Accessibility links

logo-print

კვირის მიმოხილვა


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ”დათბობას”

ცთბილისსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვა. ცხინვალი და სოხუმი ჯერ ”როკი - ქვემო ზარამაგისა” და ”განთიადი-ადლერის” გამშვები პუნქტების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს შორის ”პრინციპული შეთანხმების” მიღწევაზე ინფორმაციამ გააღიზიანა. მათი დამშვიდება 27 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა და მოახერხა კიდეც, თუმცა ამით საქართველოს ხელისუფლების პროტესტი გამოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსი კოლეგების განცხადებას ”შიდაუწყებრივი ინტერპრეტაცია” უწოდა. ამის შემდეგ კი აფხაზთა მიერ ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტისა და მისი თანმხლები ორი პირის დაკავებამ სრულიად შეცვალა პრიორიტეტები. მალხაზ ბასილაიამ აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვარი 26 თებერვალს გადაკვეთა და აფხაზთა ტყვეობაში აღმოჩნდა. ისე მოხდა, რომ ამ დროს საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ლუიზ არბური იმყოფებოდა. ტელეკომპანიამ მას მიმართა თხოვნით დახმარებოდა ბასილაიას აფხაზებისგან თავის დაღწევაში. თუმცა, როგორც 27 თებერვალს საღამოს სოხუმიდან დაბრუნებული არბურის პრესკონფერენციაზე გაირკვა, ის უძლური აღმოჩნდა. არბურის თქმით, ის მხოლოდ გაეროს ადგილობრივი ოფისის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებმაც იმ დილით მოინახულეს დაკავებულები:

[არბურის ხმა]
”ამ დროისთვის მე არ გამაჩნია ინფორმაცია და, გულახდილად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ვითარებას ხელს არ შეუწყობს ამ საქმის დეტალებზე ვარაუდების გამოთქმა. ხელშემწყობი ფაქტორი გახლავთ ის, რომ საკითხში ჩართულია გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი. ისინი თვალყურს მიადევნებენ პროცესს და გონივრული იქნება მოცდა, ვიდრე ფაქტები დაზუსტდებოდეს.”

თუმცა ეს არ იყო 27 თებერვლის დღის განცხადება. ის პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნოდა:

[სააკაშვილის ხმა]
”მე მინდა ვუთხრა სერგეი ბაღაფშს და კარგად მომისმინოს, მისთვის ძალიან კარგად გასაგებ ქართულ ენაზე მინდა ვუთხრა: ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს დაჭერილი ჟურნალისტი, მოტაცებული ჟურნალისტი, ან მე, საქართველოს პრეზიდენტი, მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას, გაათავისუფლოს ბასილაია სოხუმში.”

ამ განცხადებამ მედიას მისცა საბაბი დაეწყო იმის განხილვა, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სპეცოპერაციის ჩატარება. იყო საუბარი იმაზეც, თუ არა სააკაშვილის განცხადება, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართველი ჟურნალისტის გათავისუფლებას აპირებდაო. ვინ იცის, რას აპირებდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, თუმცა მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, უფრო სწორად, სერგეი ბაღაფშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ბჟანიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილს შეახსენა, რომ მან მხოლოდ ჟურნალისტი ახსენა თავის განცხადებაში, მაშინ როცა, ბასილაიას გარდა, საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - მაია დანელია და დავით წოწორია არიან დაკავებულები. ”ჟურნალისტის ბედი მხოლოდ და მხოლოდ მოსახერხებელი ან საგანგებოდ მოწყობილი საბაბია ვითარების მკვეთრად გართულებისთვის”, - დასძინა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 1 მარტს გავრცელდა ცნობა, რომ ერთ-ერთი დაკავებული, მაია დანელია, აფხაზებმა 1500 რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

29 თებერვალს, შუადღისას, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში აფხაზური მილიციის ავტომანქანა პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდა. აფხაზური წყაროს ცნობით, აფეთქების შემდეგ მილიციელებს უცნობმა ექვსმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. აფხაზთა მხრიდან საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ ისინი ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე მიიმალნენ - ასეთია აფხაზური სააგენტო ”აფსნიპრესის” ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დაჭრილია სამი აფხაზი მილიციელი. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გივი თარგამაძე კი ლაპარაკობდა მსხვერპლზეც:

[თარგამაძის ხმა]
”ნაბაკევში იყო აფეთქება აფხაზურ საგუშაგოზე. რამდენადაც ჩვენ ვიცით, არის მათი მხრიდან მსხვერპლი - ოთხი კაცი, თუ არ ვცდები. შეიძლება - მეტი, არ ვიცი ზუსტად... ამას მოჰყვა, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან გაძლიერება იქ პოზიციების და გალის მხრიდან სროლა აფხაზური პოლიციელების მიერ.”

ეს გახლდათ გივი თარგამაძის კომენტარი, ქართული ტელევიზიისთვის მიცემული, 29 თებერვალს გალის რაიონში მომხდარზე. აფხაზური სააგენტო ავრცელებს ცნობას, რომ 29 თებერვალს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი სწავლება დაიწყო, დაიწყო დაგეგმილზე ერთი დღით ადრე და მასში, სატანკო ბატალიონის გარდა, 2500 რეზერვისტი მონაწილეობს. საბრძოლო სროლის ეტაპი 4 მარტისთვის ოჩამჩირის რაიონშია დაგეგმილი.

