Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ფორმით და რატომ ხორციელდება საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია


საკითხზე, უნდა გაიყიდოს თუ არა საქართველოს რკინიგზა,

რომელიც ახლა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, საქართველოს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ხელისუფლება და ექსპერტთა ნაწილი რკინიგზის განკერძოების მომხრეა. ამ იდეის მოწინააღმდეგენი კი ფიქრობენ, რომ რკინიგზა სტრატეგიული ობიექტია და ის სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს, რადგან, პრივატიზების შემთხვევაში, შესაძლებელია მას საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყანა დაეპატრონოს. რა იძლევა ასეთი შეშფოთების საფუძველს და როგორია რკინიგზის პრივატიზების მომხრეთა არგუმენტები?

საქართველოში ამ ბოლო დროს ბევრს კამათობენ იმის თაობაზე, უნდა მოხდეს თუ არა საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია. ხელისუფლებას ჯერჯერობით არა აქვს გადაწყვეტილი, რა ფორმით უნდა მოხდეს სახელმწიფოს საკუთრების გასხვისება. პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე აცხადებს, რომ რკინიგზის პრივატიზების ორი სცენარი განიხილება:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”უპირველესი და უმთავრესი ჩვენი ამოცანა იქნება საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარება და სრულყოფა და ეს შეიძლება მოხდეს ორი სცენარის მიხედვით. რომელს ავირჩევთ, ამას გვიჩვენებს დრო. პირველი, ეს არის რკინიგზის ძალიან მაღალი ხარისხის სტრატეგიული ინვესტორისთვის მიყიდვით ან რკინიგზის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანით.”(სტილი დაცულია)

მოცემულ ეტაპზე რკინიგზის პრივატიზების წინააღმდეგია, რა ფორმითაც უნდა მოხდეს ეს, ცნობილი ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო პაპავა. ის ფიქრობს, რომ საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდებას რუსეთი ცდილობს. მოსკოვმა უკვე მოიპოვა სომხეთის რკინიგზის 30 წლით მართვის უფლება, მას ”სამხრეთ კავკასიის რკინიგზა” უწოდა და ახლა ამ რკინიგზის რუსეთთან დამაკავშირებელი მონაკვეთის, საქართველოს რკინიგზის, პრივატიზებას შეეცდებაო, - აცხადებს ლადო პაპავა:

[ლადო პაპავას ხმა] ”ჩვენ გვქონდა სერიოზული ბარიერები მილსადენებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა სერიოზული ბარიერები და ახლაც გვაქვს, რომ ტვირთებმა გაიარონ რუსეთზე და არა საქართველოზე. ხოლო თუკი ჩვენ, საქართველოს მთავრობა, დავკარგავთ კონტროლს ქართულ რკინიგზაზე, -ამის კონტურები უკვე იკვეთება, - ჩვენ შეიძლება შეგვექმნას ის საფრთხე, რომ ჩვენი საერთაშორისო სატრანსპორტო ფუნქცია შეიკვეცოს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო ეკონომიკურად კიდევ უფრო სუსტი იქნება.”(სტილი დაცულია)

ლადო პაპავამ 29 თებერვალს, საქართველოს რკინიგზის პრივატიზების თემაზე გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას, სხვა საფრთხეებზეც ილაპარაკა:

[ლადო პაპავას ხმა] ”უკვე რამდენიმე წელია ინტენსიურად მიმდინარეობს დისკუსია სომხურ და ირანულ მხარეს შორის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც შეიქმნება ეს სარკინიგზო დაკავშირება, რუსეთ-საქართველოსა და სომხეთის გავლით, ირანთან და ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ ჯდება ამერიკული მხარის ინტერესებში და სწორედ ამიტომ ესეც იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რატომაც მივმართავ ამერიკის ხელმძღვანელობას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში.”(სტილი დაცულია)

ასეთ ვითარებაში ექსპერტთა დიდი ნაწილი მთავრობას რკინიგზის პრივატიზაციის შეჩერებას ურჩევს, თუმცა კი ყველას კარგად ესმის, რომ რკინიგზის განვითარებისთვის ინვესტიციებია საჭირო. ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ოპონენტი ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ თეორიულად ინვესტიციების მოზიდვა რკინიგზის სააქციო საზოგადოებად გადაკეთებითა და აქციების გაყიდვით შეიძლება:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”აქციონირების შემთხვევაში, ლოტებად შეიძლება გამოტანა, დავუშვათ, 10 პროცენტიანი ლოტების სახით შეგიძლია გაყიდო, ისე რომ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ შეინარჩუნო კომპანია, ანუ საკონტროლო პაკეტი შეინარჩუნოს სახელმწიფომ და მოიზიდოს ინვესტორები. ეს არის ცივილიზებული მეთოდი. თვით რუსეთშიც ასე გარდაიქმნა რკინიგზა.”(სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობა რკინიგზის პრივატიზების ასეთ ვარიანტზეც მუშაობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემაც ისაუბრა. არაოფიციალურად ისიც ცნობილია, რომ მთავრობა პრიორიტეტად სწორედ აქციების გამოშვებას განიხილავს, თუმცა ჯერჯერობით არც საბოლოო გადაწყვეტილებაა მიღებული და არც ისაა ცხადი, როდის და რა პირობებით გაიყიდება საქართველოს რკინიგზა.
XS
SM
MD
LG