Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრიდან გამოსული ქართველი მონაწილეები ოპტიმიზმს არ მალავდნენ და კონკრეტულ საკითხებზეც საუბრობდნენ:

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტების შეთანხმების შესაბამისად, მარტის მეორე ნახევრიდან აღდგება საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ქართველი და რუსი ექსპერტები დაიწყებენ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე დაბრუნებისთვის აუცილებელი პროცედურის საკითხების განხილვას. შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა საფოსტო კომუნიკაციების აღდგენასა და სავიზო შეზღუდვების მოხსნას მოქალაქეთა იმ კატეგორიებისთვის, რომლებიც ვერ იღებენ ვიზას რუსეთის საელჩოში.
პოზიციების დაახლოებასა და დათბობაზე ორივე მხარე ერთხმად საუბრობს. თუმცა, როგორი იქნება კონკრეტული ნაბიჯები ამ რიტორიკის მიღმა, ჯერ უცნობია.

სამაგიეროდ, დაპირისპირება მწვავდება უშუალოდ საქართველოში და ეს ეხება არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის, არამედ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა შორის ურთიერთობას. `საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ~ რევოლუციურად წოდებული კანონთა პაკეტი ნელ-ნელა რევოლუციურ განწყობებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შორის ავითარებს.
როგორც გაირკვა, მთავრობა არ აპირებს პარლამენტის იმ შენიშვნების გათვალისწინებას, რომლებიც კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გამოითქვა. კერძოდ, პრემიერის კანონპროექტით, კვლავაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკისთვის ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბანკის საბჭოს წევრებად შეყვანა, პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს გაუქმება, ინფლაციის კოეფიციენტის გადაჭარბების შემთხვევაში მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და არა მთავრობის მთელი ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, კონტროლის პალატისთვის საფინანსო უწყებების შემოწმების უფლების ჩამორთმევა და ბევრი სხვაც. საქმე იქამდე მივიდა, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პლენარულ სხდომაზე ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენით დაიმუქრა.

პრემიერის იდეით,Lლამის გასაუქმებლად გამეტებულმა ეროვნულმა ბანკმა იანვარში წლიური ინფლაციის 11%-დან 10,7%-მდე კლება დააფიქსირა. თუმცა, ამის მიუხედავად, აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფლაციის ზრდის რისკები კვლავ არსებობს, რისი მიზეზიც მიმდინარე მონეტარული სიჭარბე, გაზრდილი და, ძირითადად, სოციალური ტიპის სახელმწიფო დანახარჯები და ძლიერი ინფლაციური მოლოდინია, რაც მოკლევადიან პერიოდში, სავარაუდოდ, საპროგნოზო ინფლაციის გაუარესებას გამოიწვევს.
ასაკის პენსიონერებისთვის მინიმალური პენსია 70 ლარამდე გაიზრდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების დაწყება პირველი ოქტომბრიდან იგეგმებოდა, მაგრამ მთავრობას აქვს საშუალება, პროგრამა უკვე მარტში დაიწყოს. მინიმალური პენსიის გაზრდა 70 ლარამდე 653 500 ადამიანს შეეხება. ოქტომბერში კი, 2009 წლის ბიუჯეტის წარდგენასთან ერთად, გამოცხადდება საპენსიო რეფორმის ძირითადი ეტაპის პარამეტრები, მათ შორის, 100-დოლარიანი საპენსიო პაკეტის შემოღების გეგმაც.

სწრაფი დასასრულის მოლოდინის მიუხედავად, ფოთის პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტენდერი კი აპრილამდე არ დასრულდება. მიმდინარეობს საბოლოო გამარჯვებულის შერჩევა. მოსალოდნელია ინტერესთა გამოხატვის მესამე ფაზაც. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქართული ეკონომიკის ახალი და მძლავრი სტიმული გახდება. პროექტის განხორციელების შემდეგ უშუალოდ პორტსა და ზონაში დასაქმდება 16 000-მდე ადამიანი. პირველ ეტაპზე, 2011 წლამდე, განხორციელდება 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია და შეიქმნება სრულიად ახალი პორტი და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

კიდევ ერთი ნოვაციის, `იაფი კრედიტის~, ორი კომპონენტის - ექსპორტის ხელშეწყობის და ტურიზმისა და ხალხური რეწვის -ფარგლებში სესხის გაცემაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
ექსპორტის ხელშეწყობისთვის 25 მილიონი, ტურიზმისა და ხალხური რეწვის კომპონენტისთვის კი 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. ექსპორტის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ბანკებზე 8-10%-იან, ხოლო ტურიზმისა და ხალხური რეწვისთვის დაახლოებით 2%-იან სესხებს გასცემს.

სხვა ბანკებისგან განსხვავებით, `იაფი სესხის~ პროექტში მონაწილეობას არ მიიღებს `სტანდარტ ბანკი~. ბადრი პატარკაციშვილის ბანკს გაყიდვა ელის. მოლაპარაკებები `სტანდარტ ბანკის~ შესყიდვაზე ბანკის დროებით ადმინისტრაციასა და არაბულ `კორბანკს~ შორის მიმდინარეობს, თუმცა “სტანდარტ ბანკის” მმართველის შეცვლის შესახებ ეროვნულ ბანკში განაცხადი ჯერ არ შესულა. მმართველის შეცვლასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს გარიგების დადებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა ეცნობოს.
`კორბანკი~ არაბული `აბუ დაბი ჯგუფის~ მიერ არის დაფუძნებული და საქართველოში უკვე ორ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს.

ელექტროენერგიის ექსპორტისგან საქართველო წელიწადში 1 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს. საექსპორტო შემოსავლის ახალ წყაროს, ჰიდრორესურსების ათვისების შემთხვევაში, საქართველო 4-5 წელიწადში მიიღებს. ელექტროენერგიის ძირითადი საექსპორტო ბაზარი, სავარაუდოდ, თურქეთი იქნება.
მთავრობის 50-დღიანი პროგრამის მიხედვით, მომზადებულია 87 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურის (საერთო სიმძლავრით 1 170 მეგავატი) განთავსების სქემები და ტექნიკური პარამეტრები, რომელთა მშენებლობაზე მოზიდული იქნება 1,5 მილიარდ ევრომდე ინვესტიცია.

დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით, ენერგეტიკის სამინისტრომ შეიმუშავა მარტივი და უნიფიცირებული პირობები, რომლებსაც მთავრობას მიმდინარე წლის მარტში წარუდგენს. ამ ეტაპზე უკვე განიხილება წინადადებები 11 ახალი ჰესის მშენებლობაზე 300 მეგავატი საერთო სიმძლავრით.
აჭარის რეგიონში 7 ჰესი აშენდება, რომელსაც კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” ააშენებს. ჰესების მშენებლობაზე დაახლოებით 163 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ჰესების დადგმული სიმძლავრე 119 მეგავატი იქნება.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტრო ექვს სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლების მისაღებად ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.
ინვესტორების მოძიების მიზნით, სამინისტრომ ტენდერზე გაიტანა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ბლოკები, რომლებიც მთელ საქართველოს ფარავს - აჭარიდან კახეთამდე. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ დაინტერესება საკმაოდ დიდი იქნება.
მოსკოვში დსთ-ს ლიდერების არაფორმალურ სამიტზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი შეხვედრა ქართულ დიასპორასთანაც გამართა. სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში დიასპორათა მხრიდან ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრესს.

როგორც კიდევ ერთხელ გაირკვა, რუსეთის ქართული დიასპორი ზოგიერთი წარმომადგენელი საკმაოდ შეძლებული ყოფილა. რუსეთის 500 მილიარდერს შორის ხუთი ქართველი მოხვდა, იუწყება ჟურნალი `ფინანსი~. 35-ე ადგილზე ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც, ჟურნალის ინფორმაციით, 5,2 მილიარდი დოლარი აქვს. შარშან ივანიშვილი 25-ე ადგილზე იყო და მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ივანიშვილი ჯგუფ `უნიკორის~ მფლობელია, რომელშიც უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის კომპანიები და ბანკი შედის. ამასთან, ჟურნალი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ივანიშვილმა აქტივების ნაწილი გაყიდა, შემოსავლებს კი საფონდო ბაზარზე აბანდებს. 500 მილიარდერთა შორის მოხვდა ქუთაისში დაბადებული 59 წლის ბიზნესმენი შალვა ჩიგირინსკი, რომელიც კომპანიების `სიბირ ენერჯის~ და `რაშნ ლენდის~ თანამფლობელია და მისი ქონება 2,95 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კომპანია `ევრაზია დრილინგ კომპანის~ თანამფლობელის ალექსანდრე ჯაფარიძის ქონება 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი ქონება 2006 წელს მხოლოდ 40 მილიონი დოლარი იყო, შარშანდელ რეიტინგში კი ჯაფარიძე საერთოდ არ შესულა.

აგროჰოლდინგ `ევროსერვისის~ თანამფლობელი კონსტანტინე მირილაშვილი რეიტინგში 129-ე ადგილზეა, მისი ქონება 0,75 მილიარდ დოლარს შეადგენს. 51 წლის დავით იაკობაშვილს კი, რომელიც კომპანია `ვიმ-ბილ-დან~-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, 0,5 მილიარდი დოლარის აქტივები აქვს.

`ვიმ-ბილ-დანმა~ უკვე იყიდა კიდეც საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია `სოფლის ნობათი~. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ საქართველოში ბიზნეს-პროექტები ჯერ არ გააჩნიათ.
XS
SM
MD
LG