Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ არა მედვედევი, პუტინის მსგავსად, თავისი პიროვნების კულტი შექმნას


ერთი კვირაა, რაც მედვედევი რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ მისი პორტრეტები, ჩარჩოთი და უჩარჩოოდ, პუტინის მემკვიდრესთან დაკავშირებული

ასევე სხვა ნივთები, უკვე უხვად იყიდება რუსეთში, ინტერნეტითაც და ბაზრებზეც. 14 დოლარის შესატყვის თანხად შეგიძლიათ შეიძინოთ “მატრიოშკებიც”, რომლის გარე ფიგურა მედვედევია, შიგნით კი მისი 9 წინამორბედი - პრეზიდენტი, გენერალური მდივანი თუ ხელმწიფე - იმალება. 8 წლიანი მმართველობის მანძილზე წარმატებით შექმნა თავისი პიროვნების კულტი პუტინმა, რომელიც ახლა პრემიერი უნდა გახდეს. რა პერსპექტივა აქვს მის მემკვიდრე დმიტრი მედვედევს, პუტინის მსგავსად, მანაც თავისი კულტი შექმნას?

ჩვენს კორესპონდენტს მოსკოვში დიდი ჯაფა არ დასდგომია იმ ადგილის მისაგნებად, სადაც ტურისტებისთვის ათასი გასართობი და სამახსოვრო ნივთი იყიდება. იზმაილოვის პარკში ის გაესაუბრა ერთი ამგვარი დახლის გამყიდველს, ირმას, რომელიც განმარტავს, მედვედევის “მატრიოშკა” ხუთი ფიგურითაც გვაქვს და ათითაც - ორი კვირაა, რაც შევუკვეთეთ, არჩევნებამდეო.

(ირმას ხმა)

ირმასავე ნაამბობით, ”მატრიოშკებს” მარტო ტურისტები არ ყიდულობენ, ბევრი რუსიც არის დაინტერესებული ამ ახალი საქონლით, რომელიც მედვედევით იწყება და ყველაზე პატარა, პეტრე პირველის, რუსეთში “დიდის”, ფიგურით მთავრდება. და არა მარტო ”მატრიოშკები” - შეგიძლიათ შეიძინოთ აგრეთვე მაცივარზე მისამაგრებელი მაგნიტი, მედვედევის პორტრეტით. თუკი ვაჭრობა კარგად წარიმართა, მალე სააღდგომოდ ხის კვერცხებს გამოიტანენ გასაყიდად, მათაც ახალი პრეზიდენტის გამოსახულებით.
და არამარტო ასეთი გასართობი ნივთებით იქმნება დმიტრი მედვედევის სახე. მის სურათს ნებისმიერი ზომისას შეიძენთ. მაგალითად, დარბაზში გამოსაფენი დიდი სურათის ფასი 800 დოლარია, მცირე, სამაგიდო სურათების ფასი - უფრო ნაკლები. მაგრამ ფაქტი ერთია - ეს სურათები არის და იყიდება. უწინდელი საბჭოთა ლიდერების მსგავსად, პუტინმა მოახერხა თავისი პიროვნების კულტი შეექმნა. სტალინივით მისი ძეგლები არ დაუდგამთ, მაგრამ ის ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, რომელზეც, მაგალითად, პოპ-მუსიკოსებმა სიმღერა შექმნეს 2002 წელს - მღეროდნენ, პუტინის მსგავსი კაცი გვინდაო. მოახერხებს მედვედევი თავისი პიროვნების ასეთივე კულტის შექმნას?
ვაშინგტონის “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” მოსკოვის ფილიალის დირექტორი ევგენი ვოლკი სკეპტიკურადაა, ამ მხრივ, განწყობილი. მისი აზრით, მედვედევი კი აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ მას ხელისუფლების ყველა დონეზე პუტინის მიერ დანიშნულ ხალხთან მოუწევს თანამშრომლობა.

(ვოლკის ხმა)

ამას ის ემატება, რომ დღემდე პიროვნების კულტის შემქმნელი სახელმწიფო მეთაურები იხოცებოდნენ და მათი კულტის არსებობაც ამით თავდებოდა: სტალინის კულტი ბელადის სიკვდილით დასრულდა; ასე იყო ბრეჟნევის შემთხვევაშიც; ხრუშჩოვის კულტი მისი სამარცხვინო გადაყენებით შეწყდა. ახლა კი რა, პუტინი კვლავ ცოცხალია და ძალაუფლებას ინარჩუნებს, კვლავ აქ არის.
თუმცა ევგენი ვოლკს არა აქვს პასუხი იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ახლა რუსეთში - ჩამოხსნიან პუტინის სურათს და მის ადგილს მედვედევი დაიკავებს თუ არა.

(ვოლკის ხმა)

საქმე გართულდება 7 მაისის ინაუგურაციის მერე. მანამდე ბევრი დაიტოვებს პუტინის სურათს, მაგრამ შემდეგ, ალბათ, ორივეს სურათს დაიკიდებენ. დაველოდოთ და ვნახავთო, -ამბობს ევგენი ვოლკი.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ოდესმე მედვედევმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის, მართლაც, სახელმწიფოს ლიდერია.“ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” მოსკოვის ფილიალის დირექტორი ევგენი ვოლკი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლების მქონე ადამიანს არ ექნება სურვილი, ვინმეს ჩრდილქვეშ იყოს. ასე იქნება მედვედევის შემთხვევაშიც: ის ვერ იქნება დიდად ბედნიერი, თუ სამუდამოდ პუტინის ჩრდილში დარჩა.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG