Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი 737-ე გამოშვება

წამყვანი:

ყოველკვირეულ რადიოჟურნალში დღეს წარმოგიდგენთ ფილმს, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენებამდე, წინასწარვე იწვევს დაპირისპირებას; შემდეგ ვისაუბრებთ მაღალ მოდაზე ირანში- ქვეყანაში, რომელშიც ჩაცმულობას მკაცრი კოდექსი აწესრიგებს; დაბოლოს, ისევ კინოს დავუბრუნდებით - 7დ მარტს ასი წელი შესრულდა ანა მანიანის დაბადებიდან.

[მუსიკა: მღერის ანა მანიანი]

ფილმი, რომელიც წინასწარვე, უნახავად იწვევს დაპირისპირებას

წამყვანი:

ჯერ იყო სალმან რუშდი რომანით “სატანური ლექსები”, შემდეგ დანიელი კარიკატურისტი წინასწარმეტყველ მუჰამედის გამოსახულებით და აი, ახლა მათ დაემატა ჰოლანდელი პარლამენტარი ფილმით, რომელიც მუსლიმანთა მწვავე უკმაყოფილებას იწვევს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჯერ საჯაროდ არ უჩვენებიათ. მაინც რატომ? რა აღიზიანებს წინასწარვე მილიონობით ადამიანს?

ფილმის სახელწოდება ცნობილია: “ფიტნა”, რასაც არაბულ ენაზე ქაოსის, არეულობის ან სქიზმის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. სახელწოდება მართლაც შესაფერისი ჩანს: ეკრანებზე ფილმის გამოსვლამდე დაიწყო ცხარე კამათი, დაპირისპირება - სავარაუდოდ, სწორედ ის, რაც ფილმის ავტორს, გეერტ ვილდერსს სურდა.

44 წლის ჰოლანდიელი პარლამენტარი სათავეში უდგას პატარა რადიკალურ პოლიტიკურ ორგანიზაციას: თავისუფლების პარტიას. ის კათოლიკურ ოჯახშია გაზრდილი და ბოლო წლებში ჰოლანდიაში ისლამის ყველაზე თვაგამოდებული კრიტიკოსის რეპუტაცია დაიმკვიდრა. რად ღირს თუნდაც ის, რომ ვილდერსი ყურანს ადარებს ჰიტლერის ოპუსს, “Mein Kampf”-ს და მუსლიმანთა წმინდა წიგნის აკრძალვას მოითხოვს.

ვილდერსის პოზიცია ნამდვილად არ ასახავს ჰოლანდიელების უმრავლესობის შეხედულებებს, მაგრამ მას მიმდევრები მაინც ჰყავსო, ამბობს ჰოლანდიაში მოღვაწე პოლიტოლოგი ედვინ ბაკერი. [ბაკერის ხმა] “მათი უმრავლესობა უმაღლესი განათლების გარეშეა, უმუშევარი, ჰოლანდიური საზოგადოების ქვედა ფენას ეკუთვნის; უფრო სოფლად ცხოვრობს, ვიდრე ქალაქში და ისლამის ეშინია. და ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც გეერტ ვილდერსის მომხრეებს აერთიანებს. მათ ისლამის ეშინიათ საკუთარ ქვეყანაშიც და უცხოეთშიც”.

ბოლო რამდენიმე წელია, ჰოლანდიაში მიმდინარეობს დებატები იმიგრაციის ავ-კარგზე: რამდენად მიზანშეწონილია ახალი იმიგრანტების მიღება, გაამართლა თუ არა მულტიკულტურული საზოგადოების კონცეფციამ, რა უნდა მოუხერხონ იმიგრანტების გეტოებს? და მთავარი შეკითხვა: რამდენად შესაძლებელია ჰოლანდიელებისთვის განსაკუთრებით ძვირფასმა, ტრადიციულმა ფასეულობებმა როგორიცაა ტოლერანტობა, ან სიტყვის თავისუფლებამ, თანაიარსებოს ისლამის იმ ინტერპრეტაციებთან, რომლებიც ტოლერანტობით, რომ იტყვიან, არ გამოირჩევა?

მუსლიმანების შემთხვევაში, საქმე ეხება სწრაფად მზარდ უმცირესობას, რომელიც ჰოლანდიის მთელი მოსახლეობის 6 პროცენტს შეადგენს - მსხვილ ქალაქებში, უკვე 10 პროცენტზე მეტს. იმიგრაციის მოწინააღმდეგე პოპულისტი პოლიტიკოსის, პიმ ფორტოინის მკვლელობამ 2002 წელს ხელი შეუწყო პოზიციების რადიკალიზაციას. დისკუსია კიდევ უფრო გაამწვავა თეო ვან გოგის მკვლელობამ 2004 წელს. რეჟისორი, რომელიც პოლიტიკურ ისლამს საფრთხედ მიიჩნევდა დასავლური, ლიბერალური საზოგადოებებისთვის, სიცოცხლეს გამოასალმა მაროკოელმა ფანატიკოსმა.

პარლამენტარი გეერტ ვილდერსი ამ კონტექსტს, ადამიანებს შიშის იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვისო, ამბობს ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში პოლიტოლოგი ბაკკერი: [ბაკერის ხმა] “ის ქულებს აგროვებს ვან გოგის მკვლელობაზე, 11 სექტემბერზე, პიმ ფორტოინის მკვლელობაზე - ფორტოინი პირველი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ეს საკითხი წამოჭრა. მაგრამ იმავდროულად, ის ქულებს აგროვებს ზოგადად, უმცირესობების და კერძოდ მუსლიმანების ინტეგრაციის პრობლემებზე, დამნაშავეობის მაღალ მაჩვენებელზე ახალგაზრდა მაროკოელებს შორის. ასე რომ, საქმე ეხება მეტს, ვიდრე უბრალოდ რელიგია, ან პოლიტიკური რელიგიაა - ეს არის ნიდერლანდის საზოგადოებაში ინტეგრაციისა და იმიგრანტების მიღების უფრო ფართო თემა”.

ვილდერსი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობის იმით, რომ ყველაზე მეტს ხმაურობს, ყველაზე რადიკალურია და თან პარლამენტარის სტატუსი აქვს. მას დამალვა უწევს - პოლიციის დაცვით სარგებლობს, კონტაქტს სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ამყარებს, ზოგჯერ წერილობით კომენტარებს ავრცელებს, საჯაროდ იშვიათად თუ ჩანს, როცა ინტერვიუებს იძლევა.

ამასთან, განსხვავებით სალმან რუშდის, თუ დანიელი კარიკატურისტისაგან, რომელთაც არ სურდათ, მაგრამ იძულებული იყვნენ, დამალულიყვნენ, ვილდერსი მშვენივრად მოერგო ამჟამინდელ ვითარებას: ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ დიდად არ დარდობს მისი, ან მისი ქვეყნის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარის გამო. და - საყურადღებო დეტალი - ისევე როგორც ადამიანები, ვისი არატოლერანტობის წინააღმდეგაც იბრძვის, ვილდერსი არ ერთვება დებატებში: [ბაკერის ხმა] “დებატების გამართვა და გეერტ ვილდერსთან სხვადასხვა დილემაზე, ან ამ ოპორტუნისტულ პოზიციაზე კამათი ძალიან რთულია, რადგან ის პასუხს არ იძლევა. მაგალითად, ასეთი რეაქცია ჰქონდა ერთ-ერთ პოლიტიკოსზე, რომელიც გამართლებულად არ მიიჩნევს ყურანზე ფილმის ჩვენებას. მას გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება “ეშმაკსაც წაუღიხარო”. აი, ასეთი კომუნიკაცია ძალიან აძნელებს დებატებს მისი პოლიტიკური იდეების შინაარსობრივ მხარეზე. მართლა ძალიან უცნაური სიტუაციაა”.

სიტუაცია უცნაურია უწინარეს ყოვლისა იმის გამო, რომ ფილმი ჯერ-ჯერობით ფანტომად რჩება - ის, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, არავის უნახავს. შესაბამისად, ხელისუფლება ვერ გამოიყენებს კანონს შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იმ უბრალო მიზეზით, რომ არ იცის, შეიცავს თუ არა ფილმი შუღლის გამღვივებელ ტექსტს თუ კადრებს.

მაგრამ ასეთ ვარაუდს გამოთქვამენ მუსლიმანურ ქვეყნებშიც და თვით ჰოლანდიაშიც. ოთხშაბათს 30 მუსლიმანური ქვეყნის ელჩები შეხვდნენ ნიდერლანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვილდერსის ფილმზე მოსალაპარაკებლად. ბევრი მუსლიმანური სახელმწიფო იმუქრება ნიდერლანდის ეკონომიკური ბოიკოტით, ამ ფილმის ჩვენების შემთხვევაში. თუმცა, მოსალოდნელი საფრთხე ბოიკოტით არ ამოიწურება: ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა გააფრთხილა ვილდერსი, რომ ფილმის გამოშვებას შესაძლოა, უსაფრთხოების მხრივ მძიმე შედეგები, ადამიანების სიკვდილიც კი მოჰყვეს.

მაგრამ პარლამენტარის გეგმა, როგორც ჩანს, ჯერ არ შეცვლილა. ფილმის გამოშვება 28 მარტისთვის არის დაგეგმილი და თუ საზოგადოებრივი ან კომერციული მაუწყებელი არ წავა რისკზე ვილდერსის ფილმის “ფიტნა” ჩვენებით, მას, სავარაუდოდ, ინტერნეტით გაავრცელებენ.

[მუსიკა]

ამ კვირაში ავღანეთში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეების პროტესტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც არის ჰოლანდიელი პარლამენტარის გეგმა, ყურანზე ფილმი გამოუშვას. ავღანეთში, ქალაქ პულ-ი-ალამში გამართულ აქციაზე, პროტესტი გამოთქვეს ასევე დანიის გაზეთებში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების ხელახლა დაბეჭდვის გამო. ახლა ავღანეთს მეზობელ ირანს მივაშურებთ, ოღონდ არა კარიკატურების, ანდა ყურანზე ფილმისადმი დამოკიდებულებაზე სალაპარაკოდ...

ირანში მაღალი მოდა პოლიციას ემალება

წამყვანი:
ბოლო დროს ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უფრო მკაცრად გააკონტროლოს ირანელთა ჩაცმის სტილი და უფრო მკაცრად დასაჯოს ის, ვინც სათანადო პატივს არ მიაგებს ისლამურ სამოსს. თუმცა ეს სიმკაცრე სულაც არ აშინებს ირანელი ქალებისა და მამაკაცების არმიას - იმათ, ვისაც მოდურად სურს ჩაცმა. ირანელები ცდილობენ შეძლებისდაგვარად აუარონ გვერდი ისლამურ დოგმებს. ხელისუფალთა სიმკაცრეს უკურეაქცია მოჰყვება. ლელა კუნჭულია გიამბობთ, როგორ ცოცხლობს მოდა ირანში.

ლელა კუნჭულია, პრაღა:
მაშინ როცა მსოფლიო მოდას მისდევს, ირანის პოლიცია მოდას დასდევს. ირანში იდევნება ყველა, ვინც არათუ, ვთქვათ, არმანისა თუ დოლცე და გაბანას თანამედროვე სამოსში გამოწყობილი გავა ქუჩაში, არამედ თუნდაც ოდნავ მაინც გადაუხვევს ჩაცმულობის ისლამურ კოდექსს. ურჩებს დაკავება, ჯარიმა ანდა უფრო მეტი – ზოგჯერ ციხეც ემუქრებათ. ქალებს თითქმის არ უნდა უჩანდეთ კანი და თმა, კაცებს ეკრძალებათ მოკლე შარვლის, მოკლემკლავიანი მაისურებისა და ჰალსტუხის ტარება. ირანის ხელისუფლება ბოლო დროს კიდევ უფრო შორსაც წავიდა - მამაკაცებისთვის დაუშვებელი გახდა თმის ისეთი ვარცხნილობის ტარება, როგორიც ეს ირანისთვის მიუღებელ დასავლეთში მოსწონთ. დანაშაულად მიიჩნევა წარბის ფორმის შეცვლა და სხვა ამდაგვარი კოსმეტიკური კორექტივები.

ალი მუჰამედი ახალგაზრდა ირანელი კაცია. მოსწონს, როცა ალი ემს ეძახიან, მაგრამ კიდევ უფრო მოსწონს მოდურად ჩაცმა და თმების სწორედ ისე დავარცხნა, როგორც ეს იქ, ირანისთვის მიუღებელ დასავლეთშია მიღებული. ამისათვის ის სტილისტთან ერთი ვიზიტისას 100 დოლარზე მეტს იხდის.Aალი ემი სახელგანთქმული ევროპული პარფიუმერული კომპანიის წარმომადგენელია თეირანში. შემოსავლის უდიდეს ნაწილს სწორედ ვარცხნილობაზე, კანის მოვლის ძვირფას პროდუქტებსა და მოდურ ტანსაცმელზე ხარჯავს.

(მუჰამედის ხმა) “სატელიტის საშუალებით ხშირად ვუყურებ “ფეშენ ტი-ვის”, “ვორლდ ტი-ვისა” და სხვა ტელეარხებს. განსაკუთრებით მიყვარს დოლჩე და გაბანა. როცა ტანსაცმელს ვყიდულობ, სულ ვცდილობ, რომ სწორედ დოლჩე და გაბანას სტილში იყოს. თითონ ამ ბრენდის ნაწარმსაც ვყიდულობ ხოლმე. მაგალითად, სულ ახლახან შევიძინე დოლჩე და გაბანას ფეხსაცმელები, შეზღუდული გამოშვების კოლექციიდან. ვერცხლისფერია და წითელი ზოლები ამშვენებს.”

ამ ახალნაყიდი ფეხსაცმლის ჩაცმას ალი ემს თეირანის პოლიცია ნამდვილად ვერ დაუშლის, თუმცა მის გარდერობში არის ტანსაცმელი, რომელშიც თეირანში, როგორც იტყვიან, დღისით-მზისით ვერაფრით გამოეწყობა. მართალია, მოდის მიმდევრობის დემონსტრირებას ის, მისი თანამოაზრეების მსგავსად, ძირითადად, მხოლოდ მეგობრების წრეში, წვეულებებზე, ახერხებს, მაგრამ ეს ახალგაზრდა ირანელის ინტერესებს ვერ აფერხებს.

ირანის მორალის დამცველმა პოლიციამ ჩაცმის სტილი ვერც 23 წლის ნილოფარს შეაცვლევინა, თუმცა ერთხელ უკვე დააკავა იმის გამო, რომ ახალგაზრდა ქალს, სამართალდამცველების აზრით, ზედმეტად მოკლე შარვალი ეცვა და ჭრელი თავშალიდან თმა უჩანდა. პოლიციამ განყოფილებაში დაიბარა ნილოფარის მშობლები და დაკავებული შვილისთვის “წესიერი სამოსი” მიატანინა, შემდეგ კი ახალგაზრდა ქალს წერილობითი პირობა ჩამოართვა, რომ ასე “უწესოდ” ჩაცმული ქუჩაში აღარასდროს გავიდოდა. თუმცა ნილოფარი დანაპირებს არ ასრულებს:

(ნილოფარის ხმა) “ჩაცმულობის კოდექსს არც ამ ინციდენტის შემდეგ ვემორჩილები, მაგრამ მას შემდეგ არავის დავუკავებივარ. შეიძლება იმიტომ, რომ ფეხით ბევრს არ დავდივარ ქუჩებში. უფრო ავტომანქანას ან ავტობუსს ვიყენებ. დაჭერის საფრთხის წინაშე, ძირითადად, ქვეითად მოსიარულეები დგანან.”

