Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უყურებენ ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოში ხელისუფლებასთან კონსულტაციების მიმდინარეობას და ინარჩუნებს თუ არა საბჭო ერთიანობას


ქუჩის საპროტესტო აქციებზე უარის თქმისა და დიალოგის მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები საზოგადოებრივი

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებისა დ საარჩევნო საკითხების გარშემო წარიმართა... ოპოზიციის ამ არჩევანს გამართლებულად მიიჩნევს ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, თინა ხიდაშელი, თუმცა მხარეთა შორის შეთანხმებების რეალიზაციის პროცესში, ვგულისხმობთ გადაწყევტილებების მიღების პროცესს, ხელისუფლებისგან სიურპრიზებს არ გამორიცხავს.. ერთი სიურპრიზი უკვე მივიღეთო, - ამბობს ის და აქ მაჟორიტარული საარჩევნო წესის შეცვლასთან დაკავშირებით პარლამენტში განვითარებულ დისკუსიას გულისხმობს.


28 თებერვალს აქტიურად ვრცელდებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოსგან დისტანცირების შესახებ, საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიზნით. ამ ცნობის კომენტირებისას პარტიის წარმომადგენლები ერთს აღნიშნავდნენ:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”საბჭოს საპარლამენტო არჩევნების რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით ხვალ საბჭო გააკეთებს განცხადებას. ”

თინა ხიდაშელის ნათქვამი გაიმეორა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ზურაბიშვილმაც და დასძინა, დღეს მეტის თქმა არ შემიძლიაო. კომენტარი ლევან ბერძენიშვილმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პარტია გეგმავს განცხადების გაკეთებას, თუმცა ეს განცხადება არ უკავშირდება ”რესპუბლიკელების” მიერ ოპოზიციური გაერთიანების დატოვებას.

ოპოზიციურ გაერთიანებაში, ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოში უწინდებურად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საზოგადოების დაკვეთის რეალიზაცია - საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობა... ამ საკითხთან დაკავშირებით რომ საბჭოში რესპუბლიკელებს, შესაძლოა, განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ, ეს ჟურნალისტებს 28 თებერვალს ლევან გაჩეჩილაძემ დაუდასტურა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ” არის ვარიანტი იმის, რომ რესპუბლიკური პარტია ცალკე გავიდეს, საბჭოს სხვა წევრები - ცალკე, მაგრამ მიდის ანალიზი იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ” (სტილი დაცულია)

როგორც უკვე მოვისმინეთ, თავად ”რესპუბლიკელები” არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციაზე კომენტარს არ აკეთებენ... ოფიციალური განცხადება 29 თებერვალს გაკეთდება.... მანამდე კი თინა ხიდაშელს ვკითხეთ აზრი იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული კონსულტაციები...

[თინა ხიდაშელის ხმა] ”ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის, არ გამოვრიცხავ სიურპრიზებს ხელისუფლების მხრიდან. ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც არ გავიდა გუშინდელ სესიაზე, არ გავიდა იმიტომ, რომ მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა ხელისუფლებამ. ”

იგულისხმება საკონსტიტუციო ცვლილება მაჟორიტარული საარჩევნო წესის თაობაზე. ოპოზიცია ითხოვდა და ითხოვს უარის თქმას მაჟორიტარულ საარჩევნო წესზე და მის ჩანაცვლებას პროპორციული წესით, რეგიონებიდან შერჩეული წარმომადგენლობის ხარჯზე. თინა ხიდაშელის თქმით, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ წარმომადგენლები ირჩეოდნენ პოლიტიკური ნიშნით და არა იმის მიხედვით, ვიღაცა რამდენად პოპულარული მომღერალია ან თუნდაც რამდენად კარგი სპორტსმენი და ა. შ...

[თინა ხიდაშელის ხმა] ” ეს იყო ერთ-ერთი პირველი თემა, რაზეც თითქოს შეთანხმებულნი ვიყავით. აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა.. ”

აღმოჩნდა, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მოთხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვა შეიმუშავეს. მათ მიიჩნიეს, რომ მაჟორიტარული არჩევნებიდან პროპორციულ-რეგიონალურ წესზე გადასვლა ზოგიერთი რეგიონის უფლებას შელახავს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, იდეა, რომ ყველა რეგიონს ჰყავდეს საკუთარი მაჟორიტარი, კარგია და პარლამენტს არა აქვს უფლება უგულებელყოს აღნიშნულთან დაკავშირებით რომელიმე ჯგუფის - მით უფრო, მაჟორიტარების -მოსაზრებაო. კენჭისყრა მომავალი კვირისთვის გადაიდო, მანამდე კი საკითხის ირგვლივ კონსულტაციები გაგრძელდება.. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მაჟორიტარების გააქტიურება სახელისუფლებო უმრავლესობის პროვოცირებით მოხდა .... ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ არსებული წესის შენარჩუნება მმართველ ძალას არჩევნებზე მაქსიმალური რეზულტატის მისაღებად სურს.
XS
SM
MD
LG