Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ეკა სირაძე-დელონე ამჯერად თავის სადღიურო ჩანაწერებს გაგვაცნობს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონე.

10 თებერვალი, კვირა
რადიო "თავისუფლების" შემოთავაზებაზე, დღიურები დამეწერა, თანხმობის მიცემა რაღაც უცნაურად გამომივიდა. უფრო სწორად, მარინა ვაშაყმაძეს მანამდე დავთანხმდი, სანამ რეალურად გავიაზრებდი, რაზე ვაწერდი ხელს, ის კი ისეთი პიროვნებაა, შეუძლებელია, არ დაგიყოლიოს! J მოკლედ, მოგვიანებით, როდესაც გავარკვიე, თუ რა ხათაბალაში გავები, უარი ვეღარ ვუთხარი და საბოლოოდ დავთანხმდი. ორი კვირის განმავლობაში მართლა მაწუხებდა ის აზრი, თუ როგორი დღიური გამომივიდოდა; მერე კი, უბრალოდ, მივენდე გრძნობებსა და კალამს... უფრო სწორად, კომპიუტერის კლავიატურას.
დღიურებს რაც შეეხება: დღიურების წერა ჩემთვის მისაღები არასოდეს ყოფილა იმ მარტივი მიზეზით, რომ არასოდეს მსურდა, ჩემს სულში, შემთხვევითა თუ განზრახ, ჩემი ნებართვისა და სურვილის გარეშე, ვინმეს ჩაეხედა. მიუხედავად ამისა, 17-18 წლის ასაკში მაინც მქონდა მცირეხნიანი მცდელობა, დღიური დამეწერა. სამწუხაროდ, ეს მცდელობა ისეთი კრახით დამთავრდა, რომ შემდგომ აღარასოდეს მიცდია. ეტყობა, ადამიანს რისი შიშიც გაქვს, აუცილებლად სწორედ ის უნდა დაგემართოს. მეც ასე მომივიდა, დედაჩემი შემთხვევით წააწყდა ჩემს დღიურს და...
კვირა დილა შედარებით მშვიდ გარემოში დაიწყო, ანუ დილის 8 საათის ნაცვლად 9-ზე კესოს ხმამ გამომაფხიზლა: "დედა, მშია!" - "ხო, დედა, მეც მშია!" - აჰყვა ლეონიც. ავდექი და ორივეს დილის საუზმის მენიუ შევთავაზე. იმის ფუფუნება, რომ დედა საუზმეს უმზადებს, ჩემს შვილებს ძალიან იშვიათად აქვთ. ამიტომ არც ერთმა არ დამზოგა და ერთმანეთისაგან განსხვავებული საუზმეები შემიკვეთეს...
რაღაც მშვიდი, წყნარი დღეა და მეც ასე მშვიდად გადავწყვიტე გამეტარებინა იგი. სახლში დავრჩი და ჩვეულებრივ მივყევი სხვადასხვა საქმის კეთებას. მოვახერხე და ვიმუშავე კიდეც, რაც, ბავშვებთან ყოფნისას, იშვიათად ხდება. თუმცა, არ ვიცი, რამდენად მოვახერხე მთელი დღე მშვიდად გამეტარებინა, რადგანაც სახლში გამუდმებით კესოს, წუწუნი და ზმუილი ისმოდა. ხშირ შემთხვევაში კესოს ზმუილისათვის მიზეზი არ სჭირდება. აი, ასე, მთელი დღე უმიზეზოდ შეუძლია, უკმაყოფილო იყოს და, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერავინ გაიგოს, თუ რატომ არის ასეთ გუნებაზე. დღესაც, რომ იტყვიან, მორიგი ზმუილის დღე გაგვითენდა.
შემდეგ - ჩემი ვაჟკაცის, ლეონის საშინაო დავალებები და ორივეს მზადება ორშაბათისათვის, რაც რამდენიმე პროცედურის განხორციელებას გულისხმობს. სახლში ტრიალით არანაკლებ ვიღლები. ზოგჯერ ისიც მიფიქრია, ალბათ, სამსახურში სიარული და იქ მუშაობა უფრო ადვილია-მეთქი. საერთოდ, ვაფასებ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია, მთელი დღე სახლში საქმე აკეთოს და მიმაჩნია, რომ ასეთი ქალები ნამდვილი გმირები არიან.
საღამოს ახლო მეგობრები მესტუმრნენ: მაიკო, ანა, ხათუნა. საღამო ერთად გავატარეთ. რაკი სახლში დამიგულეს, მოვიდნენ და დაბადების დღე დაგვიანებით მომილოცეს.

11 თებერვალი, ორშაბათი
საათი დილის 7:55-ზე რეკავს. ეს იმიტომ, რომ აუცილებლად დავრჩე ლოგინში კიდევ ხუთ წუთს და 8:00-ზე ავდგე...
მერე კი იწყება საგიჟეთი: გააღვიძე კესო, გააღვიძე ლეონი, ჩააცვი კესოს, ჩააცვი ან დააძალე, რომ დროზე ჩაიცვას ლეონმა, საუზმე გაუმზადე კესოს, ასევე ლეონს და სასწრაფოდ - სკოლისაკენ, ჰერი, ჰერი! სამწუხაროდ, სკოლაში ხშირად ვაგვიანებთ.
სახლიდან მე და ჩემი შვილები ერთდროულად გავედით. დაგეგმილი იყო, რომ დედას უნდა წავეყვანეთ და ჩამოვერიგებინეთ ჯერ ბავშვები სკოლასა და ბაღში, შემდეგ კი მე - სამსახურში. ბაღში კესოს სიცხე გავუზომე - 38 ჰქონდა. ამიტომ, სამსახურის ნაცვლად ისევ სახლში ამოვყავი თავი მასთან ერთად. შემდეგ კი - ხვეწნა... წამლები... ტირილი... წუწუნი...
სამსახურში დამაგვიანდა. შემდგომ - საქმე, უამრავი საქმე. ალბათ, დღე 36-საათიანი რომ იყოს, უპრობლემოდ შევავსებდი სამუშაო გრაფიკს. შეხვედრები: ცესკო, ეუთო, პარლამენტი... ძირითადი თემა ყველგან - საარჩევნო კოდექსი და პრობლემები, ცვლილებები, რომლებმაც უფრო უნდა დახვეწოს მომავალი საარჩევნო პროცესები.
ვცდილობ, სახლში ადრე დავბრუნდე. კესო ავად მეგულება, გული აქეთ მომიწევს, მას ჩემთან უნდა ყოფნა მე კი - მასთან.
დაბრუნებულს, სიცხიანი ბავშვი ამეკრა და აღარ მომცილდა: "წამალი დედამ დამალევინოს", "წყალი დედამ მომაწოდოს", "ცხვირში დედამ ჩამაწვეთოს"...
ის იყო, კესომ მიიძინა და ვიფიქრე, ახლა ვიმუშავებ-მეთქი, რომ წელში მოხრილი ლეონი ტირილით შემოვიდა - მუცელი მტკივაო.
შემდეგ - სასწრაფო... ექიმები... ისევ წამლები... ლეონი... კესო...

12 თებერვალი, სამშაბათი
ჩვეულებრივი დღეა, ცუდი ამინდია. კესოს ისევ სიცხე აქვს და სახლშია, ლეონი - სკოლაში.
სამსახურში ისევ ბევრი საქმეა. 10 საათიდან დამეწყო შეხვედრები და მთელი დღე გაგრძელდა. სამი საათიდან საღამოს 9 საათამდე თანამშრომლებთან ერთად არჩევნების დროს გაკეთებულ საქმეებს ვაფასებდით, დავგეგმეთ რეგიონებში გასვლითი შეხვედრები, მომზადდა საჭირო მასალა.
სახლში გვიან დავბრუნდი. ბავშვებმა მთხოვეს, ფილმს ერთად ვუყუროთო და ვუყურეთ "რობოტებს". შემდეგ კესომ, მეძინებაო, და წიგნების წაკითხვა მთხოვა. როგორც წესი, ყოველ საღამოს, ძილის წინ, სამ წიგნს ვკითხულობთ. კესოს ძალიან უყვარს ეს პროცესი და მე, რაც უნდა ბევრი საქმე მქონდეს, უარს ვერასოდეს ვეუბნები. წიგნებს მე ვირჩევ, კესო ყოველთვის კმაყოფილია ჩემი არჩევნით, შემდეგ კი მშვიდად იძინებს. დღეს საღამოს სიცხე აღარ ჰქონია და მეც გულზე სიმსუბუქეს ვგრძნობ.
დავიწყე კომპიუტერზე ჩხაკუნი. კესოს სძინავს, ლეონს შუქი უნთია და კითხულობს. ძალიან სასაცილო კაცია! "ჰარი პოტერის" მესამე ნაწილს კითხულობს, თუმცა, მეექვსე და მეშვიდე ნაწილები უკვე წაკითხული აქვს. ბოლოდან დაიწყო და მერე გადაწყვიტა, თავიდან გაეგრძელებინა. გააანალიზა, რომ ფილმის ნახვა არ ნიშნავს ნაწარმოების სრულყოფილ ცოდნას და ამ აღმოჩენით თვითონაც აღფრთოვანებულია.
მე ვმუშაობ. გარეთ თოვს...

13 თებერვალი, ოთხშაბათი
დილის 5 საათია. კესოს ტირილი მაღვიძებს, ცხვირიდან სისხლი წასკდა. დედაც ჩემთანაა... ნეტა, როდის დამთავრდება ეს ავადმყოფობები? ისე მივეჩვიეთ, უკვე აღარც კესოს ეშინია და აღარც ჩვენ. პატარა ცხვირზე ცივი საფენი დავადეთ. სისხლისდენა მალევე შეუწყდა და დაიძინა.
დილა ...
მთაწმინდიდან მთელი თბილისის სახურავები თეთრად გადაპენტილი მოჩანს. ჩვენს ქუჩაზე სიწყნარეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოყინა და მანქანები აღმართში ვერ ამოდიან. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ დედა მანქანით ვერ წაგვიყვანს. ამიტომ უნდა ვიჩქარო. რუსთაველამდე ფეხით მოგვიწევს ჩასვლა.
... საჩქაროდ ავირბინე სამსახურში, კომპიუტერი ჩავრთე და დღიურში ჩამოწერილი საქმეების განხორციელებას შევუდექი. ერთი, ორი, სამი, ოთხი... ვჩქარობ, ბევრი რამ მაქვს მოსასწრები - 10-ზე გურჯაანში მივდივართ მე, კახა და ანა.
გზა... რადიო...
ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა?! ვერ გავიგე... მომესმა თუ?.. ისევ ვუსმენ. არა, მართალი ყოფილა!
ამ ამბავმა ძალიან დამაფიქრა. გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ერთი ცხადია: დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო ორგანოების ნდობა ყველას აქვს.
გურჯაანის რეგიონალური ოფისი: შეხვედრა, საუბრები, შეფასებები, პრობლემები... დროდადრო მახსენდება ბადრი პატარკაციშვილი. რაც უფრო მეტად ვუფიქრდები, მით უფრო მეტად მაფიქრებს ეს ამბავი.
ისევ გზა... თბილისი... პარლამენტი და საარჩევნო კოდექსი. თუმცა, შეხვედრა ამჯერად გადაიდო.
სახლში მოსვლისთანავე, ტელევიზორს მივუჯექი, შემდეგ -ინტერნეტგვერდები, საინტერესო ვებგვერდებზე განთავსებული სტატიები. წავიკითხე "ნიუ იორკ ტაიმსი", "როიტერი", "მონდი"...

ხუთშაბათი, 14 თებერვალი
გავიღვიძე დილის 7 საათზე, მოვემზადე და 8 საათზე სახლიდან გავედი. თანამშრომლებმა მომაკითხეს. 8:30-ზე ქუთაისისაკენ მიმავალ გზას გავუდექით.
სანამ ქუთაისში ჩავალთ, ვჩერდებით რესტორან "მალხაზში". საოცარი ადგილია, ყველაფერი ზედმიწევნით უბრალოა, თუმცა არა მგონია, რომელიმე ძალიან მაღალი დონის რესტორანს ამდენი კლიენტი ჰყავდეს. არ მეგულება ერთი უცხოელიც კი, ამ გზაზე ემგზავროს და აქ არ შეჩერებულიყოს. "მალხაზი" 12 წელია, ამ გზის კოლორიტული ადგილია.
ტელეფონის ზარი. დედა მირეკავს. მეუბნება, რომ კესო ძალიან გამიბრაზდა. მართალიც არის - მთხოვა, დილას ისე არ წახვიდე, რომ არ გაკოცოო. მე შემეცოდა და არ გავაღვიძე, ის კი გაბრაზდა. უთქვამს, ხომ დამპირდაო? ძალიან არ მიყვარს ბავშვების მოტყუება - რომ დავპირდები და ვერ, ან არ ვუსრულებ. ყოველთვის ვცდილობ, ისეთს არაფერს დავპირდე, რის გაკეთებასაც შემდგომ ვერ მოვახერხებ. ამჯერად კესოს დაპირება ვერ შევუსრულე. L
ქუთაისი. დღეს ქუთაისის რეგიონალურ ოფისში "სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთა შეხვედრაა დანიშნული. წინასწარ ვიცით, რომ რამდენიმე მათგანი ვერ ჩამოვა. 15-მდე კოორდინატორი მაინც ჩამოვიდა.
ყველა მილოცავს - დღეს თურმე ვალენტინობაა! მოლოცვებს მეც ვუბრუნებ.
არასოდეს მიმინიჭებია ამ დღისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ყოველთვის მეგონა: თუ შეყვარებული ხარ, ყველა დღე სიყვარულისა უნდა იყოს.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების შესახებ, კერძოდ წინასაარჩევნო პროცესზე, არჩევნების დღესა და პრობლემებზე. შეხვედრამ დიდხანს გასტანა.
ტელეფონის ზარი. ფლორიანის ხმა... ფლორიანი აგერ უკვე წელიწადნახევარია, აფრიკაშია. კონგოში მუშაობს, ერთ-ერთ ნორვეგიულ ორგანიზაციაში. მხოლოდ სამ თვეში ერთხელ ახერხებს ჩამოსვლას და თუნდაც ორი კვირის ჩვენთან ერთად გატარებას. მენატრება...
12 წელია, ერთად ვართ და ვალენტინობა არასოდეს გახსენებია. დღეს გაახსებდა. ეტყობა, იმიტომ, რომ აქ არ არის და ვენატრებით...
ისევ გზა. ამჯერად გეზი ბათუმისაკენ გვიჭირავს. კახა და ანა ისევ ჩემთან ერთად მგზავრობენ. ილიაც შემოგვიერთდა.
ბათუმში საკმაოდ გვიან ჩავედით. მადონა, ჩვენი რეგიონალური კოორდინაატორი, ოფისში დაგვხვდა. შემდეგ კი დავსხედით ერთად და ხვალინდელი შეხვედრის დეტალები განვიხილეთ. ხვალ ბათუმის რეგიონალური ოფისის ოლქის კოორდინატორებს ვხვდებით. შეხვედრას ღამის 12 საათისთვის მოვრჩით. მე კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, ამიტომ სასტუმროში დავბრუნდი და განვმარტოვდი, კონცენტრაცია მჭირდება. დონორს ხვალ დილით აუცილებლად უნდა მივაწოდო მნიშვნელოვანი მასალა, რისთვისაც გვიანობამდე მომიწევს მუშაობა. კლავიატურა, კლავიატურა ...

15 თებერვალი, პარასკევი
დილით ძლივს გავიღვიძე, ოფისში 10 საათისათვის მივედი. ოლქის კოორდინატორებმაც დაიწყეს მოსვლა. გადავწყვიტეთ, ყველას არ დავლოდებოდით და ისე დავიწყეთ შეხვედრა.
მანქანა... გზა...
ტელეფონი აგერ უკვე დღენახევარია დუმს. განა იმიტომ, რომ არავინ მირეკავს. იმიტომ, რომ დამტენი თბილისში დამვიწყებია და აკუმულატორი გზაში დაჯდა. რა სასიამოვნოა ტელეფონის დუმილი! მანქანა... გზა... თოვს, თოვს...

16 თებერვალი, შაბათი
დღეს ჩემი დღიურების წერის ბოლო დღეა. საოცარია, რა სწრაფად გაირბინა ამ ერთმა კვირამ! მიხარია, რომ ეს ვალდებულება პირნათლად შევასრულე.
ოფისში ვარ და ვმუშაობ, ხვალაც მომიწევს მოსვლა. სამსახურში ბავშვებიც წამომყვნენ... ჩემთან ყოფნა უნდათ და თანახმანი არიან, ოფისში გასუსულები ისხდნენ, ოღონდ წავიყვანო.
საღამოს რადიო "თავისუფლებაში" მელოდებიან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG