Accessibility links

logo-print

გამოიწვევს თუ არა საქართველო სამშვიდობო ასეულს კოსოვოდან?


რთული საერთაშორისო ვითარებისა

და აქედან გამომდინარე რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა. რისკებში იგულისხმება რუსეთის მოსალოდნელი რეაქცია და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა. თუმცა, თუ ამ ლოგიკას გავყვებით, კოსოვო უნდა დატოვოს ქართულმა სამხედრო დანაყოფმაც, რომელიც ნატოს ეგიდით მოქმედ მრავალათასიან სამხედრო კონტინგენტში მერვე წელია ასრულებს სამშვიდობო მისიას და, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულ იქნება იარაღით დაიცვას ევროპის ახალი სახელმწიფოს სუვერენიტეტი. საკითხავია, აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკან გამოიწვიოს ქართული სამხედრო ასეული.

ქართული სამხედრო კონტინგენტი კოსოვოს სამხრეთში, ალბანეთის საზღვართან ახლომდებარე ქალაქ პრიზრენში, ასრულებს სამხედრო მისიას. ქართული ასეულის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ ვახტანგ დიასამაძეს ტელეფონით 22 თებერვალს დავურეკეთ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ, სერბეთში დაწყებული მღელვარების გამო, ნატოს სარდლობით მოქმედი კოსოვოს ძალები გაძლიერებულ რეჟიმში გადავიდნენ. მცირე სატელეფონო ინტერვიუში ქართული ასეულის მეთაურმა ქვედანაყოფის პასუხისმგებლობის ზონაში შექმნილი ვითარება დაგვიხასიათა როგორც მშვიდი, თუმცა არ გამორიცხა გართულებაც:

[ვახტანგ დიასამიძე] ”გართულება და ასე შემდეგ, ან რაიმე საწინააღმდეგო, ან სახიფათო, რაც შეიძლება, რომ ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხედ ემუქრებოდეს, - ამ მხრივ ნორმალურია ვითარება. ისე, საერთო ჯამში, ისიც აღსანიშნავია, რომ გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ დროისთვის ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს, მშვიდობას და წესრიგს.”

ეს გახლდათ უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ დიასამიძე, კოსოვოში განლაგებული ქართული სამხედრო ასეულის მეთაური. ახლა კი დავუბრუნდეთ რეპორტაჟის დასაწყისში წამოჭრილ საკითხს: თუ საქართველო არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ანუ უარს ამბობს ახალ სახელმწიფოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე, მაშინ რამდენად ლოგიკურია კოსოვოში ქართული ქვედანაყოფის შენარჩუნება? ამ შეკითხვით ჩვენ მივმართეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ბათუ ქუთელიას, რომელმაც გვითხრა, რომ კოსოვოში ქართული სამხედრო მისიის შეწყვეტის საკითხი განიხილება, თუმცა ეს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან პირდაპირ კავშირში არ არის:

[ბათუ ქუთელია] ”ეს სულ სხვა მოტივაციით და მანამდეც განიხილებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ”ISAF“ (საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები ავღანეთში) არის ჩვენი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ნატოს პრიორიტეტია. და რადგან იქ გავზრდით ჩვენს მონაწილეობას, შეიძლება გადავხედოთ სხვაგან - იმავე ერაყში ან კოსოვოში - კონტინგენტის რაოდენობას და მონაწილეობას. რაც შეეხება თავად ნატოს ოპერაციას, ნატომაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ნატოს არანაირი პოლიტიკური პოზიცია არა აქვს. ერთადერთი ამოცანა ნატოს კონტინგენტისა კოსოვოში არის ის, რომ იქ უზრუნველყოს უსაფრთხოება. ბუნებრივია, ჩვენც, როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყანა, შევასრულებთ იმ მისიას, რაც ნატოს აქვს, და არანაირად ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება არ ხდება.”


აღსანიშნავია, რომ ავღანეთში ქართული სამხედრო ოცეული 2004 წელს იმყოფებოდა და არჩევნების დროს სიმშვიდის დაცვას უზრუნველყოფდა. ამჯერად განიხილება საკითხი ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედ სამხედრო ძალებში ქართული სპეცდანიშნულების ასეულის გაგზავნის შესახებ, თუმცა ზუსტი თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
XS
SM
MD
LG