Accessibility links

logo-print

ბადრი პატარკაციშვილის ცხედარი ორი კვირის თავზე თბილისში ჩამოასვენეს


ცნობილი ბიზნესმენისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის ცხედარი 26 თებერვალს ლონდონიდან თბილისში ჩამოასვენეს.

ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება განსვენებულის თბილისურ რეზიდენციაში, ყოფილ რიტუალების სასახლეში, სადაც, ოჯახის გადაწყვეტილებით, 28 თებერვალს დაკრძალავენ კიდეც საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეს. ბადრი პატარკაციშვილი 52 წლის ასაკში ლონდონში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევა დასახელდა. თუმცა ბიზნესმენის მოულოდნელი გარდაცვალება და ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები დიდხანს იქნება წინააღმდეგობრივი შეფასებების საგანი.

26 თებერვალს, დილის ცხრა საათზე, თბილისის ცენტრალურ აეროპორტში ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. ბადრი პატარკაციშვილის ცხედრის დასახვედრად აეროპორტში მივიდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები, ბიზნესმენები და პოლიტიკური მოღვაწეები ოპოზიციური სპექტრიდან, რომლებმაც მანქანების გრძელი პროცესიით გზა განაგრძეს განსვენებულის რეზიდენციამდე. ბრიტანეთის სასამართლომ ნება დართო პატარკაციშვილის ოჯახს მიცვალებული მის სამშობლოში დაეკრძალა. წინასწარი გამოძიებითა და სამედიცინო დასკვნით, ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში, საკუთარ რეზიდენციაში, 12 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და მედია-მაგნატის გარდაცვალების მიზეზების ძიება გაგრძელდება. სააგენტო ”მედია ნიუსის” ცნობით, ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი აპირებს პარტნიორისა და მეგობრის გარდაცვალების რეალური მიზეზის დასადგენად ყველა საშუალება გამოიყენოს. ბერეზოვსკის უთქვამს, რომ იგი მკვლელსაც იპოვის, თუკი პატარკაციშვილი მოკლულია. გავლენიანი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის მკვლელობის ვერსიას ნაკლები მომხრე არც საქართველოში ჰყავს, თუმცა 26 თებერვალს ბიზნესმენის პანაშვიდზე მისული მეგობრები ცდილობდნენ ვერსიებზე მეტად გარდაცვლილის ღირსებებზე ელაპარაკათ. ” ბადრის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მომავლისთვისო”,-განაცხადა ოპოზიციის ერთიანი საბჭოს წევრმა გიორგი ხაინდრავამ, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ახლო მეგობარი იყო:


[გიორგი ხაინდრავა] ”იმიტომ, რომ ბადრი იყო ძალიან დიდი პოტენციის ადამიანი, რომელიც მთელი თავისი არსით იყო ქართველი კაცი, ამ მიწის შვილი, ამ მიწის ერთგული და მოსიყვარულე. და მე ვფიქრობ, მისმა ცხოვრებამ და გარდაცვალებამ ეს დაამტკიცა.”

22 თებერვალს, ვიდრე ქართველი ბიზნესმენის ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებდნენ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გაავრცელა სპეციალური მიმართვა, რომელშიც გააფრთხილა გარეშე პირები ”თავი შეიკავონ რაიმე ქმედებებისაგან, რომელიც ეწინააღმდეგება ბადრის სურვილის აღსრულებას. ყველა ამასთან დაკავშირებული ქმედება უშუალოდ არის მისი მეუღლის კომპეტენციაში”, - ნათქვამია განსვენებულის ოჯახის განცხადებაში. ოჯახის გადაწყვეტილებით, გაგრძელდება ბადრი პატარკაციშვილის ფონდის საქმიანობა და ასევე დამოუკიდებლად გადაწყდება საქმიანობა ტელერადიოკომპანია ”იმედის”, რომლის ბედიც საქართველოში ყველას ძალიან აღელვებს. 26 თებერვალს საინფორმაციო სააგენტოებმა უკვე გაავრცელეს ცნობა, რომ ტელეკომპანია ”იმედი” ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის ინა პატარკაციშვილის მფლობელობაში გადავიდა. თუმცა ბიძინა ბარათაშვილმა, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ”იმედის” მფლობელის ვინაობა ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვის შემდეგ გაირკვევა:

[ბიძინა ბარათაშვილი] ” ზეგ არის გარდაცვალებულის დაკრძალვა და ამის შემდეგ შეიძლება, ვთქვათ, მემკვიდრეებსა და იმავე ამერიკულ მხარეს შორის მოხდეს მოლაპარაკება და გაირკვევა ის საკითხები, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვაღელვებს.”

სავარაუდოდ, ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვის შემდეგ გაირკვევა ბედი ქართველი ბიზნესმენის კუთვნილი ”სტანდარტ-ბანკის”, სპორტსაზოგადოება ”დინამოს”, მთაწმინდის პარკისა და სხვა ბიზნეს-პროექტებისა, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ან დაყადაღებული აქვს, ანდა უკვე მოუძებნა ახალი პატრონი. ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს განმარტებებს ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეობის შესახებ. ბიზნესმენსა და მეცენატს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან და რომელიც გარემოებათა გამო შემდგომ ხელისუფალთა ყველაზე საშიშ პოლიტიკურ ოპონენტად იქცა, თბილისში, საკუთარი რეზიდენცის ეზოში, 28 თებერვალს დაკრძალავენ.


XS
SM
MD
LG