Accessibility links

logo-print

ბელორუსი ოპოზიციონერი დროებით გაანთავისუფლეს


უკვე ვიუწყებოდით, რომ ბელორუსმა ოპოზიციონერმა ალექსანდრ კაზულინმა შიმშილობა გამოაცხადა

მოთხოვნით, მიეცათ მისთვის მეუღლის დაკრძალვაზე დასწრების უფლება. ეს უფლება მან მიიღო და, როგორც იუწყებიან, წუხელ დატოვა ქალაქ ვიტებსკის ციხე შინ, მინსკში ჩასასვლელად.

ალექსანდრ კაზულინი სამი დღით არის გამოშვებული, რის შემდეგაც ისევ მოუწევს, დაბრუნდეს ციხეში, რომელშიც 5,5-წლიან პატიმრობას იხდის. ის 2006 წლის ივლისში დააპატიმრეს ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზებაში ბრალდების საფუძველზე.

მას შემდეგ იყო დღეები, როცა ბელორუსი ოპოზიციონერი დღეში 200-მდე წერილს იღებდა მხარდამჭერებისაგან - უმეტესწილად უცხეთიდან. “ბელორუსიაში ჯერაც ბევრი არ გამოფხიზლებულაო”, ჩივის კაზულინი, რომელიც დღეს დილაუთენია მინსკში დაბრუნებისთანავე, ძირითადად, სატელეფონო საუბრებით იყო დაკავებული: ჩვენი რადიოს ორი კორესპონდენტი იყო იმის მოწმე, რომ კაზულინმა ქალიშვილებთან წყნარი საუბრისთვისაც კი ვერ მოიცალა. ის ინტერვიუებს იძლეოდა, მხარდამჭერებს მადლობას უხდიდა.

როგორც ჩვენი კორეპსონდენტები აღწერენ, მის ბინაში სუფრა იყო გაშლილი, კედელზე ირინა კაზულინას სურათები ეკიდა. კაზულინის მეუღლე შაბათს გარდაცვალა, მკერდის კიბოთი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

[კაზულინის ხმა] “ჩვენი ოჯახის მწუხარება მთელს ბელორუსიაში ხალხის მწუხარების ერთი პატარა მაგალითია. ის, რასაც ადამიანები ხედავენ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, უბრალოდ საშინელებაა”. კაზულინის ეს სიტყვები ცხადჰყოფს, რომ ის არ აპირებს უკან დახევას პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმთან დაპირისპირებაში. ორშაბათს, როცა ჯერ არ იყო ცნობილი, აპირებდნენ თუ არა ციხიდან მის დროებით გამოშვებას, 1000-მდე ადამიანი შეირიბა მინსკის ცენტრში: ისინი, სანთლებით ხელში, მოითხოვდნენ კაზულინისთვის ცოლის დაკრძალვაზე დასწრების უფლების მიცემას.

თვით ოპოზიციონერმა კი, გარდა იმისა, რომ შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა კოლონიის წესებს დამორჩილებაზე, დაწერა ოთხგვერდიანი წერილი, რომელშიც მიუთითებს თავისი პატიმრობის უკანონობაზე, შიმშილობის მიზეზებზე. “აქამდე ჩემი ცოლის ავადმყოფობა მაკავებდა, ახლა აღარაფერი მაკავებსო”, ამბობს კაზულინი.

[კაზულინის ხმა] “ვთქვი, რომ გადავდივარ მშრალი შიმშილობის რეჟიმზე, ვთქვი, რომ ან ჩემს ცოლს დავკრძალავ - მას უკანასკნელ გზაზე გავაცილებ - ან კიდევ ორივეს ერთად დაგვმარხავენ. ისინი ამასობაში, მე მგონი, დარწმუნდნენ, რომ ზერელედ არ ვეკიდები ჩემს საქმეებს და, რასაკვირველია, აქციამ, რომელიც გუშინ გაიმართა მინსკში - სოლიდარობის აქციამ, რომელიც მთელმა ქვეყანამ, მთელმა ხალხმა აიტაცა, ასევე დიდი გავლენა მოახდინა რეჟიმზე”.

კაზულინი იმასაც ამბობს, რომ მას გასულ კვირაში პრეზიდენტმა ლუკაშენკამ შესთავაზა გარიგება: ოპოზიციონერს ვადამდე გამოუშვებდნენ ციხიდან და მის ცოლს უცხოეთში მკურნალობის საშუალებას მისცემდნენ იმ შემთხვევაში, თუ წყვილი აღარასოდეს დაბრუნდებოდა ბელორუსიაში. მაგრამ კაზულინმა და მისმა მეუღლემ უარი თქვეს. “რომ მეთხოვა, მილიონ დოლარს მომცემდნენ, ოღონდ ბელორუსიიდან მოვეცილებინეთო”, ირწმუნება კაზულინი.

ის ახლა მარტო დარჩა და სულ მალე ციხეში უნდა დაბრუნდეს. რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა შესთავაზონ, რეჟიმთან შეგუებას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG