Accessibility links

logo-print

ამერიკელი ექსპერტების აზრით, საქართველო და უკრაინა MAP-ს იმსახურებენ


4 მარტს შეერთებული შტატების ე.წ. “ჰელსინკის კომისიაში” გაიმართა მოსმენა, რომელიც ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ “ჰელსინკის კომისია” აშშ-ის მთავრობის ეგიდით მოქმედი დამოუკიდებელი უწყებაა, რომლის ამოცანაა “ჰელსინკის საბოლოო აქტში” ჩამოყალიბებულ დებულებათა განხორციელების მეთვალყურეობა. სამშაბათის მოსმენაში კომისიის წევრთა წინაშე მოხსენებით წარდგა ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი.

ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს ვაშინგტონის ადმინისტრაციაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოსა და უკრაინას საშუალება უნდა მიეცეთ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან ნატოში გაწევრიანების გზაზე. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, "ჰელსინკის კომისიის" წინაშე გამომსვლელებმა დაადასტურეს, რომ საქართველომაც და უკრაინამაც დაიმსახურეს, აპრილის დამდეგს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიიღონ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ MAP-ი. ამერიკელ ექსპერტთა შეფასებით, ორივე ქვეყანამ საკმარის წარმატებებს მიაღწია როგორც სამხედრო და პოლიტიკური, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში.

ბოლოდროინდელ გამოსვლებში ნატოს ოფიციალურ წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ თბილისსა და კიევს ბუქარესტიდან მხარდაჭერის "ძლიერ სიგნალს" გაუგზავნიან, მაგრამ რუმინეთის დედაქალაქში MAP-ის მიღების იმედი მათ ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ამერიკელი ექსპერტები - კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და ფიქრობენ, რომ MAP-ს ორივე ქვეყანა იმსახურებს.

"ჰელსინკის კომისიის" წინაშე გამომსვლელთა შორის იყო სტივენ პაიფერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ამჟამად კი ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის მრჩეველი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების გატარების საქმეში. პაიფერმა საგანგებოდ აღნიშნა ის დიდი წვლილი, რომელიც საქართველოს ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში შეაქვს და ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ - უკრაინისგან განსხვავებით - საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას.

თავის გამოსვლაში სტივენ პაიფერმა ისიც თქვა, რომ შარშანდელი ნოემბრის მოვლენებმა უდავოდ ჩრდილი მიაყენა საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს, თუმცა, ექსპერტის აზრით, იმ გაკვეთილიდან ხელისუფლებამ სწორი დასკვნები გამოიტანა.

[სტივენ პაიფერის ხმა] "საქართველოს მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის, როგორც ჩანს, აცნობიერებს მისთვის მიმდგარ ზიანს, და ახლა მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს. ამ მცდელობის პირველი გამოცდა მაისის საპარლამენტო არჩევნები იქნება."

სტივენ პაიფერმა დასძინა, რომ თუ ნატოს წევრ ქვეყნებს მაინც ეჭვი ეპარებათ MAP-ისთვის საქართველოს მზადყოფნაში, მაშინ უპრიანი იქნება, მაისის საპარლამენტო არჩევნებს დაელოდონ და საბოლოო გადაწყვეტილება მისი გათვალისწინებით მიიღონ.

ჯერჯერობით კი ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრთა შორის აშკარად არ არის კონსენსუსი საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის შეთავაზების საკითხზე. თუ ნატოს შედარებით ახალი წევრები, ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნები - პოლონეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და სხვები - აქტიურად ემხრობიან საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მიცემას, სტაჟიანი ნატოელებიდან ამას თავგამოდებით მხოლოდ შეერთებული შტატები აკეთებს.

4 მარტს კონსენსუსის არარსებობა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს საგანგებო წარგზავნილმა რობერტ სიმონსმა. ბუქარესტის სამიტამდე კი თვეზე ნაკლები რჩება.
XS
SM
MD
LG