Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსიკა და პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეაში


ჩვეულებრივ, როცა ჩრდილოეთ კორეაზე სიუჟეტს გთავაზობთ ხოლმე, ის ან ორ კორეას შორის მოლაპარაკების პროცესს ეხება,

ან კიდევ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუ ამ ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საჭიროებას. მაგრამ დღეს, ჩადილოეთ კორეაზე საუბარს სხვა მიზეზი აქვს - მუსიკალური მიზეზი.

[მუსიკა: აშშ-ის ჰიმნი ნიუ იორკის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით]

აშშ-ის ჰიმნი ამ ქვეყნის და, საერთოდ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით დღეს აჟღერდა ფხენიანში - დარბაზში, რომელიც 2500 მაყურებელს იტევს.

საქმე ეხება უპრეცედენტო კონცერტს - არა მარტო იმის გამო, რომ კომუნისტურ კორეაში იდეოლოგიური მტრის ჰიმნი აჟღერდა, არამედ იმიტომაც, რომ ის შესრულდა ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრის მიერ ჩრდილოეთ კორეაში მისი პირველი გასტროლების დროს.

[მუსიკა: ჩრდილოეთ კორეის ჰიმნი ნიუ იორკის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით]

ეს კი უკვე ჩრდილოეთ კორეის ჰიმნი გახლდათ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის შესრულებით.
კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცა ჩრდილოეთ კორეის რადიოთი და ტელევიზიით, მის შესახებ რეპორტაჟებმა მოიარა დასავლეთის მასმედია, რაც ცხადია არ ნიშნავს, რომ ორ სისტემას შორის ჰარმონიამ დაისადგურა.

მაგრამ მცირე გარღვევაზე საუბარი უკვე სავსებით გამართლებულად მიაჩნია ცნობილ დირიჟორს, ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის მუსიკალურ ხელმძღვანელ ლორინ მააზელს. აი, რა თქვა მან ჟურნალისტებთან საუბარში დღევანდელი კონცერტის დაწყებამდე: [ლორინ მააზელის ხმა] “მუსიკა ყოველთვის, ტრადიციულად იყო და არის ის სფერო, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტის დამყარების საშუალებას აძლევს. ის ნეიტრალურია, ის ემოციურია, ადამიანს ადამიანთან აკავშირებს. თუ ჩვენს კონცერტს აქ კარგად მიიღებენ, თუ მსმენელები იგრძნობენ, რომ ჩვენ გვსურს მათთვის დაკვრა და თავადაც ექნებათ სურვილი, რომ მათთვის დავუკრათ, მაშინ შევძლებთ, რაღაც წვლილი მაინც შევიტანოთ ჩვენი ხალხების თუნდაც ერთი პაწაწინა ნაბიჯით დაახლოებაში”.

ამ მხრივ ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრს უკვე აქვს ისტორიული გამოცდილება: ორკესტრმა 1959 წელს დაუკრა საბჭოთა კავშირში, ნიკიტა ხრუჩოვის მმართველობის დროს - უკვე პოსტსტალინურ პერიოდში.

მართალია, ყველა აცნობიერებს, რომ ერთი კონცერტი რაიმე რადიკალურ ცვლილებას არ მოასწავებს, მაგრამ კმაყოფილებას მართლაც რომ ერთხმად გამოთქვამენ - იქნება ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელმაც დღეს პეკინში ვიზიტისას შეაქო კონცერტის ჩატარების იდეა, თუ ამერიკელი კლარნეტისტი სტივ ფრიმენი, რომელიც ნიუ-იორკის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის წევრია და, შესაბამისად, მონაწილეობდა ფხენიანის კონცერტში.

[სტივ ფრიმენის ხმა] “კი, მე ეს მომწონს. კარგი ამბავია. ჩვენს გარშემო მსოფლიოში ბევრი საფრთხეა და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია - იქნება ეს ერთი ადამიანი, თუ მთელი ჯგუფი - თუ რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ საფრთხე ნაკლები იყოს, კარგია”.

ყველაზე გახარებულები კი, ალბათ, მაინც ის ჩრდილოეთკორეელები იყვნენ, ვისაც მუსიკა უყვარს. მათ დიდებული მუსიკის მოსმენის საშუალება მიეცათ ქვეყანაში, სადაც კონცერტებზე, ჩვეულებრივ ასრულებენ ნაწარმოებებს შემდეგი სახელწოდებებით: “ჩვენი ლიდერი ყოველთვის გვერდით გვიდგას”, “გამარჯვება იაპონიის წინაღამდეგ დიდ ომში”, ან “ფხენიანი ყველას ჯობია”.

დღეს ფხენიანში გერშვინის, დვორჟაკის, ვაგნერის ნაწარმოებები ჟღერდა.

[მუსიკა: რიხარდ ვაგნერის “ლოენგრინი” ნიუ იორკის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით]
XS
SM
MD
LG