Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ბენდუქიძეს პარლამენტარობა უნდა” - ასეთია ”მთელი კვირის” დღევანდელი მოწინავე სტატიის სათაური. სტატიაში ვკითხულობთ:


”შესაძლოა, მომავალ პარლამენტში კახა ბენდუქიძეც ვიხილოთ და მხოლოდ პარლამენტარად კი არა, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარედაც კი მოგვევლინოს.” ”მთელი კვირის” ინფორმაციით, მას ამისი სურვილი აქვს და ყველა გზას ეძებს, რომ სააკაშვილი რამენაირად დაითანხმოს.”

გაზეთი აგრეთვე აქვეყნებს ინტერვიუს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დასთან, ნანა პატარკაციშვილთან. ჟურნალისტი მას ეკითხება გარდაცვლილი ბიზნესმენის ანდერძის შესახებ, რომელზედაც სხვადასხვა ქართული გაზეთები წერდნენ. ნანა პატარკაციშვილი უპასუხებს, რომ ანდერძი ოჯახს არ უნახავს და ყველაფერი, რაც იწერებოდა, სიცრუეა. ”არის ვერსია, რომ ანდერძი არსებობს, თუმცა არ გახსნილა”, - ამბობს ნანა პატარკაციშვილი და დასძენს: ”მიწისთვის არ მიგვიბარებია და როგორ შეიძლება ადამიანმა ანდერძზე ისაუბროს? ბადრის არ ჰქონდა არც შვილებთან და არც მეუღლესთან ეგ დამოკიდებულება, რომ მისი ცხედარი მიწას არ არის მიბარებული და იქ მატერიალური საკითხები იდგეს”, - განუცხადა ნანა პატარკაციშვილმა ”მთელ კვირას”.

”კვირის ქრონიკა” კი აქვეყნებს სახალხო დამცველის საქართველოში მიმდინარე პროცესების ამსახველ დასკვნას, სადაც სიტყვის თავისუფლებაზეა ლაპარაკი. სტატიაში დიდი ადგილი უჭირავს ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ში” არსებულ სიტუაციას. გაზეთის ინფრომაციით, რამდენიმე წამყვანმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია მას შემდეგ დატოვა, რაც წინა ხელმძღვანელმა, კობა დავარაშვილმა, თათბირი გამართა. ამ თათბირზე დავარაშვილს განუცხადებია, რომ ”რუსთავი 2-ის” მთავარი ფუნქცია აღმზრდელობითია და რომ ჟურნალისტებმა ახალი ადამიანი უნდა შექმნან. ”ქრონიკა” ახდენს დაუსახელებელი ჟურნალისტის ციტირებას: ”ჟურნალისტებს ოპტიმისტური სიუჟეტები უნდა გვეკეთებინა, უნდა აღგვეწერა არა ის, რაც არის, არამედ ის, თუ რა შეიძლება მოხდეს, როგორი უნდა იყოს მომავალი, ოპტიმისტურ ჭრილში.” სრულად სტატიას დღევანდელ ”კვირის ქრონიკაში” წაიკითხავთ. ამავე მასალაში ნახავთ სახალხო დამცველის დასკვნებს ტელეკომპანია ”იმედის” დარბევისა და სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთზე” განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

”კვირის პალიტრა” ბეჭდავს სტატიას, სახელწოდებით ”კარავთა დუმილი”. სტატია ასე იწყება: ”გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გასულ კვირას დაგეგმილი გრანდიოზული საპროტესტო აქცია, რომელიც მთელ საქართველოში კარავთა დაცემას გულისხმობდა, არ შედგა. შეწყვეტილი დიალოგის მიუხედავად, მხარეებს ეყოთ შეგნება, რათა კიდევ ერთხელ მოესინჯათ კომპრომისის გზები”, - წერს ავტორი და განაგრძობს:”ზოგიერთს რომ ჰკიხო, ოპოზიცია მოღალატეა. ზოგის ფანტაზია უფრო შორს წავიდა და დაპირისპირებული მხარეები შეკრულად გამოაცხადა. ვისაც ამ ქვეყნის მომავალი აღელვებს, მისთვის ბურჯანაძის მიერ დილის ოთხ საათზე ავსტრიიდან განხორციელებული ზარი და ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმედის ნაპერწკალია. მცირე, მაგრამ მაინც იმედის ნაპერწკალი”, - წერს დღევანდელი ”კვირის პალიტრა”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG