Accessibility links

რა მოცულობით იზრდება საქართველოს ბიუჯეტი და რას მოხმარდება ნამატი თანხები


ორი თვეც არ იყო გასული 2008 წლის საქართველოს ბიუჯეტის კანონის ამოქმედებიდან, რომ მთავრობა მასში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.

მთავრობის მიერ მომზადებული საბიუჯეტო ცვლილების პროექტის შესაბამისად, საქართველოს მთავარი საფინანსო გეგმა 184 მილიონი ლარით გაიზრდება. ცვლილებებია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც. კანონპროექტის თანახმად, ბიუჯეტში ხარჯების მოცულობა 200 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს. რამ გამოიწვია ეს საბიუჯეტო ცვლილებები და რას მოხმარდება ნამატი თანხები?

მთავრობის მიერ მომზადებული საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი უკვე განიხილეს საქართველოს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტში. 27 თებერვალს ბიუჯეტის 184 მილიონი ლარით გაზრდა საგარეო ურთიერთობათა, აგრარულ საკითხთა, ეკონომიკური პოლიტიკის და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა მოიწონეს. საკომიტეტო განხილვა 29 თებერვალს უნდა დასრულდეს. ბიუჯეტის ცვლილების მიმართ დეპუტატებს შენიშვნები ნაკლებად აქვთ, რადგან საქმე პენსიების ზრდას და სხვა სოციალურ ხარჯებს ეხება. იმის თობაზე, თუ რას მოხმარდება გაზრდილი ბიუჯეტის ნამატი თანხები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ამბობს:

[გია ხუროშვილის ხმა] ”იზრდება პენსიები 55 ლარიდან 70 ლარამდე. რეგიონალური განვითარების პროგრამები იზრდება 30 მილიონი ლარით და ამავე ბიუჯეტში აისახება ევროფონდების თემა, რომელიც, ბუნებრივია, მოითხოვს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტში.”

2008 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილებების თანახმად, იზრდება ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვითი ნაწილი. კერძოდ, საბიუჯეტო შემოსავლები, რაც 5 მლრდ 155 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, 5 მლრდ 295 მლნ ლარს მიაღწევს, ხარჯვითი ნაწილი კი 4 მლრდ 563 მლნ ლარიდან 4 მლრდ 766 მლნ ლარამდე გაიზრდება.

ოპოზიცია ამ ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის, კომენტარი:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”ჩვენ არც ბიუჯეტის, არც სხვა საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ ვიღებთ. მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვაში ვმონაწილეობთ აქტიურად. და მომავალი პარლამენტი, რომელიც აღუდგენს ლეგიტიმურობას აღმასრულებელ ხელისუფლებას, იქნება უფლებამოსილი განიხილოს ესა თუ ის საკითხი.”

ოპოზიციის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ”მრეწველთა” ფრაქციის ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს, პენსიების ზრდის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა კი ის ზოგადად ბიუჯეტის ხარჯების ზრდას არ მიესალმება, რადგან ეს ინფლაციის მასტიმულირებელია:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”რას გამოიწვევს, ანალიზი საერთოდ არ არის გაკეთებული - ინფლაციას გამოიწვევს? არ გამოიწვევს? - რა თქმა უნდა, გამოიწვევს...”

საქართველოს მთავრობის აზრით კი, ის ინფლაციის შეჩერებას ეროვნული ბანკის მექანიზმებით შეძლებს, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ბანკის რეორგანიზებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს. ჯერჯერობით ეს ცვლილებები უამრავ წინააღმდეგობას წააწყდა როგორც ოპოზიციის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან.
XS
SM
MD
LG