Accessibility links

რუსეთის მხარე არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატის შეცვლას


რუსეთის მხარე არ იზიარებს საქართველოს მხარის არგუმენტებს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის

ფორმატის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს მხარის არგუმენტები 6 მარტს თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა იური პოპოვმა მოისმინა. შეხვედრა შედგა მასა და სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს შორის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი თბილისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ცხინვალში გაემგზავრა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, უკან, მოსკოვში, დაბრუნებამდე მას კიდევ მოუწევს კონსულტაციის გავლა საქართველოს წარმომადგენელთან. მანამდე, 6 მარტს, თბილისში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პოპოვს მოუწია იმის თქმა, რომ რუსეთის მხარეს აქვს საქართველოს მხარისგან განსხვავებული მოსაზრება ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა პროცესის განვითარებაზე:

{იური პოპოვის ხმა] ”უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით ვერ მივაღწიეთ საერთო ენის გამონახვას. მოლაპარაკებათა პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებულად ვაფასებთ საქართველოს სტრატეგიას. ”

”შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციულად. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელზეც რუსეთის მხარის წარმომადგენელმა პირველწყაროსგან მოისმინა არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ მიგვაჩნია საჭიროდ მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლა”, - აღნიშნა იური პოპოვთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ლაპარაკია, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატის შეცვლაზე. ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს მხარის ფორმულირებაა 2+2+2 , რაც მოლაპარაკებათა პროცესში მხარეთა შემდეგ წარმომადგენლობას გულისხმობს: საქართველოს მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა, რუსეთის მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ეუთო და ევროკავშირი. მოქმედ ფორმატში 4 მხარეა გათვალისწინებული: საქართველოს მხარე, სამხრეთ ოსეთის მხარე, ცალკე რუსეთის, ცალკე კიდევ ჩრდილოოსური მხარე.

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”შერეულ საკონტროლო კომისიაში მიღებული გადაწყვეტილებები არ სრულდება. ეს არის ფორმატი, რომელიც არ სრულდება, თორემ ჩვენ ვინმეს კი არ ვერჩით. თანაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ სანაკოევის ხელისუფლება რეალობაა და ის წარმოადგენს კონფლიქტის ზონის მოსახლეობის ნაწილს. ”

იური პოპოვი, რომელიც, იმავდროულად, არის რუსეთის მხარის თანათავმჯდომარე შერეულ საკონტროლო კომისიაში, მიიჩნევს, რომ საქართველოს განცხადებები ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით ზედაპირულია. ”საქართველოს მხარეს შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში, მაგრამ კომისია განაგრძობს თავის საქმიანობას”, - განაცხადა პოპოვმა. მისი აზრით, არსებულ ფორმატს თავისი პოტენციალი ჯერ არ ამოუწურავს. შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება და მათი შესრულებაც, მხარეთა ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია. ამას გარდა, ნაადრევია მოლაპარაკებათა პროცესში სანაკოევის ადმინისტრაციის ჩართვა, - ასე ფიქრობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

საქართველოს მხარე გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთის მხარე და მასთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნოს მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლის აუცილებლობაში. იური პოპოვი ცხინვალში ბორის ჩოჩიევთან შესახვედრად გაემგზავრა. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთსა და მოსკოვში 12 მარტს უნდა გაიმართოს ახალგაზრდების აქციები, მოთხოვნით, აღიარებულ იქნენ არაღიარებული რესპუბლიკები, რასთან დაკავშირებითაც საუბრის დასასრულს აღვნიშნავთ, რომ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გამორიცხა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარება. შესაბამის შეკითხვაზე პასუხად ერთ-ერთ ჟურნალისტს მან განუცხადა, რომ ეს არ მოხდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, კოსოვო უნიკალური შემთხვევაა და მისი სტატუსი განისაზღვრა იმ განსაკუთრებული გარემოების გამო, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის დაშლის მიზეზი გახდა. რაისმა განმარტა, რომ განსაკუთრებული გარემოება იყო მილოშევიჩის რეჟიმის აგრესია კოსოვოელების მიმართ.
XS
SM
MD
LG