Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე პაკეტთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი ნაწილის დამტკიცების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა

კვლავ მოლაპარაკებების ფორმატში გადავიდა. საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებზე დასწრებას მხოლოდ მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას აპირებს. მათ შორისაა მაჟორიტარული არჩევნების არსებული წესის შეცვლა, რომლის განხილვა მომავალ კვირამდე გადაიდო.

26 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დამტკიცების გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ერთ ნაწილსაც უყარეს კენჭი. კენჭისყრაში მონაწილეობდა საპარლამენტო ოპოზიციაც, რომლის ხარჯზეც შემდგარმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გადატანა და პირველი ვიცე–პრემიერისა და ვიცე–პრემიერების თანამდებობების შემოღება. განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე პაკეტისა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლას, პარლამენტის ვადის 5 წლამდე გაზრდასა და საარჩევნო ბარიერის შვიდიდან 5 პროცენტამდე დაწევას მოიცავს, ერთი კვირით გადაიდო. ტაიმ–აუტი ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ აიღო. საქმე ეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის წესს, რომელსაც ოპოზიცია უკვე შეთანხმებულ საკითხთა რიგში ითვლიდა.

[ნინო ნაკაშიძის ხმა]“ რამდენადაც მე ვიცი, თვითონ სისტემა ჯერ შეთანხმებული არ არი და მიმდინარეობს მოლაპარაკება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ჩავთვალოთ, რომ მოლაპარაკება ამით მთავრდება. ანუ ჩვენ გვაქვს იმედი და ამის ნიშნები არის, რომ ეს მოლაპარაკება შედგება და ჩვენ შევთანხმდებით ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებაზე.“

გვითხრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ნაკაშიძემ. თუმცა ამ საკითხის განსახილველად კვლავ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნება მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, რომელიც, საზოგადოდ, ხელისუფლებისადმი ნდობით არ გამოირჩევა.

[მანანა ნაჭყებიას ხმა]“ საუბარი აღარ არის რეგიონულ პროპორციულ სიებზე. არის მცდელობა, რომ ისევ იყოს მაჟორიტარული არჩევნები და, ვთქვათ, პროპორციული 100 ადგილის ნაცვლად, იყოს 75. შემდეგ ეს შეიცვალა და გადავიდა იმაზე, რომ 75 კი არ იყოს მაჟორიტარული ადგილი, არამედ იყოს 50, ანუ საქართველო დაიყოს 50 ოლქად და აქ, ვთქვათ, როგორი ტერიტორიული პრინციპი იქნება გათვალისწინებული, ჩვენ არც ვიცით ეს, სიმართლე გითხრათ. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ცვლილება, რომ 50 ოლქად დაყონ და კვლავ მაჟორიტარული არჩევნები ჩაატარონ, ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს, ამაზე თანხმობა არ გვითქვამს და ჩვენს გარეშე ასეთი ცვლილება მიგვაჩნია, რომ არის მიუღებელი.“(სტილი დაცულია)

ამბობს მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია, რომლის აზრითაც, ხელისუფლება კვლავაც ცდილობს შეინარჩუნოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, პრინციპით, გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. ამ პრინციპის ალტერნატივად კი ოპოზიციის მხრიდან საუბარია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის რეგიონალური პროპორციული სიებით შეცვლაზე, რაც რეგიონებს შორის მანდატების მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილებას გულისხმობს. როგორც ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი დავით ზურაბიშვილი აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ეს ცვლილება შეთანხმებული ფორმულირებით ჩაიდო გასული კვირის დღის წესრიგში, ანუ მაშინ, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ შევიდა. დავით ზურაბიშვილი მოულოდნელ ცვლილებას მმართველი პარტიის შიგნით არსებული ჯგუფების დაპირისპირებით ხსნის და საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს განგვიმარტავს, რომელიც პარლამენტის ვადის 5 წლამდე გაზრდას შეეხება და რომელიც ჯერჯერობით ასევე უთანხმოების საგანია:

[დავით ზურაბიშვილის ხმა]“ ჯერ ერთი, ხუთი წელი ისედაც ბევრია, მე ვფიქრობ. მე თვითონ უკვე ვიყავი 4 წელი, 4 წელი მისრულდება და ნამდვილად ვთვლი, რომ 5 წელი ბევრია. მაგრამ ეს იმდენად მთავარი არ არის. მთავარი უფრო ის არის აქ, რომ ამ ცვლილებით პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები კვლავ ტარდება ერთდროულად. ანუ აქ ეს ერთდროულად ჩატარება არის პრობლემა უფრო მეტად, ვიდრე ვადა. ანუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ, ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ეს აუცილებლად ცალ–ცალკე უნდა ხდებოდეს. აი, ეს ორი საკითხია. უფრო მნიშვნელოვანია, მე მგონი, პროპორციული სისტემა.“
XS
SM
MD
LG