ამიტომ ადამიანები, რომლებიც თეირანის ქუჩებში ფეხით დადიან, ცდილობენ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით ჩაიცვან. მაგრამ, აი, როგორც კი საიმედოდ დაიგულებენ თავს სადმე, ჭერქვეშ, და პოლიციელების თვალს მიეფარებიან, მაშინვე გულისა და სურვილების მიხედვით იმოსებიან.

რადიო “თავისუფლების” ირანული სამსახურის კორესპონდენტი ირაჯ ჯამშიდი ამბობს, რომ თეირანის წნეხს ხშირად უკურეაქცია მოჰყვება ხალხის მხრიდან:

(ჯამშიდის ხმა) “ოფიციალური აკრძალვები ვერ ცვლიან ადამიანების სურვილს ჩაიცვან ისე, როგორც მოსწონთ. ჩაცმულობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ხშირად საპირისპირო ეფექტს იწვევს. შედეგად, ადამიანების სამოსი ბევრად უფრო თავისუფალი გახდა. ეს არის ნიშანი, რომ ადამიანები ეწინააღმდეგებიან დოგმებს.”

ალბათ, სწორედ ამის ბრალია, რომ ბევრი თეირანელი ქალი, როგორც ეს რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას აღინიშნა, მოკლე მაისურებს, მოკლე შარვლებსა და სხვა ისეთ ტანსაცმელს, საიდანაც მეტი კანი ჩანს, სახლში პროტესტის ნიშნადაც იცვამს. ისინი სულ უფრო მეტად აფასებენ ირანში “აკრძალულ ხილს” - მოდას.
[მუსიკა]

წამყვანი:
თურქმენეთი დიდხანს გავდა ფოტოალბომს ერთადერთი კაცის გამოსახულებით: ეს კაცი იყო თურქმენბაში, ანუ ყოფილი პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი, რომლის გიგანტური პორტრეტები თუ სკულპტურები ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოჩანდა შუა აზიის ამ ქვეყანაში. მაგრამ ასე აღარ არის: როგორც იუწყებიან, თურქმენბაშის გამოსახულებები, ამ პოლიტიკური ლიდერის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, თანდათან ქრება თურქმენეთის ქალაქებისა და სოფლების ქუჩებიდან. დავით კაკაბაძის სიუჟეტშიც გამოჩნდება, რომ ახლა საკითხავი ის არის, მოელის თუ არა თურქმენეთს ახალი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის პიროვნების კულტი ...

დავით კაკაბაძე:
შეკითხვა აქტუალურია არა მარტო იმის გამო, რომ საქმე პრეზიდენტის პოსტზე თურქმენბაშის მემკვიდრეს ეხება. ზოგადად შუა აზიაში, იშვიათი არ არის ბილბორდები და შენობები, გაფორმებული სახელმწიფოს ლიდერების პორტრეტებით. თუმცა, საფარმურატ ნიაზოვის გამოსახულებების რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, შუა აზიის მასშტაბით, მაინც სრულიად გამორჩეული იყო. მისი 21-წლიანი მმართველობის პერიოდში თურქმენეთი თვით ნიაზოვისა და მისი ოჯახის წევრების ოქროსფერი ბიუსტებით, თუ ქანდაკებებით მოიფინა: აშხაბადში აღიმართა პრეზიდენტის მართლაც რომ უზარმაზარი მოოქროვილი ძეგლი. შთამბეჭდავი დეტალი: ძეგლი საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალებს, პირ-სახე მუდამ მზისაკენ აქვს მიმართული.

თურქმენბაშის უფრო მომცრო გამოსახულებებს რაც შეეხება - პორტრეტები ამშვენებდა თურქმენეთის ბანკნოტებს და მონეტებს, არაყსა და საკვებ პროდუქტებს, როგორც თვით ნიაზოვი ირწმუნებოდა, “ხალხის მოთხოვნით”, რადგან თვით პრეზიდენტს, ისევ მისი სიტყვებით, არ სურდა საკუთარი გამოსახულების ასე, ყველგან მოფენა.

გამოხდა ხანი. თურქმენბაშის გარდაცვალებიდან, როგორც უკვე ვთქვით, წელიწადზე მეტია გასული:
[ესენოვის ხმა] “ნიაზოვის პორტერეტს უკვე ყველგან ვეღარ დაინახავ. საავადმყოფოში, რომელშიც ხშირად მიწევს მისვლა, წინათ ყველა კედელზე ეკიდა ნიაზოვის პორტერეტები. ახლა გაქრა. მაგრამ ქუჩებში ჯერ კიდევ მოკრავ თვალს მის ბიუსტებსა და ძეგლებს”, -
ამბობს აშხაბადელი მწერალი რაჰიმ ესენოვი. ჩვენი რადიოს თურქმენულმა სამსახურმა მოიპოვა ასევე ინფორმაცია, რომ ყველა სამთავრობო და საჯარო უწყებას აქვს მიღებული დავალება, ჩამოხსნან ნიაზოვის პორტრეტები, აგრეთვე ბილბორდები მისი ციტატებით.

ამას გარდა, ახალი პრეზიდენტის განკარგულებით, აიკრძალა, საერთოდ, პორტრეტების გაკვრა შენობების ფასადებზე. ბერდიმუხამედოვის გამოსახულება, მართალია, ენაცვლება ნიაზოვისას, მაგრამ მარტო სამთავრობო უწყებებში. ეს ჩვენი რადიოს თურქმენულმა სამსახურმა ანონიმური წყაროსაგან შეიტყო.

თუმცა, ნიაზოვის კულტისთვის ბოლოს მოსაღებად ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი: ბევრგან, მათ შორის აშხაბადშიც რჩება ყოფილი პრეზიდენტისა და მისი დედის ძეგლები, ყოფილი პრეზიდენტის პორტრეტია გამოსახული ბანკნოტებზეც - მიუხედავად ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებისა, დაიბეჭდოს ახალი ფული, უკვე ნიაზოვის გარეშე.

და კიდევ - თურქმენეთიდან ბოლო თვეებში გავრცელებული არაერთი ცნობით, ნიაზოვის ზოგ პორტრეტს აშხაბადშიც და სხვაგანაც ბერდიმუხამედოვის პორტრეტები ჩაენაცვლა... მოისმინეთ ერთი ასეთი ცნობა, რომელიც თურქმენმა კორესპონდენტმა მოგვაწოდა ლებაპის პროვინციიდან:

[თურქმენი კორესპონდენტის ხმა] “ერთი სკოლის დირექტორმა მითხრა ამ სასწავლო წლის დასაწყისში, რომ დაავალეს ნიაზოვის პორტერტის ჩამოხსნა და მის ადგილას ბერდმუხამედოვის უზარმაზარი პორტერტის დაკიდება. დირექტორის თქმით, დავალება მან განათლების სამინისტროს რაიონული განყოფილებიდან მიიღო”.

ბერდიმუხამედოვს მართალია, წინამორბედისაგან განსხვავებით, თურქმენბაშის - “ყველა თურქმენის მამას” - არ უწოდებენ, მაგრამ მოიხსენიებენ “დიად ლიდერად”, გაზეთები კი სავსეა მისი ხოტბით.

