Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი 736-ე გამოშვება


წამყვანი:

ყოველკვირეული რადიოჟურნალის პირველი სიუჟეტით დავუბრუნდებით თემას, რომელიც ბოლო თვეებში ფართოდ გაშუქდა მისდამი გამორჩეული ინტერესის გამო: დავას საზოგადოებრივი ტელევიზიის გარშემო. შემდეგ გავიხსენებთ ორ მოღვაწეს: ერთია უილიამ ბაკლი, ბილ ბაკლი - შეერთებული შტატების კონსერვატიული ძალების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი, პრეზიდენტ რეიგანის მეგობარი. და მეორე მოღვაწე, რომლის ღვაწლზეც დღეს გვექნება საუბარი, არის ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, ფილოსოფოსი ანტონენ არტო.
[მუსიკა]

საზოგადოებრივი მაუწყებლის არსბეობის პირველი ეტაპი

წამყვანი:
ამ კვირაში საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭო დაამტკიცა. თავის მხრივ, მეურვეებმა საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიონ. ამ პროცედურის დასრულებით, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის პირველი ეტაპი დასრულდება. სამწლიანი პერიოდის თანმდევ ზოგიერთ მოვლენასა და პოლიტიკური შეთანხმებით გამოწვეულ, ჯერჯერობით მხოლოდ საკადრო ცვლილებაზე ნინო როდონაია მოგითხრობთ.

[იხ. აუდიოვერსია]

რატომ იტყუებიან ბავშვები?

წამყვანი:
მშობელი, როგორც წესი, უკმაყოფილოა, როცა შვილს ტყუილში გამოიჭერს. მაგრამ ტყუილის თქმა ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ეტაპია. ბიძინა რამიშვილი გაგაცნობთ ახალ გამოკვლევებს ამ სფეროში.

ბიძინა რამიშვილი:
ჩვეულებრივ ბავშვები სამი წლის ასაკში იწყებენ ტყუილების თქმას. ასაკთან ერთად მატულობს ტყუილების რიცხვიც. თუცმა შესაძლოა ბევრი მშობელი ამას ვერც ამჩნევდეს, ვინაიდან ასაკთან ერთად ბავშვები იმასაც სწავლობენ, როგორ მოიტყუონ შეუმჩნევლად.

[ტოლუორის ხმა] “პატარა ბავშვების ტყუილში გამოჭერა შედარებით იოლია, ვინაიდან ტყუილში დახელოვნებული არ არიან. მაგრამ როცა წამოიზრდებიან, 8 წლის ასაკში, საკმაოდ დამაჯერებელი ამბების მოგონება შეუძლიათ.”

ეს გახლდათ მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვებისა და ტყუილების ექსპერტი ვიქტორია ტოლუორი. მისი თქმით, ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, 4 წლის ბავშვები, რომელთაც მათ ჩვეულ გარემოში აკვირდებოდნენ, ყოველ ორ საათში ერთხელ ტყუოდნენ. 6 წლისები კი - საათნახევარში ერთხელ.

საერთოდ რატომ ტყუიან ბავშვები? [ტოლუორის ხმა] “პირველი ტყუილები, როგორც წესი, იმ მიზანს ემსახურება, რომ ბავშვებმა საჯელს დააღწიონ თავი.” ისეთი მკაცრი მშობლების შვილები, რომლებიც სასჯელების სიუხვით გამოირჩევიან, უფრო მეტს ტყუიან, ვიდრე შედარებით რბილი მშობლებისა.

მაგრამ ბავშვები იზრდებიან და მათი ტყუილებიც უფრო რთული მიზეზებითაა განპირობებული. მაგალითად, ტყუიან იმიტომ, რომ სურთ უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინონ; მიიღონ ის, რაც სურთ; დაიცვან სხვა ადამიანის გრძნობები.

ზოგჯერ თავად მშობლები აგულიანებენ შვილებს ტყუილისკენ, როცა აქებენ მათ მიერ ზრდილობის გამო ნათქვამ ტყუილს. მაგალითად, როცა ისინი მშობლებს ეუბნებიან, რომ მოსწონთ მათ მიერ ნაჩუქარი სათამაშო. სინამდვილეში კი არ მოსწონთ ის.

საერთოდ, ბავშვების მიერ ტყუილის თქმის მიზეზი ისაა, რომ ისინი მშობლებს ბაძავენ ტყუილის თქმაში. მაგრამ იმ ბავშვებს, რომლებიც დახელოვნებული არიან შეუმჩნევლად ტყუილის თქმაში, უნდა ვასწავლოთ, რომ პატიოსნებით უკეთესი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მეთოდია, რომ მშობლებმა აუხსნათ ბავშვებს, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მათმა ტყუილმა სხვა ადამიანებს.

ტოლუორის თქმით, მშობლებმა ამავე დროს პატიოსნებისთვის უნდა დააჯილდოვონ ისინი. [ტოლუორის ხმა] “როცა ისინი სიმართლეს ამბობენ, მშობლებმა უნდა აღნიშნონ ეს და შეაქონ ისინი ამისთვის. მაგალითად, თუკი საათს დაკარგავენ და მოვლენ და გეტყვიან ამას, უნდა შეაქოთ და უთხრათ: მადლობ, რომ მითხარი ეს.”

რაც შეეხება სასჯელს, ტოლუორის გვირჩევს, რომ მხოლოდ ისეთ სასჯელს მივმართოთ, რომელსაც ბავშვი გაიგებს.

[ტოლუორის ხმა] “უბრალოდ სასჯელი ახსნა-განმარტების გარეშე ბავშვს არაფერს ასწავლის იმის შესახებ, რომ ტყუილის თქმა ცუდია. ისინი მხოლოდ იმას სწავლობენ, რომ სხვა დროს უფრო ფრთხილად უნდა მოიქცნენ, რათა თავი დააღწიონ სასჯელს.”

მაგრამ ტოლუორი გვაფრთხილებს, რომ მშობლები ზედმეტად არ უნდა შეაფიქრიანოს შვილის ტყუილებმა. ვინაიდან ბავშვების დიდი უმრავლესობის შემთხვევაში ტყუილის თქმა არ მიანიშნებს სერიოზულ პრობლემაზე. 9-დან 13 წლამდე ასაკში ტყუილები იკლებს და შემდეგ სქესობრივად მომწიფებასთან ერთად კვლავ იმატებს. მაგრამ იმ დრისთვის მათ ქცევაში იმდენი ახალი ელემენტი ჩნდება, რომ მშობლები ხშირად ვერ ამჩნევენ მათი შვილების ტყუილებს.
[მუსიკა]

ვინ იყო უილიამ ბაკლი?

წამყვანი:
ოთხშაბათს სტემფორდში, კონექტიკუტის შტატში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა უილიამ ბაკლი, აშშ-ის კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებელი წევრი. ის 82 წლის იყო. ბაკლის სახელს უკავშირდება, მისი დაწყებულია, გავლენიანი პოლიტიკური ჟურნალის "ნეიშენალ რევიუ"-ს გამოცემა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა რონალდ რეიგანის წარმატებაში. შეერთებულ შტატებში გასული საუკუნის 80-იანი წლების კონსერვატიული მოძრაობა გახდა რეალური იარაღი, რომელიც მიზნად ისახავდა კომუნისტური სისტემის დამარცხებას დასავლეთის წნეხის საშუალებით. უილიამ ბაკლის ღვაწლზე, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება რადიო თავისუფლებას, ლელა კუნჭულია მოგითხრობთ. მანამდე კი რადიო “თავისუფლების” აღმასრულებელი რედაქტორის – ჯონ ო-სალივანის ერთი კომენტარი მოვისმინოთ. აქვე გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც უილიამ ბაკლიმ (ბილიმ - როგორც მას ხალხი იცნობდა) "ნეიშენალ რევიუ"-ს რედაქტორის პოსტი დატოვა, 1988 წლიდან, 10 წლის მანძილზე ჟურნალს სწორედ ჯონ ო-სალივანი გამოსცემდა:

[იხ. აუდიოვერსია]


ანტონენ არტო

წამყვანი:
ცნობილ ფრანგ მსახიობზე, რეჟისორზე, ფილოსოფოსზე - ანტონენ არტოზე - დღეს ბევრს წერენ. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, ახდა პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკის, წინასწარმეტყველება - მეოცე საუკუნის მიწურულიდან მსოფლიოში ანტონენ არტოს ეპოქა დაიწყებაო. 4 მარტს 60 წელი გავიდა ანტონენ არტოს გარდაცვალებიდან. მისი შემოქმედებისა და მისი თეორიის შესახებ გიორგი გვახარია გვიამბობს.

გიორგი გვახარია:
თავის წიგნში ”როგორ მესმის ფილოსოფია” მერაბ მამარდაშვილი ცალკე თავს უძღვნის ანტონენ არტოს. ეს წერილი, ”არტოს მეტაფიზიკა”, დაიბეჭდა მაშინ, როცა ჩვენში არტოს შესახებ მხოლოდ ფილოსოფოსები მსჯელობდნენ. არადა, ფილოსოფია (და მეტაფიზიკაც) არტოს ჰობი უფრო იყო, ვიდრე პროფესია. არტოს სტიქია თეატრი და პოეზია იყო. საერთოდ - ხელოვნება. მისი უაღრესად მეტყველი სახე კინოშიც აღიბეჭდა: არტომ ითამაშა კარლ თეოდორ დრეიერის ფილმში, ”ჟანა დარკის ვნებანი”, აბელ ჰანსის ”ნაპოლეონში”. თავადაც გადაიღო ფილმები. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ მუნჯი კინოს ეპოქაში გადაღებული თავისი სურათისთვის ”ნიჟარა და მღვდელი” მოგვიანებით მუსიკაც დაწერა - ატონალური მუსიკა, ისეთი, მის პოეზიას, მის პრინციპებს და, თუ გნებავთ, მის ხასიათს რომ გამოხატავდა.

[არტო, ”ნიჟარა და მღვდელი” ]

ხასიათი კი მართლაც მძიმე ჰქონდა. 1901 წელს არტო 5 წლის იყო, როცა მენინგიტით დაავადდა. მას შემდეგ, თავის ტკივილთან ერთად, მუდმივ დეპრესიას უჩიოდა. დეპრესია მოგვიანებით მოჩვენებებში გადაეზარდა - ამტკიცებდა, რომ ღამღამობით ანგელოზებსა და დემონებს ელაპარაკებოდა. თუმცა რემისიის პერიოდებიც ჰქონდა და სწორედ ამ დროს წერდა თავის ლექსებს, რომლებიც თავდაპირველად ედგარ პოსა და ბოდლერის გავლენით იქმნებოდა. 1923 წელს არტოს ლექსები ჟურნალ ”რევიუ ფრანსეზში” დაიბეჭდა. წინასიტყვაობაში პოეტი წერდა, ჩემი მიზანია მივწვდე გამოუხატავს, ავხსნა აუხსნელი... მართალია, წინააღმდეგობები, რომლითაც მოცულია ეს სამყარო, ხელს მიშლის, მე მაინც გადავლახავ ამ ანტინომიებსო. წინააღმდეგობების გადალახვის, უფრო სწორად, მათი ერთმანეთის გვერდით ”დაწყობის” ნიმუშებს ანტონენ არტო სიურრეალისტთა შემოქმედებაში ხედავდა. ერთხანს ანდრე ბრეტონთან მეგობრობდა, მაგრამ მალე დასცილდა სიურრეალისტებს და 20-იანი წლების მიწურულს უკვე მთლიანად თეატრმა - მოგვიანებით კი, რადიომ - გაიტაცა.

