Accessibility links

logo-print

რატომ გაძვირდა საქართველოში საავტომობილო გაზი


ბოლო კვირის მანძილზე საქართველოში საავტომობილო ბუნებრივი აირის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა კი

საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი აირის ღირებულება არ შეცვლილა. საავტომობილო გაზის ფასის მოულოდნელი შეცვლის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ავტომობილების მფლობელები, რომლებიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ - ძირითადად, ესენი არიან ტაქსის მძღოლები. ისინი პასუხს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისაგან მოითხოვენ. რატომ გაძვირდა საავტომობილო გაზი?

საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების მფლობელები უმრავლესობას არ წარმოადგენენ. უმრავლესობას შეადგენენ ტაქსის მძღოლები, რომლებიც, გაზის სიიაფის წყალობით, მგზავრთა მომსახურებასაც იაფად ახერხებდნენ. შესაბამისად, ბუნებრივი აირის მოულოდნელმა გაძვირებამ მათი ბიზნესი საფრთხის წინაშე დააყენა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ტაქსის მძღოლი გია ამბობს, რომ იძულებულია მგზავრთა მომსახურების ფასი გაზარდოს, თუმცა ეს კლიენტების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს:

[გიას ხმა] ”ავტომობილების გაზი გაძვირდა წინა პარასკევიდან, 1 კვირა იქნება. ასე ამბობენ, მთავრობა გვიძვირებსო.”

რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას, ასეთი მიზეზი არ უხსენებია კომპანია ”ავტოგაზის” ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის თანამშრომელს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

[ავტოგაზის თანამშრომლის ხმა] ”არ ვიცი, გაძვირდა. ყველგან გაძვირდა - ლარი და ათი გახდა.”

მანვე საავტომობილო გაზის ფასის ზრდის მიზეზების გასარკვევად სათავო ოფისისკენ მიგვასწავლა. სათავო ოფისში კი ”ავტოგაზის” ხელმძღვანელებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა მათი მოუცლელობის გამო. იგივე მოიმიზეზეს საავტომობილო გაზის სხვა დისტრიბუტორებმაც.

საავტომობილო გაზის მომხმარებელთათვის საწვავის გაძვირების მიზეზების ახსნას ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია შეეცადა, რადგან სწორედ მის მიმართ ისმოდა გაზის საფასურის გაზრდით უკმაყოფილო მოსახლეობის საყვედურები. მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის ნინო ასათიანის კომენტარი:

[ნინო ასათიანის ხმა] ”მოგეხსენებათ, რომ კანონში ენერგეტიკის შესახებ შევიდა ცვლილებები, სადაც იქნა მითითებული, რა იქნებოდა დარეგულირების საგანი. 2006 წლიდან ჩვენ აღარ ვარეგულირებთ ავტომობილების გაზის ტარიფს.”

ნინო ასათიანის განცხადებით. ამჟამად ავტოგასამართი სადგურების ტარიფებს ბაზარი განსაზღვრავს და მარეგულირებელი კომისია მხოლოდ მოსახლეობის სამომხმარებლო ტარიფის განსაზღვრაში მონაწილეობს.

ენერგეტიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით კი, მარეგულირებელი კომისია საავტომობილო გაზის იმპორტიორი კომპანიებისგან შესყიდვების ტარიფებს არეგულირებს. და რადგან ამ ბოლო დროს მარეგულირებელ კომისიას იმპორტირებული გაზის ტარიფის შეცვლა არ განუხილავს, საავტომობილო გაზის სამომხმარებლო ფასიც არ უნდა შეცვლილიყო:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”რადგან ეს რეგულირებადია და იქ ფასი არ შეცვლილა, გასაყიდი ფასი რატომ უნდა შეცვლილიყო, ეს არის უცნაური.”

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საავტომობილო გაზის დისტრიბუტორებს ფორსმაჟორული პრობლემები შეექმნათ აზერბაიჯანულ გაზთან დაკავშირებით და იძულებულნი გახდნენ უფრო ძვირი რუსული გაზი შემოეტანათ.
XS
SM
MD
LG