Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უმაღლესი კომისარი ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება


დღეს საღამოს გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუიზ არბურმა სამდღიანი ვიზიტის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

დღეს არბური სოხუმსა და გალშიც იმყოფებოდა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ყველაზე მეტად გაეროს მაღალჩინოსნისგან ელოდნენ ინფორმაციას აფხაზთა მიერ დაკავებული ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტისა და მისი თანმხლები ორი პირის ბედის შესახებ. ამ თვალსაზრისით, არბურის სოხუმში ვიზიტზე გარკვეულ იმედს ამყარებდა საქართველოს ხელისუფლებაც. მაგრამ გაეროს უმაღლესი კომისარი ამ საკითხზეც, ისევე როგორც სხვა თემებზე, ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა.

უკვე ორი დღეა ქართული მედია ავრცელებს ცნობას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას დაკავების შესახებ. მასთან ერთად დაკავებულია ორი პირი. აფხაზური საინფორმაციო საშუალებებით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული სამი პირი აფხაზეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს და, ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ისინი საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებში შემავალი სხვა დავალებების შესასრულებლად შევიდნენ კონფლიქტის ზონაში.
დღის მანძილზე საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და, ბოლოს, პრეზიდენტმა გააკეთეს განცხადებები სამი ქართველის დაკავების გამო.
[სააკაშვილის ხმა] ”მე მინდა ვუთხრა სერგეი ბაღაფშს და კარგად მომისმინოს. მისთვის ძალიან კარგად გასაგებ ქართულ ენაზე მინდა ვუთხრა: ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს დაჭერილი ჟურნალისტი, მოტაცებული ჟურნალისტი, ან მე, საქართველოს პრეზიდენტი, მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას გაათავისუფლოს ბასილაია სოხუმში.”

ტელეკომპანია ”მზემ” საქართველოში მყოფ გაეროს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუიზ არბურს მიმართა თხოვნით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ბასილაიას გათავისუფლება მოსთხოვოს. არბურმა განაცხადა, რომ ის შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს როგორც სოხუმში, ისე გალში და ”ნასიამოვნებია”, რომ სოხუმის ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა განაგრძოს თანამშრომლობა გაეროს წარმომადგენლებთან კონფლიქტის ზონაში. არბური აცხადებს, რომ დღეს დილით დაკავებული ჟურნალისტი და მისი თანმხლები ორი პირი მოინახულეს ”იუნომიგის” თანამშრომლებმა.

ამ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე არბურის პასუხი ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ბასილაია დღეს პატიმრობიდან გათავისუფლებული, ასეთი გახლდათ: [არბურის ხმა] ”ამ დროისთვის მე არ გამაჩნია ინფორმაცია და, გულახდილად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ვითარებას ხელს არ შეუწყობს ამ საქმის დეტალებზე ვარაუდების გამოთქმა. ხელშემწყობი ფაქტორი გახლავთ ის, რომ საკითხში ჩართულია გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი. ისინი თვალყურს მიადევნებენ პროცესს და გონივრული იქნება მოცდა, ვიდრე ფაქტები დაზუსტდებოდეს.”

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, 7 ნოემბრის მოვლენათა გამოძიების საკითხზე:
[არბურის ხმა] ”მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მე ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საჯაროობა გასული წლის ნოემბრის მოვლენათა გამოძიების შედეგებისა. როგორც ვიცი, გამოძიებას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მე მოვუწოდებ მთავრობას ამ გამოძიების პროცესი და შედეგები საჯარო გახადოს. ამასთან, ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უნდა გამოავლინოს როგორც სისტემური შეცდომები, აგრეთვე მოვლენებში მონაწილე ნებისმიერი საჯარო მოხელის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი.”
გარდა შვიდი ნოემბრის მოვლენებისა, ლუიზ არბურმა ისაუბრა ციხეებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და გამოთქვა შეშფოთება საქართველოში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევის გამო. ამ ვიზიტისას გაეროს უმაღლესი კომისრის ყურადღების საგანი გახლდათ აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. მე დავინტერესდი, თუ რა ინფორმაცია მიიღო ლუიზ არბურმა გაეროს თანამშრომლებისგან კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. მაგრამ ის გაეროს მისიის შესახებ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა და ვითარების დეტალური აღწერისგან თავი შეიკავა.

და კიდევ ერთი დეტალი: სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტთან”, სადაც პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო, ლუიზ არბურს პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით შეხვდნენ პარტია ”იმედის” მხარდამჭერები. პრესკონფერენციის დაწყებამდე მათმა წარმომადგენლებმა არბურისთვის იგორ გიორგაძის მხარდამჭერების საქმეზე საბუთების გადაცემა სცადეს. არბური მათ შეხვედრას დაჰპირდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით პარტია ”იმედის” ლიდერმა ირინა სარიშვილმა განმიცხადა, ეს შეხვედრა არ შედგა და საბუთები არბურის თანაშემწეს გადაეცა:
[სარიშვილის ხმა] ”სამწუხაროდ, გადავეცით თანაშემწეს და არა ქალბატონ არბურს, იმიტომ რომ ქართულმა მხარემ ისეთი ბლოკადა აღმართა დღეს, რომ არც ჩემი შეხვედრა შედგა მასთან და პრესკონფერენციაზე როგორც კი დამინახეს შესული, იმწამსვე, უბრალოდ, ეს ქალი გააპარეს.”(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG