Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და რუსეთმა გაზის გარშემო უთანხმოება მოაგვარეს - დროებით


ევროპამ გუშინ შვებით ამოისუნთქა, როცა შეიტყო, რომ უკრაინამ და რუსეთმა შეძლეს გაზის გარშემო უთანხმოების მოგვარება.

ამ უთანხმოების გამო რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომმა” უკრაინაში ექსპორტი გაანახევრა, გაჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეფერხების საფრთხეც.

მაგრამ დავა მოგვარდა. “გაზპრომმა” და უკრაინის კომპანია “ნაფტოჰაზმა” საღამო ხანს ერთბლივი განცხადებით გაავრცელეს ინფორმაცია უთანხმოების მოგვარების შესახებ. შეთანხმება მოჰყვა სატელეფონო მოლაპარაკებას, რომელშიც თვით პრეზიდენტებიც იყვნენ ჩართული - ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ იუშჩენკო. მიღწეული შეთანხმების შესახებ მოსკოვში გააკეთა განცხადება გაზპრომის პრესმდივანმა, სერგეი კუპრიანოვმა.

[კუპრიანოვის ხმა] “მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე მიწოდებული გაზის საფასურს მთლიანად უკრაინის "ნაფტოგაზი" გადაიხდის - წლის დამდეგისთვის არსებული სქემის მიხედვით. ევროპელი მომხმარებლისთვის განკუთვნილი გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიით სრული მოცულობით ხორციელდება. უკრაინის მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია”.

უკრაინაში გაზის ექსპორტის შეკვეცის მიზეზად “გაზპრომ” ასახელებდა მისდამი უკრაინის ვალს - 600 მილიონ დოლარს, რაც კიევს გასული წლის მანძილზე დაუგროვდა. ამ ვალის გაუსტუმრებლობის შემთხვევაში გაზპრომი ექსპორტის კიდევ უფრო შეკვეცითაც კი იმუქრებოდა.

დათმობაზე წასვლისთვის მზადყოფნის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა არც უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელმაც გაზმომარაგების შეკვეცას პროვოკაცია უწოდა.

ევროპაში კარგად ახსოვთ ორი წლის წინანდელი დავა “გაზპრომსა” და უკრაინას შორის - დავა, რომელმაც კულმინაციას მიაღწია უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით. ამას მოჰყვა (უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტით) დასავლეთ ევროპის გაზმომარაგების შეფერხება. ამიტომ გასაგებია ევროკავშირის სწრაფი რეაქცია ბოლო უთანხმოების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისთანავე: ბრიუსელმა სასწრაფოდ გამოუშვა განცხადება, რომლითაც ორივე მხარეს მოუწოდა, უზრუნველეყოთ ბუნებრივი აირით ევროკავშირის შეუფერხებელი მომარაგება.

დავა მოგვარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ დროებით. რადგან კვლავაც აქტუალურია დავის გამომწვევი მთავარი მიზეზი: ორ ქვეყანას შორის გაზით ვაჭრობაში შუამავლი კომპანიების, “როსუკრენერგოსა” და “უკრგაზენერგოს” როლი. “როსუკრენერგოს” ნახევარი “გაზპრომს” ეკუთვნის, ხოლო “უკრგაზენერგოს” მფლობელები არიან “როსუკრენერგო და უკრაინის სახელმწიფო კომპანია “ნაფტოჰაზი”.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ტიმოშენკო მოითხოვს შუამავლების როლის გაუქმებას - მას მიიჩნევს მექანიზმად, რომელიც ფულის მითვისების საშუალებას იძლევა უკრაინელი მომხმარებლის დაზარალების ხარჯზე. მაგრამ მოსკოვი უარზე დგას - სავარაუდოდ, მომცრო ელიტური ჯგუფის ბიზნეს-ინტერესების გამო.

ასეა თუ ისე, “გაზპრომი” ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ კიევთან გაზის საკითხზე განმეორებით დაპირისპირებას მარტო ეკონომიკური მიზეზი აქვს. მაგრამ ამაოდ: ალბათ, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ საქმე პოლიტიკასაც ეხება. გარდა იმისა, რომ ბოლო დავამ სახიფათო დარტყმა მიაყენა ნარინჯისფერი რევოლუციის გმირების - უკრაინის პრეზიდენტ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს კოალიციას, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რუსეთის მიერ გაზმომარაგების შეკვეცა ევროპის წინააღმდეგაც არის მიმართული. ისევ გამოითქვა ბრალდება, რომ მოსკოვი ბუნებრივი რესურსებით სიმდიდრეს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

აი, რას ამბობს რომში მოღვაწე პოლიტოლოგი ფედერიკო ბორდონარო: [ბორდონაროს ხმა] “გაზპრომის” მოქმედება არა მარტო ბიზნესის პრობლემებით არის გამოწვეული. ვფიქრობ, “გაზპრომი” საპასუხო ზომებს მიმართავს ევროპის წინააღმდეგ პირველ რიგში იმის გამო, რომ ევროპამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთის შეშფოთების გაუთვალისწინებლად და მეორე იმიტომ, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვის”.

პოლიტოლოგ ფედერიკო ბორდონაროს შეფასებით, მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობა ევროპას უბიძგებს გაზის და ნავთობის იმპორტის ალტერნატიული გზების ძიებისაკენ.
XS
SM
MD
LG