლის საუკეთესო სიმღერებს - ამჯერად, ოთხ სიმღერას ფილმიდან ”მოჯადოებული”.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG