Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძემ ეუთოს საპარლამენტო არჩევნების უფრო დემოკრატიულად ჩატარების გარანტია მისცა


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფმა ნინო ბურჯანაძემ ევროსაბჭოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს თხოვნით მიმართა, გამოგზავნონ კიდევ უფრო მეტი

დამკვირვებლები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა დაერწმუნებინა ეუთოს ხელმძღვანელობა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია და საპარლამენტო არჩევნებს უფრო მაღალ დონეზე ჩაატარებს.

ევროსაბჭოსგან განსხვავებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საკითხი არც მწვავე ყოფილა და არც მთავარი. ეუთოს სესიას არ ესწრებოდნენ ქართველი პარლამენტარები ოპოზიციის კვოტიდან, მათ შორის, არც პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი, რომელმაც ნინო ბურჯანაძის გამოსვლა ქართული ტელეარხების საშუალებით მოისმინა. ოპოზიციონერი პარლამენტარის თქმით, ვენაში ჩასვლას მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ეუთომ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც ცნო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი. თუმცა დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნების მიმართ ეუთოს და სხვა ევროპულ სტრუქტურებს უფრო პრინციპული მიდგომა ექნებათ:

[დავით ზურაბიშვილი] ”არ გეუბნებით, რომ გააყალბეთ არჩევნები და არ ხარ შენ პრეზიდენტი, მაგრამ, სამაგიეროდ, კეთილი ინებე და საპარლამენტო არჩევნები ჩაატარე წესიერად. ახლა ამ პირობით არის და ეს კიდევ უკავშირდება მაპის (ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) განხილვას და ბევრ რაღაცებს. ასე რომ, ახლა უფრო სხვა სიტუაციაა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით. იმიტომ რომ, ის მაინც პირადად სააკაშვილს ეხებოდა და აქ ლაპარაკია იმაზე, თუ ოპოზიცია რამდენად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ძალთა თანაფარდობა აისახოს ისეთი, როგორიც რეალურად არის. ასეთი მოთხოვნა იყო ძალიან მკაცრი, ეს ნამდვილად ვიცი.”(სტილი დაცულია)

ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის, ელსი ჰასტინგსის, 4 წუთიანმა გამოსვლამ საქართველოში 5 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ხოლო თავად ჰასტინგსმა, ობიექტური მოხსენების გამო, მადლობა დაიმსახურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისაგან. თუმცა საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გავრცელებულ ევროსაბჭოსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ერთობლივ დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას აღმოსაფხვრელი ექნება ყველა ნაკლოვანება და ხარვეზი, რამაც მრავლად იჩინა თავი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენაში მხოლოდ მადლობის სათქმელად არ ჩასულა. ნინო ბურჯანაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს გააცნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი და სთხოვა დიდი რაოდენობით დამკვირვებლების გამოგზავნა, - გვითხრა პარლამენტის პრესცენტრის უფროსმა მაია ბიგვავამ, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

[მაია ბიგვავა] ”[ბურჯანაძემ] უთხრა, თუ ეს უწყებათაშორისი კომისია როგორ შექმნა და კომისია როგორ მუშაობდა დამკვირვებლებთან და რომ დაწყებულია უკვე და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის უკვე დაგზავნა წერილები და დამკვირვებლებს უკვე სთხოვს მობილიზებას. იმიტომ რომ, ბოლო მომენტში რომ არ მოვიტოვოთ და არჩევნების ბოლო პერიოდში რომ არ ჩაერთონ. არამედ წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ვითანამშრომლოთო, რომ ეს რეკომენდაციები ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებულიო.”(სტილი დაცულია)

თუმცა იმისათვის, რომ ევროპელი დამკვირვებლები საქართველოში სულ მალე ჩამოვიდნენ, საჭიროა გადაწყდეს საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება, რასაც 5 იანვრის პლებისციტზე მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ამ გარანტიის მიცემა კი ეუთოსთვის ნინო ბურჯანაძეს არ შეუძლია, რადგან ჯერჯერობით ძალაში არ არის შესული საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი და ზუსტად არ არის დადგენილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დრო. ხოლო თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მოკლე ხანში ვერ მოილაპარაკებენ არჩევნების თარიღზე, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო არჩევნები ან ზაფხულში, ან კიდევ უფრო გვიან, შემოდგომაზე, ჩატარდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG