Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკური პარტია ეროვნული საბჭოდან გავიდა


2008 წლის მაისში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებით

უნდა დასრულდეს პოსტკომუნისტური ავტორიტარული მმართველობის ეტაპი საქართველოში, რაც 2007 წლის შემოდგომის მოვლენების ლოგიკური შედეგი იქნება, – ნათქვამია საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში, რომლის თანახმადაც, პარლამენტში მყარი ჯამური უმრავლესობის მოპოვების მიზნით, რესპუბლიკური პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებას იღებს. რესპუბლიკელები დარწმუნებულები არიან, რომ ეს გადაწყვეტილება ძირითადი ოპოზიციური სუბიექტების კოორდინირებული მოქმედებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მისაღწევად ოპოზიციის შიგნით წარმოებული კონსულტაციების დღის წესრიგში ყოველთვის იდგა საარჩევნო სიების ოპტიმიზაციის საკითხი, ანუ საკითხი იმის შესახებ, საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი სუბიექტები ერთიანი სიით წარმდგარიყვნენ თუ ცალ–ცალკე. გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ერთიანი სიის შემთხვევაში, სია საბჭოში შემავალი პარტიების ლიდერებით დაკომპლექტდებოდა. ლიდერები და ცნობადი სახეები კი ეროვნული საბჭოს 9 პარტიიდან რესპუბლიკურ პარტიაში, მოგეხსენებათ, გაცილებით მეტია, ვიდრე დანარჩენებში. რესპუბლიკელების ერთ–ერთი მოთხოვნა ეროვნული საბჭოს საარჩევნო სიის პარტიების რეიტინგის მიხედვით შედგენა იყო, რასაც საბჭოში ცალსახა მხარდაჭერა არ მოჰყოლია. გახდა თუ არა საერთო სიაში ცალკეული პარტიული სუბიექტებისთვის მისასადაგებელი კვოტა რესპუბლიკური პარტიის ეროვნული საბჭოდან გასვლის მიზეზი?

[ლევან ბერძენიშვილის ხმა]“არა, ჩვენ მთავარი არგუმენტი გვაქვს,რომ რაც უფრო გაშლილი ფრონტით შევუტევთ, მეტ ხმას ავიღებთ. ჩვენ გვინდა პარლამენტში გვქონდეს უმრავლესობა. ამიტომ გასაგებია, რომ ვითანამშრომლებთ და ახლა ყველასთვის ბუნებრივია, რომ თანამშრომლობის გარეშე უმრავლესობა არ იქნება. ამიტომ, ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს საერთო საქმის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ასე ვხედავთ, რომ ასე უფრო მეტ ხმებს ავიღებთ - არა რესპუბლიკელები მხოლოდ, არამედ ოპოზიციონერები ზოგადად.“ (სტილი დაცულია)

ამბობს ლევან ბერძენიშვილი. რესპუბლიკურ პარტიაში ჯერჯერობით არ ასახელებენ, ვინ იქნება მათი საარჩევნო სიის სათავეში, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამენ, გაფართოებული საბჭოს რეჟიმში უზრუნველყონ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა.

[დავით ბერძენიშვილის ხმა]“ თანამშრომლობა იქნება ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ბოლომდეა მისაყვანი კონსულტაციები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვეყოლება ყველა დონის კომისიაში, რესპუბლიკურ პარტიას, კომისიის წევრები. ასევე კომისიის წევრები ეყოლებათ როგორც ეროვნულ საბჭოში მყოფ პარტიებს, ისე სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად დაინტერესებულნი ვართ, რომ ჩვენი კომისიის წევრები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ.“(სტილი დაცულია)

დავით ბერძენიშვილი არ გამორიცხავს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას წინასაარჩევნო პროცესშიც და ჯერჯერობით არა აქვს პასუხი კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ უფრო მეტ მარტივ მამრავლებად დაშლა.საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად მონაწილეობა წაადგება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმატებას და ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას? შეძლებენ რესპუბლიკელები საარჩევნო ბარიერის გადალახვას? - ამ ტიპის აქტუალურ კითხვებზე ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. დავით დარჩიაშვილისთვის, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ცალკე გამოსვლა უფრო გასაგებია, ვიდრე ჭრელ კონგლომერატთან ერთად მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილი კი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელთა გადაწყვეტილება ოპოზიციის საერთო გამარჯვებას ხელს შეუშლის:

[გიორგი მარგველაშვილის ხმა]“ამ ვითარებაში მე მგონია, რომ მთლიანად გაერთიანებული ოპოზიცია უფრო მეტს აიღებდა, ვიდრე ცალ–ცალკე, იმიტომ რომ ამომრჩეველმა იცის ოპოზიციური გაერთიანება და მისი პოზიცია იცის დაახლოებით და ძაან წარმატებული იყო, რომ ეს პოზიცია იყო ერთიანი. და ეხლა შეიძლება რესპუბლიკელებს მაინცდამაინც პრობლემა არ შეექმნათ, იმიტომ რომ მაინც მკვეთრად გამოხატული ჯგუფია, მაგრამ, ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული წარმატება თვითონ სახელისუფლებო ჯგუფისათვის.“(სტილი დაცულია)

ასეთია გიორგი მარგველაშვილის პოზიცია. გაერთიანებულ ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რესპუბლიკელთა ეროვნული საბჭოდან გასვლა საბჭოს ერთიანობაზე გავლენას არ იქონიებს და საპარლამენტო არჩევნებამდე სხვა წევრების გამოკლება მოსალოდნელი არ არის.

[კობა დავითაშვილის ხმა]“ საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება არის მტკიცე და ჩვენ მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ერთიანი ბრძოლით, მათ შორის, ერთიანი საარჩევნო ბლოკით, მათ შორის, ერთიანი საპარლამენტო სიით არის შესაძლებელი სააკაშვილის ტირანიის დამარცხება ამ ქვეყანაში და ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხალხის ხმა შესმენილი იქნება.“(სტილი დაცულია)

განაცხადა „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომლის გამართვის მიზეზი გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოდან რესპუბლიკური პარტიის გასვლა გახდა. ამავე ბრიფინგზე გაცხადდა გაერთიანებული ოპოზიციის გეგმა ერთიანი საარჩევნო შტაბის შექმნისა და საარჩევნო სიის უახლოეს დღეებში გამოქვეყნების შესახებ. მანამდე კი უკვე ცნობილია, რომ ამ სიის პირველი ნომერი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იქნება.


XS
SM
MD
LG