Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


თამარ კინწურაშვილი გასული კვირის მანძილზე დღიურებს წერდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი.



17 თებერვალი, კვირა
საჯარო დღიური არასოდეს დამიწერია. დღიურების წერის მუღამს მის ინტიმურობაში უფრო ვხედავ. თავს ნურავინ დადებს, რომ “თავისუფლებასთანაც” ისევე არ იკეკლუცებს ან არ შეინიღბება, როგორც ამას ხშირად კამერების წინ აკეთებს. თუმცა, ვეცდები, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო. მით უფრო, რომ სუფთა ქაღალდთან ურთიერთობა გაცილებით იოლია.
დღეს კვირაა - ლიზაზობა. ლიზი 5 წლის არის და, მშობლების გარდა, უცხო თვალსაც ლამაზ “ქალბატონად” ეჩვენება. ეს დღე განსაკუთრებულია იმით, რომ მთელი მოცდენილი კვირის კომპენსირებას ვახდენთ და განსაკუთრებულად ვგეგმავთ.
დღეს მერაბიკოს (ასე ეძახის ლიზი მამას) რუსთაველის თეატრში მივყავართ “სალამურას თავგადასავლის” სანახავად. ლიზისთან ყოფნა ერთია, და თან სპექტაკლიც მაინტერესებს. ამბობენ, სტურუამ ბავშვებზე მეტად მშობლებზე იზრუნა და დღევანდელი პოლიტიკური ყოფაც გააშარჟაო. და მართალსაც ამბობენ: ბრძენ კინალოკოს “ცნობილი” ულვაშები შეუძენია; ქონდარ XV-ის პრესკონფერენციაზე მიწვეულ ტელეკომპანიებს "ვაშლსა" და "მსხალს" დარბაზიდან აძევებენ და "კომშის" ანაბარა რჩებიან. მოგვიანებით იმავე ბედს ტელეკომპანია "კომშიც" გაიზიარებს, რომელსაც “ეს არის თქვენი დემოკრატია?!”-ს ძახილით სამეფო კარს ატოვებინებენ. როგორც ბროშურა გვამცნობს, სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული, რაც ამ უკანასკნელს, ალბათ, გამოხატვის თავისუფლებისთვის გაღებული ინვესტიციით თავმოწონების საფუძველს მისცემს.
ცხადია, დედისგან განსხვავებით, ლიზაზო სულ სხვა აღმოჩენებით ხალისობს. ყველაზე მეტად ჭერზე შეკიდული ბუშტების ჩამოყრის პერსპექტივა იზიდავს. შთაბეჭდილებებს მანქანაში მამას უზიარებს. უყვება, რა იყო სცენურ ვერსიაში ისეთი, რაც წიგნის წაკითხვისას არ სმენია. თუმცა, ლიზის მთავარი აღმოჩენა მაინც საპრეზიდენტო მოდელის უპირატესობის აღიარებაა. “არც ქონდარინა გვინდა, არც მეფე”, - უარყოფს მონარქიას საარჩევნო ხმის არმქონე ჩემი 5 წლის ქალიშვილი, რომელიც კითხვაზე: “ვინ გვინდა?” მორცხვად მიპასუხებს - "პრეზიდენტი".
სპექტაკლის შემდეგ მშობლები დაკრძალვაზე მივდივართ. გარდაიცვალა ბავშვებისათვის საყვარელი დიჯეი გოგა, ბაბილინას (ნატო სულხანიშვილის) მეუღლე, რასაც ლიზიკოს საგულდაგულოდ ვუმალავთ. დარწმუნებული ვარ, რომ განიცდის.
რა ხდება ამ დროს ტელევიზიასა და კოსოვოში (ეს თემა, ალბათ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხვალ პატრიოტიზმის მოზღვავებას გამოიწვევს)? დღეს “არგუმენტის” დღეა და მთავარი პრობლემა ტოკ-შოუსთვის სტუმრების “მონადირებაა”. ტელეფონით ვარკვევ, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ კანონმდებლობის ლიბერალიზაციის თემაზე სასაუბროდ ყველა მხარე თანახმაა. ვიდრე გადაცემა დაიწყება, ოჯახში ლიზაზოს ბენეფისია - იმპროვიზებული კონცერტი ორიგინალური (ტექსტსაც თავად იგონებს!) და კარგად ნაცნობი სიმღერების შესრულებით. ახლა იმ ასაკში ვართ, როცა მომღერლობაზე ვოცნებობთ და სასკოლო დავალებების შესრულება მაინცდამაინც არ გვეხალისება.

18 თებერვალი, ორშაბათი
ორშაბათის თათბირს მას შემდეგ აღარ ვატარებ, რაც არხიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე (გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ გარდა, თურმე, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციასაც მიუღიათ). თუმცა, ბევრი პროექტია დასასრულებელი, რის გამოც ცალკეული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება მაინც მიხდება.
“მოამბეს” ვადევნებ თვალს და ვატყობ, დღის მთავარი თემა კოსოვო იქნება. “დღის კომენტარის” დაგეგმვას ადრიანად ვიწყებთ, რადგან ორშაბათსა და ხუთშაბათს მთელი სახელისუფლებო რესურსი და, შესაბამისად, ოპოზიციურიც, "პრაიმ-ტაიმზე" მუშაობს და რესპონდენტების პოვნა მძაფრი კონკურენციის პირობებში გვიწევს. ერთადერთი, რაც საქმეს აადვილებს, ეს თავად თემატიკაა. კოსოვოზე საუბრისას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისეთი ერთსულოვნება სუფევს, რომ მხარეები ერთ მაგიდასთან დასხდომაზეც არ ამბობენ უარს. ქალბატონი ნინო ნაკაშიძე და ბატონი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენს პროდიუსერს მოწვევაზე უპრობლემოდ თანხმდებიან.
პრესას ვეცნობი, უფრო სწორად, “24 საათს”. ნოდარ ლადარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება: როგორ უბიძგებს ოპოზიცია ხელისუფლებას (თუ vice versa?) კანონდარღვევისკენ, როცა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის გადაყენებას სთხოვს. ლადარიას მიერ წამოჭრილი თემა - რატომ არ მიიჩნევა კანონდარღვევად ის, რასაც ძალადობის ცხადი და დაუფარავი ნიშნები არ ახლავს, - უდავოდ აქტუალურია, მაგრამ ეს უფრო რომელიმე ფონდში სადისკუსიო საკითხია, ვიდრე ქართული მედიისთვის ღირებულების მქონე თემა.
ფინანსურ დირექტორთან ერთად გასული წლის ანგარიშს ვამზადებთ. ეს პროცესი რომ საჯარო იყოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შესახებ მოარული მითები ადვილად გაქარწყლდებოდა. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველა აყვედრის, რომ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება. მათ შორის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ის წარმომადგენლებიც, ვინც ხალხის მიერ დაფინანსებული ბიუჯეტიდან თავადვე საზრდოობს. დაკვეთა მათ შემთხვევაშიც საზოგადოების ინტერესების დაცვაა. არავინ საუბრობს იმაზე, რომ თუ ჩვენ მოქალაქეთა მიერ გადახდილი გადასახადებით ვფინანსდებით, ბევრი მედიასაშუალება მათ მიერ არგადახდილი გადასახადებით ფინანსდებოდა. სხვათა შორის, შარშან ჩვენ ბიუჯეტს გადასახადის სახით დავუბრუნეთ 3 700 918 ლარი. ბიბლიური მცნება “არ მოიპარო” ქართულ სატელევიზიო სივრცეში არც ტელეფილმების ტრანსლირებისას არის სახელმძღვანელო პრინციპი. საზოგადოებრივ არხს კი ეს "სიამოვნება", ანუ ლიცენზირებული ფილმების ჩვენება მილიონნახევარი ლარი უჯდება. თუმცა, უმჯობესია ამ თემას აღარ ჩავუღრმავდე, თორემ დღიურებს საბუღალტრო ანგარიშად გადაქცევის პერსპექტივვა ელის.
საღამოს, ვიდრე პოლიტიკურ ტოკ-შოუებს “ჩავუჯდები” (ასე ცხოვრობს დღეს ნახევარი საქართველო), ვცდილობ, ლიზაზოს საშინაო დავალება წავაკითხო. ლიზის თითი მე მიჭირავს, თვალებს კი ვერაფერს ვუხერხებ - აქეთ-იქით გაურბის. პატარაა და თანაც ნებიერა. როცა ნებიერას ვეძახი, კითხვას შემომიბრუნებს ხოლმე: "ვინ მანებივრებს ნეტა?!"

19 თებერვალი, სამშაბათი
ლიზაზოს დედას ოპოზიცია “ანებივრებს”. ულტიმატუმი ხელისუფლებას - ან კინწურაშვილ-თარხნიშვილის თავები, პლუს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ან პარლამენტის წინ დაცემულ კარვებში შიმშილობა - დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
ერთადერთი საკითხი, რომელშიც ერთიან ეროვნულ საბჭოს ვუერთდები, სამეურვეო საბჭოს წევრების დაჩქარებული წესით დამტკიცებაა, რადგან ჩემოდანზე ჯდომის განწყობით მუშაობა არც ისე ნაყოფიერი გამოდის და არც მაინცდამაინც სასიამოვნოა. თანაც, როგორც მერაბი ხუმრობს, ცხოვრებაში ადამიანი საიდანღაც ერთხელ მაინც უნდა გადადგესო.
დღეს ევროსაბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორს ჟან-ლუი ლორანს ვხვდები. მე და ჩვენი მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ევროსაბჭოელ სტუმარს ვუამბობთ, როგორ ვაშუქებდით არჩევნებს, ის კი, თავის მხრივ, გვიყვება, როგორი ერთსულოვნებაა საქართველოში (მათ შორის, ოპოზიციაშიც) იმ საკითხთან მიმართებით, რომ არჩევნებისას ყველაზე პლურალისტური და დაბალანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოო. სტუმარი იმასაც აღნიშნავს, კონტექსტიც კარგად გვესმის, მაგრამ საშინაო პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა ჩვენი საქმე არ არისო... და ასე მშვიდობიანად, მომავალი წარმატებების სურვილით ვემშვიდობებით ერთმანეთს.
უკანონობის ლეგალიზაციაზე სოციალურ რეკლამას ვუყურებ: როგორ დაუკანონა ქალაქის მერიამ ოჯახს უკანონო ქონება და აჩუქა მშვიდი ძილი. საინტერესოა, იფიქრა თუ არა სოციალური რეკლამის სტატუსის მიმნიჭებელმა კომისიამ ამ კლიპის ანტისოციალურ ნიშნებზე, სახელდობრ, მშვიდი ძილის მოპოვების არაკანონიერ მეთოდებზე.
საღამო “დღის კომენტარით” სრულდება. დღეს მონოლოგის რეჟიმს გადავრჩით, ერთმანეთთან სადებატოდ ზვიად ძიძიგურმა და ნაზი არონიამ მოიცალეს. თემა პარასკევს დაგეგმილი აქციაა. ზვიად ძიძიგური გვიმტკიცებს, რომ კინწურაშვილის გადაყენების მოთხოვნა მათი ინიციატივა კი არ ყოფილა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნოდა.
ამ განცხადების უტყუარობის დადგენას, ცხადია, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა რესპონდენტისათვის შეკითხვის დასმა - ვისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დადის ოპოზიცია მოლაპარაკებებზე, პარლამენტის თავმჯდომარისა თუ საკუთარი ამომრჩევლის? - აზრს მოკლებული, ალბათ, არ უნდა იყოს.

20 თებერვალი, ოთხშაბათი
ვატყობ, ეს კვირა ძალზე ერთფეროვანი გამოდის. ისევ ეროვნული საბჭო, ისევ კარვების მუქარა და ჩემი გადაყენების მოთხოვნა.
იაკინთე ლისაშვილის შთამომავალი საჩივარს საჩივარზე წერს და დოკუმენტურ ციკლ “1937”-ის გამო პასუხის უფლებას ითხოვს.
პარლამენტში სამეურვეო საბჭოზე გამოცხადებული კონკურსის დასრულების შესახებ ოპოზიციას ამცნობენ და შემჭიდროვებულ ვადებში კანდიდატთა სიების გამოქვეყნებასაც ჰპირდებიან. საუბარია, ასევე, პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად გენერალური დირექტორის დანიშვნაზე, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამეურვეო საბჭომ კონკურსის წესით უნდა განახორციელოს.
დღეს ევროვიზიის საორგანიზაციო საკითხებზეც ვთათბირობთ. 1 მარტისთვის სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონკურსის მიმართ დიდი ინტერესია. საქართველოში მოღვაწე მომღერლების გარდა, კონკურსში ორი მოსკოველი ქართველიც მონაწილეობს - დიანა ღურწკაია და ირაკლი ფირცხალავა, - რაც კონკურენციას კიდევ უფრო ამძაფრებს. ალბათ, პროფესიონალები მოგვიტევებენ, მაგრამ ჟიურიზე მეტად SMS-ებს ვენდობით და არჩევნის გაკეთებას ქართველ ხალხს ვანდობთ. სწორედ ეს არის "ევროვიზიის" კონცეფცია. ის მომღერლის პროფესიული ნიშნით შეფასებას კი არა, მაყურებლის გემოვნებისამებრ შეფასებას ითვალისწინებს და თავისი არსით სუფთა კომერციული პროექტია.
ლიზაზო კბილის ექიმთან მიმყავს. ნინო ექიმს ბავშვები მეზობელი ოთახიდან შემოჰყავს და ლიზის სიმამაცის დემონსტრირებას ახდენს. ისიც იფერებს თავის პოზას და მორიგი პრიზის მოლოდინშია. ჩვენი დროის სტომატოლოგები კბილის ამოღებაში საჩუქრებს არიგებენ.
დავით დარჩიაშვილი “ღამის საუბრებში”, ხოლო გოგი გვახარია ბიოლის ფონდში სადისკუსიოდ მეპატიჟებიან. თანხმობას ორივეს ვაძლევ, სათქმელი ბევრი დამიგროვდა.

21 თებერვალი, ხუთშაბათი
რადიო “თავისუფლების” მიმართ ანგარიშვალდებულების გრძნობა ისე განმივითარდა, რომ ლამის დათო კაკაბაძეს გავუგზავნო პრაღაში გადადგომის შესახებ ჩემი განცხადება.
ამასობაში პრეზიდენტის აპარატი სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიას აქვეყნებს. აქ ისეთებიც არიან, ვისაც სამეურვეო საბჭო პრეზიდენტის დასაქმების პროგრამაში ერევა და ის ადამიანებიც, რომელთა არჩევაც ნამდვილად წაადგება საზოგადოებრივ არხს. თუმცა, როცა საქმე მხარეებს შორის პოლიტიკურ ვაჭრობას ეხება, ალბათ, უმჯობესია, მოცემულობების ნაცვლად, მოგვიანებით, შედეგებზე ვიმსჯელოთ.
ამასობაში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ტელევიზიასთან ქორწინებამდე უსაფრთხო სექსს და ქორწინების შემდეგ "ინტიმური ტელეფონის" აუცილებლობას აპროტესტებს. ხუმრობა იქით იყოს და მათი პრეტენზია “კედელს”, “ჩვენს ექსპრესსა” და “ეტალონს” ეხება. ამ უკანასკნელს იმას ედავებიან, გადაცემისთვის განკუთვნილი კუპონები ჟურნალ “რეიტინგში” ინტიმური ტელეფონების ცნობართან ერთად რად იბეჭდებაო. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან არზასაც ვიღებ, რომელიც ყველა ამ ცოდვისათვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის პერსპექტივასაც გვამცნობს. თუ უსაფრთხო სექსის პროპაგანდისთვის დამაპატიმრებენ, იმედია, ჩემი ძველი მეგობარი დავით ზურაბიშვილი მაინც გამომესარჩლება და პოლიტპატიმრების სიაში შემიყვანს. ბოლოს და ბოლოს იმ სოციალური კლიპისა არ იყოს, “მშვიდი ძილი” რომ მოიპოვო, რაღაც დანაშაული მაინც ხომ უნდა გქონდეს კაცს ჩადენილი.

22 თებერვალი, პარასკევი
დილით საგარეო საქმეთა სამინისტროში იუნესკოს საქმეთა კომისიის სხდომაზე ვიკრიბებით. ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ იმ პროექტებს განვიხილავთ, რომელთა ბედი საბოლოოდ პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში უნდა გადაწყდეს. ეროვნულ კინოცენტრს გაგა ჩხეიძის ნაცვლად ლაშა ბაქრაძე წარმოადგენს. წინა სხდომებისგან განსხვავებით, კომისიის წევრები ნაკლებად ფორმალურად ვეკიდებით საქმეს, რადგან ლაშა წინასწარი რეიტინგების თავდაყირა დაყენებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენითაა მიღებული. კომისია ამჯერად აშკარად ლაშას კონიუნქტურის ქვეშ ექცევა, თუმცა, არა უპირობოდ, არამედ დისკუსიის გზით.
ტელეფონით მატყობინებენ, რომ ოპოზიცია შიმშილობისა და კარვების აქციაზე უარს ამბობს და ბურჯანაძის დანაპირების სისრულეში მოყვანის მოლოდინშია.
საღამოს "დღის კომენტარში" ლევან გაჩეჩილაძე და დავით უსუფაშვილი თავიანთი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზებზე საუბრობენ. წინა დღის რადიკალიზმს ისევ მედიას აბრალებენ (ოღონდ ამჯერად საზოგადოებრივის გამოკლებით): თქვენსავით სრულყოფილად სხვა მედიასაშუალებებსაც რომ გაეშუქებინათ ნინო ბურჯანაძის გუშინდელი ვიდეომიმართვა, აქციის ჩაშლის შესახებ გადაწყვეტილებას გუშინვე მივიღებდითო. უფრო მეტიც, დავით უსუფაშვილს სამართლიანობის გრძნობა ავალდებულებს, გვანუგეშოს და გვითხრას, რომ ჩვენ ყველაზე დაბალანსებული არხი ვყოფილვართ, უბრალოდ, არც მეტი, არც ნაკლები, ოპოზიციას სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესება სურსო.

23 თებერვალი, შაბათი
დღეს ისევ ლიზაზობაა. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. ლიზის დღეს დაბადების დღეების ფართო არჩევანი აქვს. ჩვენი მეგობრების შვილებთან წასვლის წინაშე უპირატესობას თანაკლასელის დაბადების დღეს ანიჭებს.
ბებო, როგორც ყოველთვის ნერვიულობს, რომ ლიზი საჭმელს არ ჭამს. მე ექიმის რეკომენდაციებს მივმართავ, თუ რითი უნდა იკვებებოდეს მოზარდი, რაზეც ლიზი მიამიტი გამომეტყველებით კითხულობს: "რატომ უნდა გადაწყვიტოს ექიმმა, რა უნდა ვჭამო მე?!"
მერაბიკოს მანქანაში ლიზი “ბიტოსების” დისკის ჩართვას ითხოვს (ეს სახელი “ბიტლზს” ბავშვობიდან შემორჩა) და როკენროლის სიმღერით "ჯუმპაოსკენ" მივემართებით.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG