Accessibility links

logo-print

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიტინგების ჩატარების უფლება მიიღო


თბილისის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას 2008 წლის

9 მარტიდან 19 მარტამდე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვის ნებართვა მისცა. ნებართვა მოიცავს იმის განმარტებასაც, თუ რის უფლებას უზღუდავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. უფრო კონკრეტულად კი, აქციის მსვლელობისას იკრძალება მოწოდებები საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივებისაკენ. გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია, წინასწარი ინფორმაციით, 9 მარტს 14 საათზე დაიწყება.

თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ საპროტესტო აქციის გამართვის ნებართვისთვის თანდართულ განმარტებებში შედის ასევე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის იმ პუნქტების ჩამონათვალიც, რომლებიც, კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორების ამა თუ იმ ფორმით დასჯას გულისხმობს. ამ შეზღუდვებშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისათვის დაბრკოლებების განზრახ შექმნა და აქციის მონაწილეთა პირად არსენალში იარაღის, ფეთქებადი, ადვილად აალებადი და სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერებების ქონა. გაერთიანებული ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფმა თბილისის მერიას საპროტესტო აქციის მოწყობის შესახებ შეტყობინება 4 მარტს გაუგზავნა. შეტყობინებაში მითითებულია შეკრების ფორმა, მიზანი და მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა–100 000 ადამიანი. დედაქალაქის მოსახლეობისთვის აქტიური შეტყობინება, რომ 9 მარტს დაგეგმილია აქცია, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებმა 7 მარტს დაიწყეს. სააგიტაციო აქტივობამ მოიცვა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მანქანებით მსვლელობა თბილისის უბნებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მეტროსადგურებში და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საპროტესტო აქციები.
9 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციის ძირითადი მოთხოვნები კვლავაც უცვლელია. თუმცა ეროვნული საბჭოს მემორანდუმში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაც დაემატა.

[კობა დავითაშვილის ხმა]“ ჩვენ ვიდექით არჩევანის წინაშე: ან საპროტესტო აქციები და საბჭოს ერთიანობის საფრთხის ქვეშ დაყენება, ან საბჭოს ერთიანობა და შანსის მიცემა მომლაპარაკებელი ჯგუფისა და ხელისუფლებისთვის, რომ ეს დიალოგი შემდგარიყო. მივიღეთ მკვეთრად უარყოფითი შედეგი. ამასობაში ევროპის უშიშროების თათბირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი დარღვევით წარიმართა ხმების დათვლის პროცესი. ამიტომ ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა ბუნებრივად ხდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ერთხმად.”(სტილი დაცულია)

გვითხრა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, რომლის შეფასებითაც, საპროტესტო აქცია მწვავე და მშვიდობიანი იქნება. შეუერთდებიან თუ არა საპროტესტო აქციას ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები და ლეიბორისტები? როგორც ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ოპოზიცია საბოლოო შედეგის მიღებამდე საპროტესტო აქციებს აღარ შეწყვეტს და აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ აღარ მოუწოდებს, ლეიბორისტები გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით დადგებიან:

[სოსო შატბერაშვილის ხმა]“თუ ისეთ არასერიოზულ სახეს მიიღებს ეს აქცია, როგორც ეს შიმშილობის გამოცხადების დღეს მოხდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ აქციებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ხოლო თუ იქნება სერიოზული, ამ შემთხვევაში, სადაც ხალხია და სადაც პროტესტია, ვიქნებით ჩვენც. ასე რომ, ჩვენი მონაწილეობა-არმონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სერიოზულად მოიქცევა ამჯერად გაერთიანებული ოპოზიცია.“(სტილი დაცულია)

თუ ხალხი ოპოზიციის მიმართ ნდობას დაკარგავს და საზოგადოებაში საერთო ნიჰილიზმი დაისადგურებს, ლეიბორისტული პარტია პასუხისმგებლობას ეროვნულ საბჭოს დააკისრებს, ამბობს პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი. გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციას, პოლიტიკურ ნაწილში, თავის მხრივ თანაგრძნობას უცხადებენ ახალი მემარჯვენეები. რაც შეეხებათ რესპუბლიკელებს:

[დავით ზურაბიშვილის ხმა]“რას ვაპირებთ და არაფერს. ჩვენ არა ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, მაგრამ მონაწილეობას მივიღებთ, ბუნებრივია, ისევე როგორც ეროვნულ საბჭოში არშემავალი სხვა ოპოზიციური ძალები. ბევრი მოთხოვნა აქვს აქციას, მემორანდუმის მოთხოვნები, საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად გამართვის პირობები. ჩვენ ამ მოთხოვნებს ვიზიარებთ და, ალბათ, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები იქნებიან.“ (სტილი დაცულია)

გვითხრა რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა. წინასწარი ინფორმაციით, 9-დან 19 მარტამდე დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები. უფრო ზუსტად, დაფინანსების უქონლობის გამო, გაერთიანებული ოპოზიცია რეგიონებიდან თანამოაზრეების ორგანიზებულად ჩამოყვანას ვერ შეძლებს.


XS
SM
MD
LG