Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში


ბრიუსელში დღეს გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაც ალიანსის გაფართოების პერსპექტივა იყო.

ამდენად, საუბარი შეეხო საქართველოსაც - კერძოდ, იმსჯელეს იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ანუ მეპის შეთავაზება საქართველოსა და უკრაინისთვის.

შეხვედრაზე, რომელიც წინ უსწრებდა ნატოს აპრილის სამიტს ბუქარესტში, ნატოს საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა ერთსულოვნებას ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებულ, პრაქტიკულად, ვერც ერთ საკითხში ვერ მიაღწიეს. ერთი ასეთი საკითხი იყო ნატოში სამი ახალი წევრის - ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიის - მიღება. თუ ხორვატიისა და ალბანეთის გაწევრიანების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, არავინ გამოსულა, მაკედონიის შემთხვევაში საბერძნეთი მტკიცედ იდგა ძველ პოზიციაზე. ის მაკედონიის ნატოში მიღების წინააღმდეგ ვეტოს გამოყენებით იმუქრება, თუ მაკედონიამ სახელი არ შეიცვალა. ათენში შიშობენ, რომ მაკედონიას შესაძლოა ტერიტორიული ამბიციები გაუჩნდეს საბერძნეთის მიმართ, რომლის ჩრდილოეთშიც არის რეგიონი სახელწოდებით მაკედონია. მოკლედ, საქმე ეხება დავას მაკედონიის ისტორიის გარშემო... მაკედონია, თავის მხრივ უარს ამბობს სახელწოდების შეცვლაზე და თუ ნატოში მისი მიღება ჩაიშალა, ალბანეთი და ხორვატია შიშობენ, რომ ისინიც ალიანსს მიღმა დარჩებიან. საქმე ის არის, რომ ნატოს ზოგი ქვეყანა უარს ამბობს ამ სამი ბალკანელი კანდიდატის ცალ-ცალკე მიღებაზე.

რაც შეეხება საქართველოს. მართალია, ხუთშაბათს გამართულ შეკრებას ბრიუსელში რუსეთის წარმომადგენლები არ დასწრებიან, მაგრამ, თუ ჩვენი კორესპონდენტის სიტყვებს მოვიშველიებთ, “რუსეთის აჩრდილი” იქ იყო. შეხვედრის ბევრი მონაწილე აშკარად დიდ ანგარიშს უწევდა მოსკოვის პოზიციას ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებაზე მსჯელობისას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის თქმით, ნატოელი მოკავშირეები ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებსაც გამოთქვამდნენ. ეს უთანხმოება შეხვედრის ბოლოს დიპლომატიურად შეაჯამა ნატოს გენერალურმა მდივანმა: [იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] "გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. პრინციპები თქვენთვის ცნობილია: ნატოს კარი ღიაა, ხოლო იმას, თუ ვინ გადააბიჯებს ამ კარის ზღურბლს, ნატოელი მოკავშირეები გადაწყვეტენ. სწორედ ისინი და სხვა არავინ."

ამასთან, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ბელგია და ლუქსემბურგი საქართველოსთვისა და უკრაინისთვის მეპის შეთავაზების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ისინი სხვადასხვა არგუმენტს იშველიებდნენ, მათ შორის სეპარატიზმის პრობლემას საქართველოში. მაგრამ სკეპტიციზმის გამომწვევი მთავარი მიზეზი მაინც რუსეთი ჩანდა - მისი უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება პოსტსბჭოთა სივრცეში ნატოს გაფართოების მიმართ. სხვათა შორსი, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც, როგორც ცნობილია მალე გამოეთხოვება ამ პოსტს, აპირებს დაესწროს ბუქარესტის სამიტს.

თუ ისევ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დავუბრუნდებით, საქართველოსა და უკრაინისთვის მეპის შეთავაზებას ღია, მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ბრიტანეთმა. რაც შეეხება აშშ-ს, ნატოს გაფართოების ტრადიციულ მომხრეს, სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა:
[რაისის ხმა] "პრინციპები სრულიად მკაფიოა. ნატო არის ორგანიზაცია, რომლის კარი ღიაა ევროპის დემოკრატიებისთვის, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კონკრეტული წარმატებების კრიტერიუმით ხელმძღვანელობს და განიხილავს ცალკეული ქვეყნების მზადყოფნას ნატოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა ეტაპზე. ამდენად, ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ ექნება ვეტოს უფლება იმაზე, არის თუ არა მზად ესა თუ ის ქვეყანა ნატოსთან თანამშრომლობის რომელიღაც კონკრეტულ საფეხურზე. ეს ნატოს წევრების გადასაწყვეტია."

იუწყებიან ასევე, რომ კონდოლიზა რაისმა გააკრიტიკა შეფასება, თითქოს საქართველოსა და უკრაინას, შესაძლოა, ნატოში გაწევრიანებაში ხელი შეუშალოს იმ გარემოებამ, რომ ისინი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს უთხრა, საქართველოსა და უკრაინის გარშემო დისკუსიის შედეგი ბუქარესტის სამიტზე გაირკვევა.

ნატოს გენერალური მდივნის, იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით: [სხეფერის ხმა] "ნატოელმა მოკავშირეებმა მკაფიოდ დაადასტურეს უკრაინისა და საქართველოს სწრაფვა - იმის გათვალისწინებითაც, რომ ორივე ქვეყანა ინტენსიური დიალოგის ფორმატში მონაწილეობს. ეს დღეს დილით კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ითქვა."
XS
SM
MD
LG