Accessibility links

რა საფუძველი აქვს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას შერეული საკონტროლო კომისიის გაუქმების თაობაზე?


ამ დღეებში თბილისი ქართულ-ოსური კონფლიქტის შერეული საკონტროლო კომისიის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.

საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს კონფლიქტის მოგვარების ახალ ფორმატს, რომელიც საქართველოს, რუსეთის, ცხინვალის ხელისუფლების, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის, ეუთოსა და ევროკავშირის მონაწილეობით იმუშავებს. რატომ გადაწყვიტა თბილისმა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ძველი ფორმატის შეცვლა და თუ არის ახალი ფორმატი მხარეებისთვის მისაღები?

მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი ინიციატივა გაცხადდა, რუსეთის ფედერაციის საგანგებო დავალებათა ელჩმა და შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარემ იური პოპოვმა საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. წინასწარი ინფორმაციით, ის კონფლიქტის მხარეებს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების არაოფიციალურ შეხვედრას სთავაზობს. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ოფიციალური თბილისი არ აპირებს პოპოვის წინადადების მიღებას:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”მე მას განვიხილავ არა როგორც მისი შსკ-ს თანათავმჯდომარის ვიზიტს, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩის ვიზიტს, რომელიც ჩაბმულია ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ჩვენ შერეული საკონტროლო კომისია არ მიგვაჩნია იმ ინსტრუმენტად, რომელიც დაგვაახლოებს კონფლიქტის გადაჭრისთვის.” (სტილი დაცულია)

ქართულ-ოსური კონფლიქტის მეორე მხარე - ცხინვალის ხელისუფლება -ქართული მხარის ახალ ინიციატივას არ ეთანხმება. ცხინვალის მხრიდან შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარის ბორის ჩოჩიევის კომენტარი:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] ”საჭიროა ისეთი შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რომელსაც მეორე მხარეც დაეთანხმება...”

ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოითი კი რუსეთის საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ შერეული საკონტროლო კომისიის დაშლას და ადრე მიღწეული შეთანხმებების გაუქმებას თბილისი ევროკავშირის რეკომენდაციებით ცდილობს.

ოფიციალური თბილისის ახალი ინიციატივა, ჩართოს კონფლიქტის მოგვარების ფორმატში ეუთო და ევროკავშირი, არის თუ არა ამ ორგანიზაციებთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკების შედეგი? ამ კითხვაზე პასუხის გასარკვევად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს შოთა მალაშხიას დავუკავშირდი. მისი განცხადებით, ეუთო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა და მისი ამ პროცესში სრულფასოვანი ჩართვა ხელს შეუწყობს ვითარების სტაბილიზაციას:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ამასთან დაკავშირებით, ცხადია, შესაბამისი სტრუქტურის მიერ, ვგულისხმობ სახელმწიფო მინისტრის აპარატს, მოლაპარაკება მიდიოდა ეუთოსთან. რაც შეეხება ევროკომისიას, ევროკავშირს, თანხები, რომლებიც ამ რეგიონისთვის გამოიყოფა, სწორედ ამ სტრუქტურის მიერ გამოიყოფა და ისინი უნდა იყვნენ მონაწილე ამ განხილვის დროს და უნდა იცოდნენ, რაში იხარჯება მათი თანხები.” (სტილი დაცულია)

მალაშხიას განცხადებით, საქართველოს ინიციატივას რუსეთიც უნდა დაეთანხმოს, რადგან ის ეუთოს წევრია, ხოლო ეუთომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თბილისის მიერ შემუშავებული პროგრამა დაამტკიცა. გამართლდება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ეს მოლოდინი, ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში, მას შემდეგ, რაც თბილისსა და ცხინვალში რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩის იური პოპოვის ვიზიტი დასრულდება.
XS
SM
MD
LG