ოპოზიციონერი ემიგრანტი ბაირამ შიხმურადოვი შიშობს, რომ თურქმენეთში პიროვნების ახალი კულტი ყალიბდება: [შიხმურადოვის ხმა] “ბერდიმუხამედოვს ისევე დაუწყეს მლიქვნელური ხოტბის შესხმა, როგორც თურქმენბაშის ასახამდნენ. ეს უბრალოდ, ულამაზოა და მინდა იმედი ვიქონიო, რომ პრეზიდენტი ამას ბოლოს მოუღებს და არ დაუშვებს იმის გამეორებას, რაც ნიაზოვის დროს მოხდა. თუ გავითვალისწინებთ პერსპექტივებს, რაც რეგიონის ქვეყნებთან, ჩინეთთან, რუსეთთან თურქმენეთის ურთიერთობას უკავშირდება, ასეთი სისულეეები პორტრეტებითა და პრეზიდენტისადმი ღია წერილებით - ეს ყველაფერი ხელისშემშლელი იქნება. პირველ რიგში, ხელს შეუშლის თვით ბერდიმუხამედოვს, მას ხელს შეუშლის მუშაობაში”.

[მუსიკა]

წამყვანი:
7 მარტს 100 წელი შესრულდა დიდი იტალიელი მსახიობის, ანა მანიანის დაბადებიდან. რომში, მანიანის სახლთან, იქ, სადაც მსახიობმა თავისი უკანასკნელი წლები გაატარა, მისი მრავალი თაყვანისმცემელი შეიკრიბა; 1973 წელს ხომ მანიანი უკანასკნელ გზაზე მართლაც თითქმის მთელმმა რომმა გააცილა - ქალაქში არ მუშაობდა ტრანსპორტი, დაიხურა მაღაზიები. იტალიელები უკან მიჰყვებოდნენ მსახიობის ცხედარს და ერთი და იგივეს იმეორებოდნენ ”მშვიდობით, ნანარელა!”… ნანარელა - ასე ეძახნენ სამშობლოში ანა მანიანის, რომლის შემოქმედებას გიორგი გვახარია გაგვახსენებს.

[სიმღერა ფილმიდან ”სამი ქალი”]

ეს სიმღერა ანა მანიანიმ შეასრულა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ფილმში - ალბერტო ჯანეტის სატელევიზიო ციკლში ”სამი ქალი”, რომლის პრემიერა დიდი მსახიობის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გაიმართა იტალიის ტელევიზიით. იმხანად მანიანის კინოში უკვე აღარ იღებდნენ, უფრო სწორად, თავად მსახიობი ამბობდა უარს შეთავაზებულ როლებზე. მის ამ უარს კრიტიკოსები სხვადასხვანაირად ხსნიდნენ: ზოგი წერდა, ამ შავ-თეთრმა მსახიობმა, რომელიც არასდროს ცნობდა სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის ნიუანსებს, ფერადი კინოს ესთეტიკა ვერ გაითავისაო; ზოგიც ჯიუტად ამტკიცებდა, მანიანის არ სურს ბებიების თამაში, თავის კლასიკურ იმიჯს უფრთხილდებაო...არადა, ხომ თქვა ერთხელ მსახიობმა, მე ვამაყობ ჩემი ნაოჭებითო და ისიც თქვა, რომ არ სურს იაფფასიან იტალიურ კომედიებში მონაწილეობა, რომ იგი ტრაგედიის ჟანრს ანიჭებს უპირატესობას.

კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ანა მანიანი არასდროს თამაშობდა კამერის წინ - იგი, უბრალოდ, თავის თავს განასახიერებდა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ, უდიდესი წარმატების მიუხედავად თეატრში (მანიანიმ 20-იან წლებში პირველად სწორედ თეატრში სცადა ბედი), მეოცე საუკუნის ხელოვნებაში იგი დარჩა როგორც კინომსახიობი, რომელიც თავის თავს კი თამაშობდა, მაგრამ არასდროს განმეორებულა. ისიც ხომ ფაქტია, რომ ტრაგიკული სახეების მიმართ ლტოლვის მიუხედავად, ანა მანიანი არასდროს ქმნიდა დისტანციას თავის პერსონაჟებსა და მაყურებელს შორის. სიდიადე - ზოგჯერ მონუმენტურობაც კი - იყო, მაგრამ ეს სიდიადე ყოველთვის იჟღინთებოდა იუმორით და უბრალოებით.


[მანიანის ხმა. ინტერვიუ იტალიის ტელევიზიისთვის]

ეს მისი გასაოცარი ხმაა - ფრაგმენტი იტალიის რადიოსთვის მიცემული ინტერვიუდან. მანიანი თითქოს სიმღერ-სიმღერით ლაპარაკობს. სხვათა შორის, მეტყველების ეს მანერა პირველად მისმა ყოფილმა მეუღლემ, რობერტო როსელინიმ, აღმოაჩინა. როცა მუშაობდა ნეორეალიზმის შედევრზე ”რომი ღია ქალაქია”, როსელინი ცდილობდა მაქსიმალურად წარმოეჩინა არა მარტო მანიანის განუმეორებელი პლასტიკა, არამედ მისი ხმის ტემბრი და მუსიკალურობა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლისა და როსელინის სურათის ფენომენალური წარმატების შემდეგ, როცა ანა მანიანი უკვე იტალიური კინოს ვარსკვლავი გახდა, მსახიობმა სიმღერაც კი დაიწყო.

[ანა მანიანი მღერის - ”არივედეჩი რომა”]

ამას მოჰყვა მუშაობა ლუკინო ვისკონტისთან ფილმზე ”ულამაზესი”... სწორედ იმ დროს, როცა მანიანის ცხოვრებაში სერიოზული კრიზისი დაიწყო: რობერტო როსელინიმ მიატოვა და ცოლად ინგრიდ ბერგმანი შეირთო. ”ის მუშაობდა და თითქოს ამტკიცებდა, რომ უკეთესი მსახიობია, ვიდრე ინგრიდ ბერგმანი”, - იგონებდა ლუკინო ვისკონტი. მანიანიმ თავისას მიაღწია კიდეც: 50-იან წლებში მას უკვე ჰოლივუდშიც იღებენ და ამერიკული ”ოსკარის” ლაურეატიც ხდება. მაგრამ იტალიაში იწყება ეგრეთ წოდებული ”ეკონომიკური სასწაულის” ეპოქა. ახალ იტალიურ კინოში ნეორეალისტების ფილმებში დამკვიდრებული იმიჯი ”სტილიდან ამოვარდნად” ითვლება. ამიტომ ანა მანიანის ნაკლებად იწვევენ კინოში. გამონაკლისია პიერ-პაოლო პაზოლინი, რომელიც 1962 წელს იღებს ფილმს ”მამა რომა” - ანა მანიანი აქ ახალ ამპლუაში წარმოაჩენს თავის თავს: თამაშობს რომაელ მეძავს, რომლის შესახებ პეტრე მამრაძე ამბობს: ”არანაირი მეძავი არ არისო”.


მანიანიმ წარმოუდგენელი შეძლო - ერთი უბრალო მეძავი ქალი, რომელიც შვილის ბედნიერებისთვის იღვწის, ლამის რომის სიმბოლოდ, ”მამა რომად” გადააქცია:

[პეტრე მამრაძის ხმა] ”ეს არ არის მეძავი. მოდელი ასეთია - ეს სიცოცხლე სიბინძურეა, მაგრამ მანიანი პირველივე კადრებიდან ბავშვის მომავალზე ლაპარაკობს. მას არც ხალისი, არც სიცოცხლის სიყვარული, არც ღირსება ასეთ სიტუაციაში დაკარგული არა აქვს.”(სტილი დაცულია)

მანიანი რომის სიმბოლო გახდა არამარტო პაზოლინისთვის. თავისი უკანასკნელი როლი მსახიობმა ფედერიკო ფელინის ფილმში ითამაშა. ფილმში ”რომი” მან განასახიერა საკუთარი თავი - ცოტა არ იყოს დაღლილი, მაგრამ ძალიან ამაყი ქალი, რომელიც მშვიდობიან ღამეს უსურვებს ფედერიკოს. იგი ფელინის ამ შედევრით დაგვემშვიდობა და ფილმის პრემიერიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

[სიმღერა ფილმიდან ”სამი ქალი”]
XS
SM
MD
LG