Accessibility links

logo-print

საქართველოს შანსები ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ


ნატოს შემფასებელთა მისია საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს. დახურული დოკუმენტი ნატოს ხელმძღვანელობას გადაეცემა.



თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იქნება ნატოს შემფასებელთა მისიის მორიგი გეგმიური შეფასება... ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძეც, თუმცა აღნიშნავს, რომ შეფასება მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ არა გადამწყვეტი. შალვა ფიჩხაძის აზრით, ნატოში გადაწყვეტილებების მიმღებები შეფასებებს ეცნობიან, მაგრამ ზოგჯერ პოლიტიკურ მიზანშეწონილობასაც ითვალისწინებენ. დღეს ჩვენ ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ საქართველოს შანსებზე ვსაუბრობთ, კერძოდ, იმაზე, აქვს თუ არა საქართველოს ნატოს სამოქმედო გეგმაზე გადასვლის შანსი ახლო მომავალში.

”შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს ”, - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა და ნათქვამს დასძენს :

[ნიკა რურუას ხმა] ”ეს არ არის ერთადერთი დღე, როცა საქართველომ და უკრაინამ შეიძლება მიიღონ მაპი. ეს ტექნიკურად შესაძლებელია ყოველთვე. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით. თუმცა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გადავიდეს ამ ეტაპზე. ”

თუ რა მნიშვნელობა აქვს ნახსენებ ”ახალ ეტაპზე” გადასვლას საქართველოსა და უკრაინისთვის, ეს ახსნილია წერილში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს ამას წინათ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა, სხვა დემოკრატ და რესპუბლიკელ სენატორებთან ერთად, მიმართა. წერილს, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები მაკკეინი, ლიბერმანი, მილერი და კონგრესმენი შეისი, ნათქვამია:” საქართველო და უკრაინა ახალი დემოკრატიებია, ეს სახელმწიფოები აწყდებიან სერიოზულ პრობლემებს და მათი მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ არის ნატოში გაწევრიანების გარანტია, ის არის ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება თბილისს და კიევს სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში თავდაცვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით.”
წერილი მოუწოდებს თეთრი სახლის ადმინისტრაციას დაეხმაროს საქართველოს და უკრაინას, რათა ეს სახელმწიფოები რაც შეიძლება მალე შეუერთნენ ნატოში გაწევრიანების ხელშემწყობ გეგმას. რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხსენებული წერილის მნიშვნელობაზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა უძღოდა წინ მას:

[გია ბარამიძის ხმა] ”მოჰყვა რეზოლუციას, რომელიც სენატმა მიიღო ლუგარის ინიციატვით. მას ყველამ ერთხმად დაუჭია მხარი. ყველა სენატორი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი მხარს უჭერს საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას. ”

ახალ დეტალზე საუბრობს ნიკა რურუა :

[ნიკა რურუას ხმა] ”ასევე მზადდება ქვედა პალატის წარმომადგენლების ანალოგიური წერილი ადმინისტრაციისადმი. ზოგადად ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადმინისტრაციამ გამოიყენოს რესურსები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისანიჭებლად. ”

რამდენად დააზარალა საქართველო, გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლის თვალსაზრისით, ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა? ნიკა რურუას აზრით, თავიდან, სანამ დასავლეთის ქვეყნები კარგად გაერკვეოდნენ სიტუაციაში, ზარალი თითქოს სერიოზული იყო, მაგრამ შემდეგ ობიექტურმა ინფორმაციამ საქართველოდან საინფორმაციო ვაკუუმი შეავსო.
” მნიშვნელოვანი იყო არჩევნები, რომელსაც დადებითი შეფასება მიეცა. დღეისთვის ზარალი მინიმუმამდე დავიდა”, - ასე ფიქრობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა, რომელიც, ამავდროულად, ხაზგასმით ამბობს, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე მაინც არ უნდა დავამყაროთ გადამეტებული მოლოდინი.

ზარალთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძეს. ის იშველიებს ნატოს შემფასებელთა მისიის წარმომადგენელთა შთაბეჭდილებებს, იანვრის ბოლოს საქართველოში ყოფნისას რომ გამოთქვეს. შალვა ფიჩხაძე ამბობს, რომ შემფასებელთა მისიის წარმომადგენლები ვითარების ადგილზე შესწავლის შემდეგ დიდი ოპტიმიზმით არ უყურებდნენ საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების შანსს, გამომდინარე ნოემბრის მოვლენებიდან და საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ დაგროვილი შენიშვნებიდან. მაგრამ შალვა ფიჩხაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გადაწყვეტილებებს შემფასებელთა მისია არ იღებს და რომ გადაწყვეტილებების მიმღებები ზოჯერ პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრონციპით ხელმძღვანელობენ. ” ასე მოხდა თავის დროზე თურქეთთან მიმართებით. მას მერე დიდი დრო გავიდა. პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპი დღეს აღარ თამაშობს ისეთ მნიშვნელოვან როლს, როგორც ეს ნატოში თურქეთის მიღებისას იყო, თუმცა ეს პრინციპი დღესაც მუშაობს”, - ამბობს შალვა ფიჩხაძე.

რაც შეეხება სენატორების წერილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისადმი, მასში აღნიშნულია მნიშვნელობა ნატოს გაფართოებისა, ზოგადად, და, კერძოდ, გაფართოებისა ახალი დემოკრატიების - მათ შორის, საქართველოს და უკრაინის - ხარჯზე, იმისათვის, რომ აღარ შეიქმნას ევროპაში ცივი ომის მსგავსი გამყოფი ხაზები.







XS
SM
MD
LG