Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


სომხეთში შექმნილ ვითარებას დღეს ქართული პრესაც ეხმაურება:”სომხური კოშმარი”, ”7 ნოემბერი სომხეთში, ანუ ერევნული მოძრაობა,

რუსეთის გამედვედევების თანხლებით”, ”სისხლისღვრა ერევანში”, ”ერევანში არეულობამ რვა ადამიანი იმსხვერპლა” - ასეთი სათაურებით ეხმაურება დღევანდელი პრესა ერევნის მოვლენებს. ”მთავარი მსგავსება კი თბილისის ნოემბრის მოვლენებსა და ერევნის მარტის მოვლენებს შორის ის არის, რომ ორივე შემთხვევაში სიტუაციის ამრევად ამერიკის შეერთებული შტატები და ბუშის ადმინისტრაცია მოგვევლინა. სომხეთმა მკვეთრად პრორუსული კურსი აირჩია და ამიერკავკასიის ეს სახელმწიფო დღემდე რუსეთის საფარქვეშ განაგრძობს მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას. სომხეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ოკეანისგაღმელი ამერიკის ვასალობას მეზობელ რუსეთთან მოწესრიგებული ურთიერთობა არჩია და ამით საკუთარ ხალხს და ქვეყანას არსებობა გაუადვილა. სომხებმა საკუთარი რკინიგზაც კი რუსეთს მიჰყიდეს და მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორს ახლო აღმოსავლეთზე გასვლა გაუადვილეს”, - წერს ”ასავალ-დასავალი”, რომელშიც გამოქვეყნებული ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ნიკო ორველაშვილთან რუსეთის სამხრეთ კავკასიის რკინიგზით დაინტერესებასა და საქართველოს რკინიგზის სამომავლო პრივატიზაციის შესაძლო სავალალო შედეგებს ეძღვნება. ორველაშვილი ამ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის ”შემდეგი გაჩერება საქართველოა, რადგან ცალკე აღებული სომხეთის რკინიგზა ვერანაირად ვერ იქნება სამხრეთ კავკასიის რკინიგზა.”

”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი კახა კაციტაძე ამბობს: ”სხვათა შორის, ერევანს რომ ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩვენი ხალხის პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ სიმწიფეში - მიუხედავად დიდი დაძაბულობისა და საფრთხისა, საამაყოა, რომ შესაშური თავშეკავება გამოიჩინეს და ქალაქში ერთი ვიტრინა არ ჩამსხვრეულა, არაფერს ვამბობ მანქანების დალეწვაზე. ბელგრადიდან ერევნამდე კარგად ვხედავთ, რაც ხდება.”

პრესაში აქტიურად განიხილება ოპოზიციის ერთიანობის საკითხი, კერძოდ, რესპუბლიკელების გადაწყვეტილება არჩევნებში დამოუკიდებელი სიით მონაწილეობის შესახებ. ”კვირის პალიტრა” აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან, რომელიც ამბობს: ”რესპუბლიკელებს მიგვაჩნია, რომ ფრონტი მარაოსავით უნდა გავშალოთ. ამით ოპოზიციას მეტ ხმას მოვუტანთ. ამით დაშლა და რაიმე საფრთხე ოპოზიციურ მოძრაობას არ ემუქრება. ეს ოპოზიციის გამაძლიერებელი ნაბიჯი უფროა, ვიდრე დამასუსტებელი. ზოგიერთი არაკეთილისმსურველი უკეთებს ამ ნაბიჯს სხვა ინტერპრეტაციას. საპარლამენტო არჩევნებში გამოჩნდება, იყო თუ არა ჩვენი ნაბიჯი სწორი”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი. ”კვირის პალიტრაშივე” გამოქვეყნებულ ინტერვიუში ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ”თუ საზოგადოება მიმდინარე პროცესებს კარგად დაუკვირდება, მიხვდება, რომ არაფერი მიუღებელი და წარმოუდგენელი არ ხდება. არავინ იფიქროს, რომ ივლიანე ხაინდრავას, დათო უსუფაშვილის, თინა ხიდაშელისა და ჩვენს ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა.”

”მთელი კვირის” შეკითხვას, ”ხომ არ თვლით, რომ მათი [რესპუბლიკელების] წასვლით ერთიანი ეროვნული საბჭო დასუსტდაო”, ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი უპასუხებს: ”არა, მე ასე არ მიმაჩნია. ჩვენი ძალა არის ხალხში და არა კონკრეტულ პარტიებში. ხალხი დგას ერთად და ძალიან დიდი შეცდომა იქნება ხელისუფლების მხრიდან, თუ ასე ჩათვლის, რადგან ხალხის საპროტესტო მუხტი არ შესუსტებულა და ასეთმა შეცდომამ შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს. მინდა აღვნიშნო, რომ ერთიანი ეროვნული საბჭო კვლავაც რჩება მედიატორად ხალხსა და ხელისუფლებას შორის. თუ შედეგები ვერ ვაჩვენეთ, შეიძლება ხალხის ნდობა შესუსტდეს. თუმცა ამით ხელისუფლების მიმართ განწყობა არ შეიცვლება.”

”კვირის ქრონიკა” თავის ვარაუდებს სთავაზობს მკითხველს: ”ფაქტი ერთია, რესპუბლიკელები ისტორიულად ვიღაცასთან წყვილდებიან და მხოლოდ მაშინ იგებენ არჩევნებს. ამ კუთხით კი ”ოქრო” [ოქრუაშვილი] მათთვის ნამდვილი მონაპოვარია. ამიტომაც ამბობენ, რესპუბლიკელები ”ოქროზე” ნადირობენო. პოლიტოლოგები იმასაც ვარაუდობენ, რომ ეროვნული საბჭო ვერ მიიღებს იმდენ ხმას არჩევნებზე, რამდენსაც ელიან, რადგან ეს არ არის პარტია, არამედ პიროვნებების ჯამი. ამიტომაც პოლიტოლოგები ეჭვობენ, რომ ”მემარჯვენეები”, საბოლოოდ, შევლენ ეროვნულ საბჭოში, რადგან მათ ჩამოყალიბებული პარტია აქვთ და ისედაც საკმარის ხმებს მიიღებენ, ლეიბორისტები ოცნებაშიც არ შეეთქვიფებიან ეროვნულ საბჭოს.”

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შესათანხმებელ ერთ-ერთ საკითხზე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეცვლაზე - საუბრობს ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში უმრავლესობის წევრი ირაკლი ქავთარაძე: ”ცესკოსთან დაკავშირებული საკითხი მიმდინარე საკითხია. ისევე, როგორც ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით მოხდა შეთანხმება, ასევე უნდა გაგრძელდეს საუბარი საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. აქ მთავარია, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს გადადგმული პროგრესისკენ, არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს, რომ ასეთი არჩევნები ჩაატაროს”, - ამბობს ირაკლი ქავთარაძე.
XS
SM
MD
LG