წინააღმდეგობების გადალახვის საშუალებები ანტონენ არტომ ეგრეთ წოდებულ ”სისასტიკის თეატრში” დაინახა. თუკი ბერტოლდ ბრეხტი ტრადიციულ თეატრს ”კულინარულს” უწოდებდა, არტომ სამუზეუმო დარბაზად ქცეული ტრადიციული თეატრი ”კუჭისმომნელებელ სივრცედ” მონათლა. მას და ბრეხტს ბევრი რამ აქვთ საერთო. და თუკი ქართულ თეატრზე არტოს პოეტიკის გავლენა იგრძნობა, ეს უფრო იმიტომ, რომ ბერტოლდ ბრეხტმა მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა... მაგრამ არტოსა და ბრეხტს განსხვავებული პრინციპებიც აქვთ - არტო არ უარყოფს კათარზისის ეფექტს... უფრო პირიქით, იგი დარწმუნებულია, რომ თეატრალური ხელოვნება პუბლიკის კოლექტიურ არაცნობიერზე უნდა მოქმედებდეს, თეატრის რეჟისორმა არაცნობიერის, არტოს სიტყვებით რომ ვთქვათ, ”არქეტიპულ იეროგლიფებს” უნდა მიმართოს... თუკი არტომდე თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი სიმბოლო ”ნიღაბი” იყო, ანტონენ არტოსთან ”ნიღაბი” ”ორეულით” იცვლება.

[პერფორმენსი, არტოს გავლენით]

რადიოპერფორმენსში, რომელიც არტოს თეატრის გავლენით ჩაიწერეს, საჭმლის მიღების, ღეჭვის, ყლაპვის პროცესი ზედმიწევნით ნატურალისტურადაა გამოხატული, შეიძლება ითქვას, სასტიკადაც. მაგრამ არტო დარწმუნებულია, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამძაფრება, უტრირება, გადაჭარბება, უფრო სწორად, ყველაფერი ამის ხილვა და მოსმენა გაგვათავისუფლებს იმისგან, რასაც ”სიმახინჯე”, ”არაესთეტური” ჰქვია.

ანტონენ არტოს ცხოვრება იმ თეატრს ჰგავდა, რომლის შექმნაზეც ოცნებობდა - თეატრს, სადაც ზღვარი რეალურსა და წარმოდგენილს შორის მთლიანად იქნებოდა წაშლილი. ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 1936 წელს, იგი მექსიკაში მიდის და ინდიელთა ერთ ტომთან ერთად იწყებს ცხოვრებას. იმხანად იგი უკვე სერიოზულად ეტანება ნარკოტიკებს და ლექსებს მხოლოდ და მხოლოდ ოპიუმის ზემოქმედებით წერს. მერე ისევ მკურნალობს. ომის შემდეგ კლინიკიდან გამოეწერება და რადიოში დაიწყებს მუშაობას. არტო თავისსავე ნაწარმოებებს კითხულობს - დაღლილი ხმით და მრავალმნიშვნელოვანი მახვილებით.

[არტო რადიოში]

დიახ, დიდი დრო არ გავიდა მას შემდეგ, რაც დასავლეთში დამკვიდრდა მოდა ანტონენ არტოს თეატრზე. საქართველოში მისმა პოეტიკამ უფრო მოგვიანებით, 80-იანი წლების მიწურულს, შემოაღწია და არა იმდენად თეატრალურ სამყაროში, რამდენადაც მხატვართა წრეებში. სწორედ ქართველმა ავანგარდისტმა მხატვრებმა დაიწყეს პირველად ანტონენ არტოს ესთეტიკის გამოყენება თავიანთ პროვოკაციულ პერფორმენსებში. ჩვენში პუბლიკა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კლასიკურ ხელოვნებაზეა აღზრდილი, ამ პერფორმენსებს, როგორც წესი, ”გიჟების”, ”ავადმყოფების”, ”გარყვნილების” ხელოვნებად აღიქვამს. ასე აღიქვამდნენ არტოს ხელოვნებას 30-იან, 40 წლებშიც. საფრანგეთს დიდი დრო დასჭირდა, სანამ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ხელოვანსა და მოაზროვნეს დააფასებდა.
XS
SM
MD
LG