Accessibility links

logo-print

8 მარტს ქალთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ

  • ნიკო ნერგაძე

ბევრისათვის ქალთა საერთაშორისო დღე მხოლოდ საბჭოთა დღესასწაულთან არის ასოცირებული. არადა, 8 მარტი

სოციალისტურ რევოლუციამდე ევროპაშიც აღინიშნებოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. საბჭოთა კავშირში ამ დღის აღნიშვნის იდეა ლენინს ბოლშევიკმა ფემინისტმა ალექსანდრა კოლონტაიმ მიაწოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრმა რესპუბლიკამ სცადა ამ დღესასწაულის სხვა დღით ჩანაცვლება, თუმცა 8 მარტს დღემდე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აღნიშნავს. ქართული ქალთა ორგანიზაციები ამ დღეს იყენებენ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი ქალთა უფლებების დაცვის აუცილებლობას.

8 მარტის დღესასწაულს მთელ მსოფლიოში - მათ შორის, საქართველოში - ორგვარად აღნიშნავენ. კაცები ქალებს ყვავილებს მიართმევენ, უფრთხილდებიან და აფასებენ. ქალების ნაწილი კი ცდილობს დღესასწაული საკუთარი უფლებების განსამტკიცებლად გამოიყენოს. ფსიქოლოგი და ექსპერტი გენდერულ საკითხებში ნანა ბერეკაშვილი ამბობს, რომ ეს დღე, პირველ რიგში, ქალთა სოლიდარობის, ერთად დგომისა და მხარდაჭერის დღესასწაულია:

[ნანა ბერეკაშვილის ხმა] ”იმის დეკლარაციაა, რომ ქალებს შეუძლიათ ერთად ყოფნა, რომ ეს ერთად ყოფნა ძალაა და რომ ქალები აცნობიერებენ რაღაც უუფლებობას დღესაც და სულ არ არის უადგილო, ოღონდ ისე, იმ ჩარჩოებში, რომელშიც იყო მოაზრებული.”(სტილი დაცულია)

ქალთა ორგანიზაციების ნაწილი კი ცდილობს ყვავილების ჩუქება და საკუთარი უფლებების დაცვა ერთმანეთს შეუთავსოს. ამ მიზნით საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრებმა 7 მარტს აქცია ჩაატარეს. ორგანიზაციების მოხალისეები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ქუჩაში გამოვიდნენ და გამვლელ ქალებს ყვავილებს ურიგებდნენ, ყვავილებთან ერთად კი საჩუქრად აძლევდნენ ღია ბარათსაც, რომელზეც ეწერა: იყავი აქტიური, უფრო მტკიცე შენს უფლებაში მართო საკუთარი ქვეყანა. კითხვას, რატომაა საჭირო ქალებს აქტიურობისაკენ მოუწოდონ, აფხაზეთის ქალთა საბჭოსა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენელი როზა კუხალაშვილი ასე უპასუხებს:

[როზა კუხალაშვილის ხმა] ”მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ქალები წარმოადგენენ ნახევარზე მეტს. გადაწყვეტილებას კი, ძირითადად, იღებენ მამაკაცები. ჩვენ ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რა გინდათ, პარლამენტის თავმჯდომარე ქალიაო. მაგრამ პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღება და ამ უმრავლესობაში... იქ 10 პროცენტიც არაა ქალი. ოცდამეერთე საუკუნეა, ჩვენ ვერავინ გვეტყვის, რომ ქალებში არ არის საკმარისი პოტენციალი.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე პარლამენტარი ქალები ცალკე განყოფილებაშიც არიან აღნიშნულნი. აქ ნაჩვენებია, რომ საქართველოს პარლამენტს 23 დეპუტატი ქალი ჰყავს. სულ საქართველოს პარლამენტში დღეს 225 ადგილია. როზა კუხალაშვილი ამბობს, რომ ქალთა არასამთავრობო კოალიცია აპირებს წარმოადგინოს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში გენდერული ბალანსის დაცვას შეუწყობს ხელს:

[როზა კუხალაშვილის ხმა] ”არ ვიცი რამდენად დაგვიჭერს პარლამენტი მხარს, მაგრამ ჩვენ ხელმოწერებსაც მოვაგროვებთ, რაც საჭიროა, სადღაც 30 ათასამდე, რომ განხილულ იყოს საკითხი, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდეს უფლება, რომ ერთი სქესის.... ორიდან ერთი უნდა იყოს სხვა სქესის წარმომადგენელი. ჩვენ მხოლოდ ქალებზე არ ვლაპარაკობთ. დღეს ქალების პრობლემაა, მაგრამ შეიძლება გავიდეს ხანი და მეორე სქესს დაუდგეს იგივე პრობლემა.”(სტილი დაცულია)

თუმცა გენდერული საკითხების ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ მთავარი პრობლემა მაინც საზოგადოების დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი. ნანა ბერეკაშვილი ამბობს, რომ თუ საზოგადოებრივი ცნობიერება არ შეიცვალა, ასეთი კანონის ცხოვრებაში პრაქტიკულად გატარება ძალიან რთული იქნება:

[ნანა ბერეკაშვილის ხმა] ”კარგია, როდესაც ასეთი კანონი არის, მაგრამ ცუდია, რომ საზოგადოება და, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღებნი და კანონშემოქმედნი ბევრად ჩამორჩებიან ამ ცნობიერებას.” (სტილი დაცულია)


XS
SM
MD
LG