Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიას ვადამდელი არჩევნები მოელის


სერბიას ვადამდელი არჩევნები მოელის მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია დაიშალა კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე უთანხმოების გამო.

კენჭისყრა, სავარაუდოდ, 11 მაისს გაიმართება.
მმართველი კოალიცია - პრემიერ-მინისტრ ვოისლავ კოშტუნიცას კონსერვატიული პოლიტიკური ძალა და პრეზიდენტ ბორის ტადიჩის უფრო პროდასავლური დემოკრატიული პარტია - სიმტკიცით არასდროს გამოირჩეოდა. მან ათი თვე გაძლო, რის შემდეგაც, შაბათს, კოშტუნიცამ შემდეგი განცხადება გააკეთა:

[კოშტუნიცას ხმა] “მთავრობას აღარა აქვს ერთიანი პოლიტიკა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხში - სერბიის შემადგენლობაში კოსოვოს სტატუსთან მიმართებით. და მთავრობა, რომელსაც არ გააჩნია ერთიანი პოლიტიკა, ვერ იმოქმედებს და ეს არის მთავრობის დასასრული. ყველაზე უფრო გონივრული იქნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა 11 მაისს, უკვე დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად.”

სერბიის წამყვან პარტიებს შორის, ერთი მხრივ, ერთსულოვნება სუფევს იმ თვალსაზრისით, რომ ყველა წინააღმდეგია კოსოვოს დამოუკიდებლობისა. რაც შეეხება უთანხმოებას, მას იწვევს ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების საკითხი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მრავალმა წევრმა აღიარა კოსოვო.

პრეზიდენტი ტადიჩი მაინც ემხრობა ევროკავშირთან დაახლოებას და ირწმუნება, რომ მიზანშეწონილი არ არის ამ ორი საკითხის - ევროკავშირში ინტეგრაციისა და კოსოვოს სტატუსის - ერთმანეთთან დაკავშირება. მაშინ როცა კოშტუნიცა და სხვა ნაციონალისტები, რადიკალების მხარდაჭერით (შედეგად მათ საპარლამენტო უმრავლესობა აქვთ) მოითხოვენ, რომ სერბია ევროკავშირს შეუერთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი კოსოვოს სცნობს სერბიის შემადგენელ ნაწილად.

დაპირისპირებამ მმართველ კოალიციაში კულმინაციას მიაღწია 6 მარტს, როცა კაბინეტმა კენჭი უყარა რეზოლუციის პროექტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების საკითხზე. ტადიჩის პარტიის და მმართველი კოალიციის წევრი კიდევ ერთი, მომცრო პარტიის მინისტრებმა ხმა ამ პროექტის წინააღმდეგ მისცეს . ამ ვითარებაში მიიჩნია საჭიროდ პრემიერ-მინისტრმა კოშტუნიცამ მმართველი კოალიციის დაშლა.

ახლა ყველა მოელის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არა მარტო პარლამენტის შემადგენლობას გაარკვევს, არამედ იქნება რეფერენდუმი სერბიის პოლიტიკური კურსის შესახებ: ევროპის სასარგებლოდ, ან მის წინააღმდეგ მიმართული არჩევანი.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი რუპელმა უკვე გამოთქვა იმედი, რომ გამარჯვებას პრო-ევროპული პარტიები მოიპოვებენ: [რუპელის ხმა] “ახლა, როცა არჩევნები ახლოვდება, ვიმედოვნებთ, რომ ევროპული ძალები გაიმარჯვებენ. მე რამდენიმე დამაიმედებელ ნიშანს ვხედავ, ცნობილია საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე გამოკითხვის შედეგები, ვხედავთ სტუდენტების, ინტელექტუალების, ახალგაზრდების დამონტსრაციებს. სიმართლე რომ გითხრათ, ვერ ვხედავ ჩვენი სერბი მეგობრებისთვის სხვა გზას, გარდა ევროკავშირის გზისა. სხვაგან სად უნდა წავიდნენ?”.

ამ შეკითხვაზე პასუხი სერბიაში აქვთ - კერძოდ აქვს რადიკალურ პარტიას: სერბია, მისი რწმენით რუსეთს უნდა დაუახლოვდეს. რადიკალურ პარტიას კი საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს - ეს დასტურდება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით. ამ არჩევნებში, ერთი თვის წინ, მართალია დამარცხდა რადიკალური პარტიის ლიდერი ტომისლავ ნიკოლიჩი, მაგრამ მას მეტოქემ მხოლოდ მცირე უპირატესობით ძლია.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ არც ეს კენჭისყრა ჩაივლის პროევროპული ან ანტიევროპული ძალების აშკარა უპირატესობით.
XS
SM
MD
LG