Accessibility links

logo-print

გამოწვევები დემოკრატიისათვის საქართველოში


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ასრულებს,



საერთაშორისო დონორებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს სამოქალაქო სექტორის დახმარების პროგრამები, ხოლო მასმედია განაგრძობს დაუბალანსებელი და უხარისხო ინფორმაციებით მანიპულირებას, - ასეთი შეფასება გაკეთდა 28 თებერვალს სასტუმრო შერატონ მეტეხში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა უმასპინძლა. კონფერენციაზე მოხდა პრეზენტაცია თბილისის მასშტაბით ჩატარებული ახალი სოციოლოგიური კვლევებისა, რომელმაც აჩვენა, რომ დედაქალაქის მცხოვრებთა კრიტიკული დამოკიდებულება მმართველი გუნდის მიმართ უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

გამოწვევები ქართული დემოკრატიისთვის ის მტკივნეული თემაა, რომელზეც ყოველთვის მწვავე კამათი იმართება ქართულ არასამთავრობო სექტორში. ამის მიზეზი კი, როგორც 28 თებერვალს გამართულ კონფერენციაზე განიმარტა, არის თავად დემოკრატიის ბუნება, რომელიც ყოველთვის მოითხოვს ღირებულებებისა და უფლებებისათვის ბრძოლას, მით უფრო იმ ქვეყანაში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ყველა სხვა სახელისუფლებო შტო და დემოკრატიული ინსტიტუტი. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ სოფო ხორგუანმა პოსტრევოლუციური საქართველოს ყველაზე უფლებათდამრღვევ სახელმწიფო სტრუქტურად დაასახელა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც, მომხსენებლის თქმით, ერთგვარი პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია იკისრა. ხორგუანის თქმით, უნდა შეიცვალოს არა მხოლოდ პოლიციის ფუნქცია, არამედ მისი სახელწოდებაც:

[სოფო ხორგუანი] ”საქართველოში არის დამკვიდრებული ტერმინი ”ძალოვანი სტრუქტურები”. საქართველოს სახალხო დამცველის სტრატეგიაში ჩავწერეთ, რომ სანამ არ შეიცვლება ”ძალოვანი სტრუქტურები” ტერმინით ”სამართალდამცველი სტრუქტურები”, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია სერიოზული პრობლემა იქნება.”


მომხსენებლები ამბობდნენ, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავდა დემოკრატიული ნორმების დარღვევას, მას რომ ძლიერი მაკონტროლებლები ეგულებოდეს, სამოქალაქო სექტორის სახით. 2003 წლის შემდეგ კი არასამთავრობო სექტორის გავლენა ხელისუფლებაზე, როგორც კონფერენციაზე ითქვა, მკვეთრად შემცირდა. ”კოალიცია დემოკრატიისათვის” წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა მკაცრად უსაყვედურა უცხოელ დონორებს, რომლებმაც, მომხსენებლის თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ მკვეთრად შეამცირეს არასამთავრობო სექტორის პროგრამების დაფინანსება:

[ზაქარია ქუცნაშვილი] ”ვარდების რევოლუციის შემდეგ უცხოელმა დონორებმა შეამცირეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და გადამისამართდა ეს თანხები პირდაპირ სამთავრობო სტრუქტურებზე. ”


სასტუმრო შერატონ მეტეხში გამართულ კონფერენციაზე ყველაზე ხანგრძლივი განხილვა და ცხარე დისკუსია მოჰყვა სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც 2007-2008 წლის ნოემბერ-იანვრის პოლიტიკური მოვლენების თაობაზე კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დაკვეთით ჩატარდა თბილისის მასშტაბით. უშუალო ინტერვიუს ფორმის გამოყენებით ჩატარებული გამოკითხვა ეხებოდა როგორც 7 ნოემბრის დროს ხელისუფლების ქმედებას, ასევე 5 იანვრის არჩევნების სამართლიანობას. პრეზენტაციის ავტორის პროფესორ გიორგი ნიჟარაძის თქმით, ირკვევა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა - 45 პროცენტი - თბილისში კვლავ დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ასევე ხელისუფლების შეცდომებს მიეწერება ხალხის გამოსვლა ნოემბრის დღეებში.

[გაგა ნიჟარაძე] ”პირველი შეკითხვა იყო: რამ გამოიწვია 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო გამოსვლები? 81 პროცენტი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ ხალხში დაგროვილმა რეალურმა უკმაყოფილებამ.”

განსაკუთრებით მოულოდნელი მაინც იმ გამოკითხვის შედეგები აღმოჩნდა, რომელიც ჩატარდა მოსახლეობაში ყველაზე უფრო გავლენიანი საზოგადო მოღვაწის გამოსავლენად. თბილისის ქუჩებში ჩაწერილმა გამოკითხვამ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ მე-15 ადგილი მიაკუთვნა.

[გაგა ნიჟარაძე] ”ესე იგი, კლების მიხედვით, პირველ ადგილზეა ილია მეორე, შემდეგ - გიორგი თარგამაძე, ლევან გაჩეჩილაძე, თინა ხიდაშელი, კახა კუკავა, დავით გამყრელიძე... მე14, მე-15 ადგილზე არის ბურჯანაძე და სააკაშვილი, რომლებსაც დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი აქვთ.”

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დემოკრატია ძლიერი გამოწვევების წინაშეა, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები გაზაფხულზე უფრო სამართლიანად ჩატარდება და რომ მასში გამარჯვების თანაბარი შანსები აქვს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლით არხსაც ეშველება და ტელესივრცეც დაიწმინება.
XS
SM
MD
LG