აფხაზეთში მომხდარ ინციდენტს ერთი დღით ადრე წინ უძღოდა აფეთქება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ დმენისის მილიციის განყოფილებაში. გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული იყო ტელევიზორი. დაიღუპა ორი მილიციელი. არიან დაჭრილები. დე ფაქტო რესპუბლიკა საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ქართულ-ოსურ კონფლიქტთან მიმართებით ამ კვირაში საყურადღებო გახლდათ სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის ინიციატივა. ის გამოდის წინადადებით შეიცვალოს შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატი და მოლაპარაკებები წარიმართოს პრინციპით - ორი პლუს ორი პლუს ორი. სამი წყვილი ასე განისაზღვრება: საქართველოს ხელისუფლება და სანაკოევის დროებითი ადმინისტრაცია, რუსეთის ხელისუფლება და დე ფაქტო ხელისუფლება, ეუთო და ევროკავშირი.

კვირა დაიწყო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციებით: ყველაზე სასწრაფო ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება და ახალი გენერალური დირექტორის არჩევა იყო. ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის წინა კვირის შეთანხმების მიხედვით ხომ საკითხი 26 თებერვალს უნდა გადაწყვეტილიყო. სამეურვეო საბჭოს წევრობის 27 კანდიდატის ვინაობა ორშაბათ საღამოს გახდა ცნობილი. მათგან 9 კანდიდატი კი პარლამენტმა სამშაბათის სხდომაზე გამოარჩია. პირველი სია, ე.წ. ”შორთ-ლისტი”, სამეულებად იყო შედგენილი. დეპუტატებს სამეულიდან ერთ-ერთი უნდა გამოერჩიათ. ერთ-ერთ სამეულში შედიოდა მედია-ექსპერტი ნინო დანელია. სამშაბათს, სამეურვეო საბჭოს 9 კაციანი შემადგენლობის დამტკიცებისას, ისიც, სხვა 26 კანდიდატთან ერთად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო. მოგვიანებით ჩვენს რადიოსთან საუბარში მან ერთ დეტალზე შეაჩერა ყურადღება:

[დანელიას ხმა]
”ერთი უცნაური რამ მოხდა, რომ... მაინც, ალბათ, მგონია, რომ იმ ადამიანებმა, ვინც გავიდოდა, იცოდნენ ეს ამბავი, იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ შევედით, აი, ამ სხდომათა დარბაზში, შემთხვევით (არ ვიცი, შეიძლება, დამთხვევა იყო), ყველა ის ადამიანი, ვინც გავიდა, აღმოჩნდა, პირველ რიგში, რომ რაღაცა უფრო მეტად რეპრეზენტაციული ყოფილიყო სურათი მედიისთვის.”(სტილი დაცულია)

ასე იყო თუ ისე, სამეურვეო საბჭო შედგა. თუმცა ჯერჯერობით ის არ შეკრებილა. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებით ვერც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობა გათავისუფლდებოდა, მით უმეტეს, ვერც ამ ადგილზე კონკურსი გამოცხადდებოდა და ახალი დირექტორი დამტკიცდებოდა. თუმცა 22 თებერვალს პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს ოპოზიცია დაჰირდა, რომ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” უკვე ამ კვირაში ეყოლებოდა ახალი გენერალური დირექტორი. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია აუცილებლად მიიჩნევს შეთანხმებას, არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებია. ამ მიმართულებით მიმდინარე კვირაში იყო ერთი სიურპრიზი უმრავლესობისგან - ის შეეცადა დაეტოვებინა დეპუტატთა ნაწილის მაჟორიტარული არჩევის წესი. ოპოზიცია რეგიონალურ-პროპორციულ წესს ემხრობა. ამასთან, ის წინააღმდეგია პარლამენტის უფლებამოსილების ვადის 5 წლამდე გაზრდისა.

[ბურჯანაძისა და კირკიტაძის გამოსვლები 29-ის სხდომაზე მაჟორიტარულის შესახებ]

კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ცვლილებებია თავად ოპოზიციის გეგმებში: რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე. პარტიის ლიდერმა ასე ახსნა ეს გადაწყვეტილება:

[უსუფაშვილის ხმა]
”ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება მისცეს ხმა ნებისმიერ ოპოზიციურ გაერთიანებას და ამით ხელი შეუწყოს არსებული ხელისუფლების გასტუმრებას და, ამასთანავე, მისცეს ხმა მისთვის სასურველ ოპოზიციურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს და ამით განსაზღვროს ის, თუ როგორი იქნება საქართველო მომავალში და როგორ გაგრძელდება ცხოვრება ქვეყანაში.”(სტილი დაცულია)

რესპუბლიკელთა წინასაარჩევნო გადაწყვეტილების შემდეგ თავის მხრივ განცხადებით გამოვიდა ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო. აქ სპიკერად კობა დავითაშვილი წარუდგა საზოგადოებას და განაცხადა, რომ საერთო სახალხო მოძრაობა არჩევნებზე წარდგება ერთიანი საარჩევნო სიით, რომელსაც სათავეში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ჩაუდგება:

[დავითაშვილის ხმა]
”მივიჩნევთ, რომ გამარჯვება უკანონობაზე, ძალადობასა და სიყალბეზე შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით. უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩვენი ერთიანი საარჩევნო შტაბი და დაიწყება საარჩევნო კამპანია. საერთო სახალხო მოძრაობის, როგორც საარჩევნო ბლოკის, ლოზუნგი და მიზანი რჩება უცვლელი. ეს არის - ’საქართველო უპირველეს ყოვლისა’, ეს არის - ’საქართველო სააკაშვილის გარეშე’.”

ამ განცხადებებიდან ერთი დღის შემდეგ რესპუბლიკელებმა კიდევ ერთი სიახლე შესთავაზეს საზოგადოებას: მათ რიგებში ირაკლი ბათიაშვილი გაწევრიანდა.

დასასრულ, გასული კვირის კიდევ ერთ მოვლენაზე: 28 თებერვალს თბილისში საკუთარი რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. ”არკადიასთან” შეკრებილმა ათასობით ადამიანმა ის ტაშით გააცილა.
XS
SM
MD
LG