Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”კვლავ აქციების ჩრდილი” - ასეთი სათაურით აქვეყნებს დღევანდელი ”24 საათი” სტატიას ოპოზიციის მოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლების შესახებ.

გაზეთი აშუქებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის კომენტარებს. ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ეუთოს დამკვირვებელთა მისიის საბოლოო დასკვნა ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არაკონსტიტუციურად ჩატარდა და საჭიროა არჩევნების ხელახლა ჩატარება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი კი, გაზეთის თქმით, ”მშვიდად აცხადებს”, რომ ეუთოს შეფასება ასეთი დასკვნის საშუალებას არ იძლევა და არჩევნები ქართველი ხალხის აზრის გამომხატველად არის შეფასებული.

”24 საათი” აგრეთვე აქვეყნებს ეუთოს ამ 32 გვერდიანი დასკვნის მოკლე მიმოხილვას. ავტორი სტატიის დასაწყისში აღნიშნავს, რომ რეკომენდაციები სიმწვავით გამოირჩევა და წერს: ”საქართველოში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელიც ეუთოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა, წინა პლანზე მაინც დააყენა მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.”

ამავე თემას აშუქებს დღვანდელი ”რეზონანსი”, რომელიც ეუთოს დასკვნის განხილვას მოწინავე გვერდს უთმობს და აღნიშნავს, რომ მისიის საბოლოო დასკვნაში არსად წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეფასდა. სტატიის დასაწყისში ავტორს მოჰყავს ამონარიდი ამ დასკვნიდან: ”ხმის დათვლის პროცესის 23 პროცენტი უნდა შეფასდეს ცუდად ან ძალიან ცუდად. ბიულეტენების დათვლის დროს დაშვებული იყო პროცედურული უზუსტობები და ადგილი ჰქონდა კომისიის წევრთა დაუდევრობას.” – ”რეზონანსის” ინფორმაციით, ასე აფასებს ეუთოს სადამკვირვებლო მისია 5 იანვრის არჩევნებს.

”რეზონანსი” აგრეთვე მიმოიხილავს ოპოზიციის გეგმებს და წერს, რომ 9 მარტს თბილისს კიდევ ერთხელ გადაუვლის საპროტესტო ტალღა, თუმცა უცნობია, რა ფორმას მიიღებს ამჯერად ოპოზიციის პროტესტი. გაზეთის ინფორმაციით, აქციებს არ შეუერთდებიან ლეიბორისტები, რესპუბლიკელები კი ყოყმანობენ. ”რეზონანსი” რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს გაესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ამ მოთხოვნას პარტია არ უერთდება. ”თუ მოთხოვნებში რაიმე შეიცვალა, აქციაზე შეერთება- არშეერთების საკითხს შემდეგ გადავწყვეტთ”, - უთხრა ლევან ბერძენიშვილმა ”რეზონანსს”.

”ერთიან ეროვნულ საბჭოში” არსებულ განხეთქილებაზე წერს ”ალია”, რომლის ინფორმაციის მიხედვით, საბჭოში ერთმანეთს კობა დავითაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე დაუპირისპირდნენ. გაზეთი, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, წერს: ”მიტინგების ახალი სეზონის გახსნის წინ ”გრეჩიხასა” და ”ხალხის პარტიის” ლიდერს შორის მცირეოდენი გაკეჭნავება ისევ მომხდარა. ლევან გაჩეჩილაძეს უთქვამს, მოლაპარაკებები განვაგრძოთ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანო. მარტო არა, ჩვენთან ერთად მიიყვანო! - სიტყვა შეუგებებია დავითაშვილს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატისათვის.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG