Accessibility links

logo-print

ახალი პოლიტიკის კონტურები


გასული კვირის ოთხშაბათს „სტუდია მაესტროს“ გადაცემის – „პროფესია ჟურნალისტი“ – სტუმარმა ფსიქოლოგმა ზურაბ ბიგვავამ ბრძანა, რომ ხელისუფლება იმყოფება იმ მიჯნასთან,






რომლის იქით ახალი პოლიტიკის კონტურები იკვეთება. რით იქნება „ახალი პოლიტიკა“ განსხვავებული ძველისგან და არის თუ არა მისი ნიშნები მკაფიო? შევეცდები პასუხი გავცე ამ კითხვებს.

გასულ კვირაში ერთ–ერთ პოპულარულ ტელეგადაცემაში მოქალაქე ქალბატონმა დარეკა და ბრძანა: როცა ამბობენ, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგში წარმატებას მიაღწია, ვბრაზდები, რადგან გამოდის, მიტინგებზე კინწურაშვილის გადასაყენებლად დავდიოდითო. გასულ კვირაში ამავე შინაარსის კიდევ ერთი ინფორმაცია გამოქვეყნდა: „როგორც ავსტრიაში, სასტუმრო "რედისონში" მყოფმა შალვა ნათელაშვილმა სატელეფონო საუბრისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ”თუ ქვეყნისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის სტრატეგიული საკითხებია კინწურაშვილისა და თარხნიშვილის გადადგომა, მაშინ ქვეყნის საქმე დამთავრებული ყოფილა.“

საფიქრებელია, რომ რიგით მოქალაქეს და პოლიტიკური პარტიის ლიდერს სრულიად სხვადასხვა მოტივი აქვთ, როდესაც საკითხს ერთი და იმავე ათვლის წერტილიდან უყურებენ, მაგრამ პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანი მათი მოსაზრებების დამთხვევამ, შესაძლოა, დააბნიოს და აფიქრებინოს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები მართლაც უმნიშვნელოა. ამ აზრს, ალბათ, გაამძაფრებს ბატონ სოსო რობაქიძის პროტესტი იმის გამო, რომ ოპოზიციის მემორანდუმში არ აისახა გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელების დასჯის მოთხოვნა: „ოპოზიცია სააკაშვილთან არ უნდა ლაპარაკობდეს. მოთხოვნები კი ძალიან მსუბუქი აქვთ. კინწურაშვილის გადადგომას რომ ითხოვენ, რა აზრი აქვს, გადადგება კინწურაშვილი და მოვა მეორე კინწურაშვილი.“ თითქმის იგივე შიში გამოთქვა ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ: "საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის უცნობი ახალი კინწურაშვილი ეყოლება, რომელიც მაინც ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ მოექცევა."

გამოდის, რომ იმ ქალბატონის ზარი, რომელმაც საჯაროდ დასვა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება ოპოზიციის მოთხოვნები მომიტინგეთა განწყობებს, შემთხვევითი არ ყოფილა. ეს კითხვა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ნამდვილად აწუხებს.

როგორ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული მრავალათასიანი მიტინგების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა? ცხადია, ხელისუფლების შეცვლა. მაგრამ იმის გამო, რომ მომიტინგეები ძალისმიერ მეთოდებს არ მიმართავენ და ოპოზიციაც მათ მუდამ სიმშვიდისკენ მოუწოდებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ საზოგადოების პროტესტულ ნაწილსაც კი სასურველი მიზნის მიღწევა მშვიდობიანი გზით სურს. თავის მხრივ, მშვიდობიან გზებს შორის ყველაზე მოკლე და საიმედო გზა სამართლიანი, გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებაა.

თუ ლოგიკას გავყვებით, ხელისუფლებამდე მისასვლელი კანონიერი გზა სწორედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ტელევიზიაზე გადის. ამიტომაც შეარჩია ეს ორი მოთხოვნა ოპოზიციამ, რომლებიც ძალიან მსუბუქი კი არა, სინამდვილეში, ძალიან მძიმე მოთხოვნებია. კახა კუკავა მშვენივრად აცნობიერებს ამ სიმძიმეს და იმიტომაც გამოთქვამს ეჭვს, რომ, მიუხედავად მოლაპარაკებებისა, ხელისუფლება არ დათმობს კონტროლს საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

მაგრამ ხელისუფლება ერთგვაროვანი არ არის. მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მოლაპარაკების და დიალოგის რესურსი; ამავდროულად, არის სხვა ჯგუფი, რომელიც ფუნქციას დაკარგავს, თუკი პროცესები დიალოგის რეჟიმში გადავა. მათ ბადალი არ ჰყავთ ცხარე კამათისა და ძალისმიერი პოლიტიკის პირობებში; დღეს კი ეს ადამიანები არც ტელეეკრანებზე ჩანან და არც პოლიტიკურ ასპარეზზე. შესაბამისად, ისინი დიდი სიხარულით ვერ შეხვდებიან სახელისუფლო პოლიტიკის შეცვლას. ახალი, უფრო „რბილი“ პოლიტიკის მკაფიო ნიშნები კი სწორედ ის იქნება, თუკი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შედეგად, ესე იგი, თუკი საზოგადოების მხრიდან არსებული წნეხის ფონზე, შესაძლებელი გახდება თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ნდობის დაბრუნება ტელეეთერით მოსმენილი სიტყვის მიმართ.

საზოგადოების მხრიდან პროცესების ვერშეფასება იქნება იმ მოთხოვნების გაუფასურება, რომლებსაც ახლა ოპოზიცია აყენებს. ვერც იმას შევაფასებთ სწორად, თუ რა მნიშვნელობის ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება ახალი პოლიტიკისკენ ამ მოთხოვნების შესრულებით. შესაბამისად, უნებლიეთ დავაკნინებთ მრავალი ადამიანის ღირსეული ბრძოლით მოპოვებულ შანსს, რომ, პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საქართველოშიც ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები თავისუფალი მედიის მხარდაჭერით და, ბოლოს და ბოლოს, იშვას თავისუფალი საზოგადოება.




XS
SM
MD
LG