Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვა და მისი მცდელობა, გაავრცელოს დასავლური ფასეულობები


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

ევროპისკენ, საკუთარი ბუდისკენ, უდიდესი სიჩქარით გაექანა სამი სახელმწიფო, ბალტიისპირეთის ქვეყნები - ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ამ ქვეყნებს, რომელთაგან ორს თავის ისტორიაში მხოლოდ ორი ათეული წლის განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფოებრიობა, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განსაკუთრებით უჭერდა მხარს დასავლეთი, ნამეტნავად - აშშ. ახლა, როცა სამივე ნატოსა და ევროკავშირშია, ისინი ცდილობენ მხარში ამოუდგნენ ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც დასავლეთისკენ სვლა შენელებული აქვთ. ასეთებს შორისაა საქართველოც. უკვე ევროატლანტიკაში ინტეგრირებულებსაც და მის მიღმა მყოფთაც რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება უწევთ. ამ თემატიკაზე ჩვენი თანამშრომელი, ვალენტინას მიტე ესაუბრა თავისი სამშობლოს, ლიტვის, საგარეო საქმეთა მინისტრს პეტრას ვაიტიეკუნასს და მათი საუბარი სწორედ რუსეთით დაიწყო.

(ვაიტიეკუნასის ხმა) “ლიტვა საბჭოთა კავშირმა დაიპყრო. დღევანდელი რუსეთი განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ ძალიან ახლო მეზობლები ვართ. ჩვენი მიდგომა რუსეთისადმი უეჭველად განსხვავდება, მაგალითად, პორტუგალიისადმი ჩვენივე მიდგომისგან. რუსეთი ლიტვისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პორტუგალია. ასე ვიტყოდი: ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის, მთლიანად, ძალიან მნიშვნელოვანია ლიტვისთვის, რადგან ლიტვაა პირველი, ვინც დაზარალდება ან ხეირს ნახავს იმისდა მიხედვით, თუ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა როგორი იქნება.”

ასე აფასებს რუსეთთან ურთიერთობას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ჩვენს კოლეგას ისიც განუმარტა, თუ რა როლის თამაში შეუძლია ლიტვას რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაში. პეტრას ვაიტიეკუნასი ფიქრობს, რომ ლიტვის როლი განსაკუთრებულია - მას აქვს თავისი ნიშა, ამბობს ის. ლიტვას აქვს ამბიცია, თავისი როლი ითამაშოს რეგიონშიც, მისი უკეთესად გაგებისთვის. ლიტველმა მინისტრმა ვრცლად განმარტა საგარეო პოლიტიკაში თავისი ქვეყნის აქტიურობის მიზეზები,როცა კორესპონდენტმა მას სთხოვა შეეფასებინა ის შედეგები, რომელიც მოჰყვა ნარინჯისფერი რევოლუციის დროს უკრაინის საქმეში აქტიურ დიპლომატიურ ჩართვასა და შარშან არსებული პრობლემების მოგვარებაში საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას.

(ვაიტიეკუნასის ხმა) “პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ლიტვა რევოლუციებში კი არ არის ჩართული, არამედ ევროპული ფასეულობების გავრცელებაში. ლიტვის მონაწილეობას თავის საზღვრებსა და ევროკავშირის საზღვრებს გარეთ პოლიტიკაში, სულ მცირე, სამი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. პირველი ძირეული პრინციპი ჩვენი საგარეო პოლიტიკისა აღმოსავლეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირში, არის მორალური ვალის მოხდა. მაშინ, როცა ჩვენ აღვადგენდით ჩვენს დამოუკიდებლობას, დასავლეთის ქვეყნები გვეხმარებოდნენ. ჩვენ ამ დახმარებას ველოდით, ის ჩვენთვის ძვირფასი და საჭირო იყო და შედეგიც მოგვცა. ახლა ჩვენ ვეხმარებით სხვებს. შემდეგი პრინციპი დაკავშირებულია უშიშროების თემასთან. ლიტვა უსაფრთხო იქნება, თუკი მის გარშემო სახელმწიფოები ისევე იაზროვნებენ და ევროპული ცივილიზაციის იმავე ფასეულობათა ერთგულნი იქნებიან, რომლებისაც ჩვენ. დაბოლოს, მესამე პრინციპი აღმოსავლეთში ჩვენი პოლიტიკისა ეკონომიკასთანაა დაკავშირებული.”

რუსეთთან დაკავშირებით შემდეგი თემა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას იყო საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაცია. ვაიტიეკუნასის აზრით, რუსეთთან ამ თემაზე მოლაპარაკებისას საკითხების შეთანხმებაა საჭირო. ლატვიის მოთხოვნა, ამ ვხრივ, კანონიერია, მაგრამ რუსეთი, როგორც ითქვა, არ არის საბჭოთა კავშირი. მართალია, რუსეთი საბჭოთა მემკვიდრეობით ხეირობს, მაგრამ ის, გარკვეულად, პასუხისმგებლობასაც კისრულობს. თუმცა, აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოთა დანაშაულობებში რუსეთს ბრალი არ ედება, ისიც დაზარალდა სხვების მსგავსად. ამ პოსტულატს ჩვენმა კორესპონდენტმა დაუპირისპირა შეკითხვა: მაშ, თუ არავინაა დამნაშავე, ლიტვა ვერაფერს მოითხოვს და ეს ლაპარაკიც კომპენსაციაზე უაზროა. ასეა თუ არა ეს?

(ვაიტიეკუნასის ხმა) “მე მგონია, რომ რუსეთთან უნდა დავიწყოთ ლაპარაკი ფასეულობებზე, პრინციპებზე და შევეცადოთ ისტორიისადმი საერთო მიდგომა გამოვნახოთ. ზარალს უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ მატერიალური. მე ვგულისხმობ ზარალს, რომელიც არ შეიძლება ანაზღაურებული იქნეს ფულით.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG