Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ომი იწყება?!” - ასეთი სათაურით ქვეყნდება ”ალიაში” მასალა, რომელიც აფხაზების მიერ ტელეკომპანია ”მზის”

ჟურნალისტის დაკავების გამო შექმნილ ვითარებას შეეხება. ”მართალია, ულტიმატუმის ვადა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ამ სიტუაციაში სააკაშვილს ისღა რჩება, მერაბიშვილს სპეცოპერაციის ჩატარების ბრძანება მისცეს. და რა მოხდება მაშინ? საზღვარზე - ენგურთანაც და კოდორთანაც -რუსი სამშვიდობოები დგანან, რომლებიც, ალბათ, ქართველ პოლიციელებს არ გაატარებენ და ამ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, შეტაკება რუსებთანაც მოხდეს”, - წერს ”ალიას” ავტორი და ვითარებაში გარკვევას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქავთარაძესთან ცდილობს. ქავთარაძე კი ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება ულტიმატუმი იყო და რომ ”კრიმინალური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით შსს-ს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე აქვს სპეცოპერაციის ჩატარების უფლება. პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და მას აქვს სრული უფლება, განახორციელოს აღნიშნული სპეცოპერაცია და მისი კონტროლი მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლები და სამშვიდობო ძალები იმყოფებიან”, - ამბობს ირაკლი ქავთარაძე ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან, რომელიც ვალერი გელბახიანის საქართველოდან წასვლის ისტორიას, მისი და პატარკაციშვილის ბოლოდროინდელი ურთიერთობისა და ცნობილი ჩანაწერების თაობაზე ჰყვება.

ბადრი პატარკაციშვილის შესახებ დღეს თითქმის ყველა გაზეთი წერს. ”ყველა სიახლე” ამ თემაზე რამდენიმე პუბლიკაციას აქვეყნებს. მათ შორის არის ინტერვიუ ბორის ბერეზოვსკისთან, რომელსაც მიაჩნია, რომ მისთვის საქართველოს ვიზის მიცემის საკითხი სააკაშვილის დონეზე წყდება. ერთ-ერთი წერილის ავტორი კი წერს: ”პატარკაციშვილის გემზე ყოველთვის ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ როცა ხომალდს პირველმა ტალღამ გადაუარა, ჯერ სიხალვათე შეიქნა, მერე კი, როცა ნამდვილი შტორმი დაიწყო, გემბანზე თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები დარჩნენ, სხვებმა კი ან გაქცევით უშველეს თავს, ან სხვის ნავში გადასხდნენ.” იმავე გაზეთში ქვეყნდება აგრეთვე ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან. ის ოპოზიციას იმაში ადანაშაულებს, რომ მან 200 და 300 ათასი ადამიანი არ გამოიყენა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დამთავრებულიყო. ახლა უკვე ეს ყველაფერი ფეხების უაზრო ქნევაა”, - ამბობს ნათელაშვილი.

”რეზონანსი” პირველ გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და ყოფილ ელჩთან რუსეთის ფედერაციაში ვაჟა ლორთქიფანიძესთან. მთელი ინტერვიუ ბადრი პატარკაციშვილს ეძღვნება. ლორთქიფანიძე ჰყვება: ”ერთხელ ”ვრემიაში” ცუდი სიუჟეტი გავიდა საქართველოზე. საშა ლიუბიმოვთან, ორტ-ს საინფორმაციოს უფროსთან ვმეგობრობდი, მაგრამ ის ყველაფერს ვერ წყვეტდა. მერე თვითონ ლიუბიმოვმა მიამბო საკვირველი ამბავი, რომ ბადრი ორტ-ს ერთ-ერთი მეპატრონე და კომერციული დირექტორი იყო. ”ვრემიაში” გასული ინფორმაციის შემდეგ კრებაზე პირდაპირ უთქვამს: მე ვლობირებ საქართველოს ინტერესებს და გთხოვთ, ეს ყველამ მხედველობაში მიიღოთ: ვლობირებ იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესიცააო”, - იხსენებს ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელთან ინტერვიუსაც ”რეზონანსი” ბეჭდავს.

”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ყველაზე მეტად ყურადღებას იპყრობს სათაური, კითხვის ნიშნით: ”რკინიგზას ბეჟუაშვილები და ადეიშვილები ჩაიგდებენ ხელში?”. ეს არის ინტერვიუ ლეიბორისტ გიორგი გუგავასთან, რომელიც ამბობს, რომ რკინიგზის შესყიდვა ხელისუფლებას აინტერესებს. რკინიგზის თემაზე ინტერვიუში სხვას ვერაფერს ნახავთ.

”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი საქართველოს ბოლო სამი პრეზიდენტის სამ სახელმწიფოებრივ ხედვაზე წერს. ეს წერილის მხოლოდ პირველი ნაწილია. ”დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განვლილ პერიოდს რომ გადავხედოთ, ადვილად დავინახავთ, რომ მთავარი, რასაც ემყარება საქართველოს დღევანდელი სახელმწიფოებრიობა და რასაც აქტიურად იყენებს ყველა ხელისუფლება - ქართული პატრიოტიზმია”, - წერს ავტორი და დასძენს: ”სწორედ სამშობლოს სიყვარული არის ის, რაც ადამიანებს დღემდე აძლებინებთ და რის საფუძველზეც იტანენ ყველაფერს, რაც ობიექტურ მიზეზთა გამო თუ ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა წყალობით თავს დაატყდათ.” - ასე ფიქრობს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG