Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია 9 მარტს დანიშნული მიტინგისთვის ემზადება


ხელისუფლებასთან დიალოგის შეწყვეტის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამომრჩევლებს კვლავ ქუჩაში გასვლისა და

მიტინგებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ოპოზიცია, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნის საფუძველზე, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასაც მოითხოვს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა გასული წლის შემოდგომაზე საპროტესტო მოძრაობა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დაიწყეს, თუმცა სულ მალე, ნოემბრის აქციების დაწყებისთანავე, არჩევნების დანიშნვნა სხვა მოთხოვნამ ჩაანაცვლა:

[კოკა გუნცაძის ხმა] „ვერთიანდებით და ვიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას, დევიზით „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“. ეს არის სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა - ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ.“

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ თითქმის ოთხი თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ კი დიალოგის დაწყება შეძლეს, თუმცა 5 მარტს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა, განაცხადა, რომ კვლავ აქტუალურია ოთხი თვისწინანდელი ლოზუნგი - „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“.

[კობა დავითაშვილის ხმა] „გავრცელდა ეუთოს დასკვნა და ჩვენ უკვე გვაქვს ტექსტი ამ დასკვნისა, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების მეხუთედზე მეტში არჩევნების პროცესი შეფასდა როგორც „ცუდი“ ან „ძალიან ცუდი“. საუბნო კომისიების 35 პროცენტმა კი არ განახორციელა ხმების დათვლის პროცესი კანონით დადგენილი წესით. არათუ 35 პროცენტი, არამედ, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, 20 პროცენტია საკმარისი იმისათვის, რომ არჩევნები არშემდგარად ჩაითვალოს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.ამიტომ ჩვენი კანონიერი მოთხოვნა ხდება „საქართველო სააკაშვილის გარეშე“, ანუ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები.“

ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად კი, როგორც სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ანდა გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტმა მიიღოს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „45 დღით ადრე პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.“

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ახალი მოთხოვნა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და საერთო არაფერი აქვს საქართველოში შექმნილ რეალობასთან. ოპოზიციის ინიციატივას ეხმიანებიან რიგითი თბილისელებიც:

[ქალბატონის ხმა] „იმდენად დავიბენით და დავიღალეთ, რომ სად წავიდეთ, არ ვიცი. არ მგონია, რომ არჩევნები იყოს გამოსავალი.“

[მამაკაცის ხმა] „არჩევნებით არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ იგივე ხალხია როგორც ერთ, ასევე მოერე მხარეს. რა შეიცვლება?“

[მამაკაცის ხმა] „უნდა ჩატარდეს როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები. იმიტომ რომ მიშა სააკაშვილი კარგი კაცია, მაგრამ გარემოცვა არ უვარგა. ყველა საკუთარ გამორჩენაზე ზრუნავს.“

[ქალბატონის ხმა] „მე არ მინდა ხელახლა არჩევნების ჩატარება. დავიღალეთ, ძალიან დავიღალეთ.“


თუმცა, ამ ქალბატონისაგან განსხვავებით, არ დაღლილა ეკა ბესელია, ერთ-ერთი ლიდერი პარტიისა „ერთიანი საქართველოსთვის“. ბესელია და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერები მხარდამჭერებს ეპატიჟებიან საპროტესტო აქციაზე, რომელიც 9 მარტს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება:

[ეკა ბესელიას ხმა] „იქნება აქცია. ეს არის უკვე გადაწყვეტილი. მაგრამ ის, თუ რა ფორმებით იქნება აქცია, პროტესტის რა მეთოდები იქნება გამოყენებული, ამაზე საბჭო მსჯელობს.“

ბრძოლის მეთოდების გარდა, ჯერჯერობით ასევე უცნობია იზიარებენ თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები ეროვნული საბჭოს ახალ ინიციატივას, ანუ მოითხოვენ თუ არა ”ახალი მემარჯვენეები” და ”რესპუბლიკელები” პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ამ კითხვებს პასუხი უახლოეს დღეებში, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, გაეცემა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG