Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა


ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა თავისი საბოლოო დასკვნა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

დასკვნა, რომელიც, ძირითადად, იმეორებს არჩევნების წინა და მისი შემდგომი ხანის იმ შეფასებას, რომელიც შუალედურ მოხსენებაში გაკეთდა, ოპოზიციაში საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ხალხის დიდ გამარჯვებად მიაჩნიათ. ”დასკვნა ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყნისა”, - თქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში ასევე განმეორებულია წინასწარ და შუალედურ ანგარიშში გამოთქმული აზრი იმის შესახებ, რომ 5 იანვრის არჩევნები, საერთო ჯამში, შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ეუთოს მისიამ განაცხადა, რომ, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, არჩევნები, საერთო ჯამში, შეესაბამებოდა ეუთოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს, თუმცა იყო ისეთი სერიოზული პრობლემებიც, რომელთა უსწრაფესი გადაჭრაც აუცილებელია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იყო პირველი კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები - ამის აღნიშვნით იწყება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნა საქართველოში ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, შემდეგ კი ვრცლად და დეტალურად არის ჩამოთვლილი პრობლემები, რომლებიც არჩევნების წინ, არჩევნების მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში იქნა გამოვლენილი. დასკვნაში ხმის მიცემა დადებითად არის შეფასებული, ხმების დათვლის პროცესი კი - ”ნაკლებად პოზიტიურად” . დასკვნა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ხმის მიცემის, ხმების დათვლის, ასევე შედეგების გამოცხადების პროცესსა და საჩივრების განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორის კრისტიან სტროჰალის განცხადებით, ”ეს დასკვნა ასახავს იმ პოზიტიურ ასპექტებს, რომლებიც სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა და ასევე ასახავს მნიშვნელოვან ნაკლოვანებებს, რომელთა მოგვარებასაც მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან დროულად, მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე.”

როგორ იქნა მიღებული ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნა საქართველოში - ოპოზიციასა და ხელისუფლებაში?

[კობა დავითაშვილის ხმა] ”ხმის დათვლის პროცესი ნაკლებად პოზიტიურად არის შეფასებული, 23 პროცენტი - ცუდად, და ნათქვამია, რომ 35 პროცენტში უბნებისა ხმის დათვლა ვერ განხორციელდა დადგენილი პროცედურებით და ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს დასკვნა არის ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე და მიხეილ სააკაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყნისა. ” (სტილი დაცულია)

ეს განცხადება ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს სახელით ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა გააკეთა. ხელისუფლებაში არ გაჰკვირვებიათ სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნის ასეთი აღქმა. გიგა ბოკერიას აზრით, კობა დავითაშვილის შეფასება ესადაგება ამომრჩევლის მოტყუების ტაქტიკას:

[გიგა ბოკერიას ხმა] ” საერთო შეფასება არის იგივე. არსად არ წერია, რომ სააკაშვილი არალეგიტიმურია და არჩევნები არ გამოხატავდა ხალხის ნებას. პირიქით, ჩვენ, ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, სერიოზულად ვეკიდებით შენიშვნებს და ვცდილობთ მათ აღმოფხვარს. უდიდესი ნაწილი ამ შენიშვნებისა გამომდინარეობს ტექნიკური პრობლემებიდან.”(სტილი დაცულია)

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ხაზგასმით აცხადებს, რომ ტექნიკური პრობლემები ადგილებზე, საარჩევნო ადმინისტრაციებში, პროფესიონალიზმის დეფიციტიდანაც გამომდინარეობდა, რაც ეხება არა მარტო მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ...

მაგრამ მივყვეთ თავად დასკვნას. არჩევნები, საერთო ჯამში, მშვიდად წარიმართა; იყო დეზორიენტაციის შემთხვევები, მაგრამ უფრო სერიოზული პრობლემები ხმების დათვლისას გამოიკვეთა, - ნათქვამია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში. მისია დაკვირვებას 180 უბანში ახორციელებდა. აქედან 23 პროცენტში ხმების დათვლის პროცესი შეფასდა როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 35 პროცენტმა არ განახორციელა ხმების დათვლის პროცესი დადგენილი წესით. სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში ვრცლად არის მიმოხილული არჩევნებზე გამოკვეთილი დარღვევების გასაჩივრების პროცესი. აღნიშნულია, რომ საარჩევნო კომისიამ ვერ შეძლო საკუთარი ინიციატივით გამოეძებნა დარღვევები. ”როგორც ჩანს, საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰყოფნიდათ კვალიფიკაცია საიმისოდ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას გათავისუფლებულიყვნენ პოლიტიკური ინტერესებისგან ”, - ვკითხულობთ დასკვნაში.

ჩვენ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით სადამკვირვებლო მისიის შენიშვნებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 5 იანვარს და მის შემდეგ გამოკვეთილ პრობლემებს აღარ ჰქონდეს ადგილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” გიგა ბოკერიამ. რადიო ”თავისუფლებამ” დაახლოებით ერთი თვის წინ ინტერვიუ ჩამოართვა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ელსი ჰასტინგს. შეკითხვას, რატომ ხდება ისე, რომ სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს პრობლემებს და, იმავდროულად, აცხადებს, რომ არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ელსი ჰასტინგსმა უპასუხა:

[ელსი ჰასტინგსის ხმა]”ძირითადად, არჩევნები შესაბამისობაში იყო ეუთოს სტანდარტების უმრავლესობასთან. ის ზოგად სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო და თუკი ოპოზიცია არ არის ბოლომდე კმაყოფილი და მთავრობაც არ არის ბოლომდე ნასიამოვნები, გამოდის, რომ მე კარგი გადაწყვეტილება მიმიღია.”
XS
SM
MD
LG