Accessibility links

logo-print

რატომ მწვავდება ვითარება თბილისსა და სოხუმს შორის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ”დათბობის” ფონზე


საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ თბილისსა და სოხუმს შორის

ვითარება საგრძნობლად გამწვავდა. დაძაბულობის მიზეზად, თბილისისა და მოსკოვის პოლიტიკური შეთანხმებების გარდა, აფხაზეთის მილიციის მიერ ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიას დაპატიმრების ფაქტი იქცა. ამ ფაქტის შემდეგ სოხუმიდან თუ თბილისიდან, პოლიტიკური განცხადებების გარდა, მუქარაც კი გაისმა. რამ გამოიწვია თბილისსა და სოხუმს შორის ვითარების დაძაბვა?

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია ”მზის” კორესპონდენტი მალხაზ ბასილაია აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ენგურის ხიდზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ ტელესიუჟეტის მომზადებისას დააკავეს და სოხუმის ციხეში გადაიყვანეს.

ბასილაიას გათავისუფლებას, მის ნათესავებსა და ჟურნალისტებთან ერთად, აქტიურად მოითხოვს ოფიციალური თბილისიც. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოხუმის ხელისუფლებას, აი, ასეთი განცხადებით მიმართა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მინდა ვუთხრა სერგეი ბაღაფშს და კარგად მომისმინოს, მისთვის კარგად გასაგებ ქართულ ენაზე მინდა ვუთხრა: ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს დაჭერილი ჟურნალისტი, მოტაცებული ჟურნალისტი, ან მე, საქართველოს პრეზიდენტი, მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას გაათავისუფლოს ბასილაია სოხუმში.”

ამ განცხადებას სოხუმიდან პასუხი არ მოჰყოლია, თუმცა კი გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობასა და ამ ურთიერთობაში რუსეთის როლს შეეხება.

განცხადებაში რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იგი ''არასდროს არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას''.

რუსეთის საგარეო უწყების აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ თავისუფალი ინტერპრეტაცია გაუკეთა პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებათა შედეგებს.

''შედეგად ჩამოყალიბდა ისეთი აზრი, თითქოს საქმე ეხება რაღაც შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა სოხუმისა და ცხინვალის ზურგს უკან'', - ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვის პოზიციის ასეთ შეცვლას უმალვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”კატეგორიულად ვერ გავიზიარებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, თითქოს ეს არის რაღაც კულუარული შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის, სოხუმისა და ცხინვალის გვერდის ავლით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ის ძირითადი პრინციპი, რომელსაც ცნობდა და აღიარებს რუსეთის ფედერაცია.”

ბაქრაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებათა შედეგების შესახებ პრესაში გამოქვეყნებული ტექსტის უტყუარობა და იმ საკითხებსაც შეეხო, რომელთა გამოც ბოლო დღეების განმავლობაში მოსკოვსა და თბილისს შორის დამთბარი ურთიერთობა კვლავ გართულდა. ლაპარაკია რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში. დავით ბაქრაძის კომენტარი:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”მე ხელთ მაქვს ორი ნოტა. პირველი ნოტა გახლავთ, რომელიც ჩვენ მივიღეთ რუსეთის საელჩოსგან, სადაც რუსეთი ითხოვს ნებართვას საარჩევნო უბნების გახსნაზე თბილისში, ახალქალაქსა და ბათუმში - მხოლოდ ამ სამ ადგილას - და არანაირად აქ ნახსენები არ არის არც აფხაზეთის და არც სამხრეთ ოსეთის ტერიტორია.”(სტილი დაცულია)

თბილისსა და მოსკოვს შორის უთანხმოების კიდევ ერთ მიზეზად ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაც იქცა.

XS
SM
MD
LG