Accessibility links

logo-print

პარლამენტის წინ შიმშილობის აქცია გრძელდება


გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრები, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით, პარლამენტის კიბეებზე შიმშილობის აქციას განაგრძობენ.

არჩევნების გარდა, მოშიმშილეები ასევე მოითხოვენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ერთი დღის დაგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში შიმშილობა გამოაცხადეს „ახალი მემარჯვენეების“ წევრებმაც, რომლებიც ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრასა და ოპოზიციის მემორანდუმის დაკმაყოფილებას მოითხოვენ. პასუხად კი ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა არჩევანი კვლავ ურთიერთობის კონფრონტაციულ ფორმაზე შეაჩერა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ოპონენტებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებენ და ეპატიჟებიან 11 მარტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების გარდა, უნდა შეაჯერონ განცხადების ტექსტი, რომელიც მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გაეგზავნება.


გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში ამტკიცებენ, რომ შიმშილობის მეორე დღეს აქციაში მონაწილეთა რიცხვი ერთიორად გაიზარდა. კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, შიმშილობენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „მე მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ დარეგისტრირდნენ, ვთხოვო,რომ ამოვიდნენ აქ, ზემოთ, და დავიწყოთ იმის ორგანიზება, რომ სხვებიც შემოვიერთოთ ამ საერთო ბრძოლაში...“(სტილი დაცულია)

ზვიად ძიძიგურთან ერთად შიმშილობის აქციაში მონაწილეობას იღებს ირაკლი მელაშვილიც, „სახალხო ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომლის თქმითაც, შიმშილობა შეწყდება ერთადერთ შემთხვევაში - თუ ოპოზიციის მოთხოვნები დაკმაყოფილდება:

[ირაკლი მელაშვილის ხმა] „ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შიმშილობის შეწყვეტაზე. თავისუფლები ვართ, მათგან განსხვავებით. ისინი ფიქრობენ, რომ ვიღაცამ დაგვსვა და ვიღაცა აგვაყენებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაძაბული პროცესი და ჭიდილი გველის. ეს არის „ნერვების ომი“ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ.“ (სტილი დაცულია)

”ნერვების ომში” ასევე მონაწილეობენ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ოპოზიციის დაძახილზე ხან იპოდრომს, ხან რესპუბლიკის მოედანს და ხანაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ავსებენ. რა უნდათ ამ ადამიანებს? რისთვის დადიან ისინი ოპოზიციის მიტინგებზე?

[მამაკაცის ხმა] „მე პირდად ვიყავი უმანდატო კომუნისტი, ვიყავი გულანთებული ზვიადისტი, დღეს ვარ უმანდატო ლეიბორისტი, მაგრამ მე ვესწრები ყველა მიტინგს და ვითხოვ საქართველოს სააკაშვილის გარეშე.“

[ქალბატონის ხმა] „ვითხოვთ თავისუფლებას, სიმართლეს, სამართლიან არჩევნებს, მეტს არაფერს, რათა არ იყოს გაყალბება, რათა არ იყოს უსინდისობა. აი, ეს გვინდა.“

[მამაკაცის ხმა] „მე ვენდობი ოპოზიციას და ვუჭერ მხარს, თუმცა ვნახოთ, რა იქნება.“

კითხვაზე, თუ რა იქნება, პასუხის გაცემა უჭირთ ოპოზიციის ლიდერებსაც, თუმცა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აღარ აპირებს პარლამენტის თავმჯდომარესთან დიალოგის გაგრძელებას. საკითხავია, რატომ?

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „ რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ტყუილების ის კორიანტელი, რომელიც მოლაპარაკებების დროს გამოჩნდა.“

ლევან გაჩეჩილაძის მსგავსად, ხელისუფლებასთან დიალოგს აღარც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი აპირებს, რომლის თქმითაც, ოპოზიციის მემორანდუმის პირობების შესრულებამდე ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი არა აქვს. დავით გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ მემარჯვენეების მოთმინების ფიალა მმართველი პარტიის იმ გადაწყვეტილებამ აავსო, რომლის თანახმადაც, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა, ორმოცდაათის ნაცვლად, სამოცდათხუთმეტი იქნება:

[დავით გამყრელიძის ხმა] „ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეს, დაარღვიოს ყველა შეთანხმება, კონსტიტუციის შეცვლის წესები, უარი თქვას თუნდაც დე იურე ტერიტორიულ მთლიანობაზე და შეიტანოს ის ცვლილებები და მოირგოს საკუთარ სხეულზე საარჩევნო კოდექსი იმისთვის, რომ გარანტირებულად, ისევ გაყალბებით და ძალადობით, ხელში ჩაიგდოს საკანონმდებლო ორგანო.“(სტილი დაცულია)

ოპოზიციის გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობა. პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ნებისმიერ საკითხზე აწარმოოს დიალოგი ოპონენტებთან, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი პარტია საკუთარ პრინციპებს უღალატებს. კუბლაშვილის თქმით, შიმშილობისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად, მომავალი მოწვევის პარლამენტში ყველა რაიონი თითო მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.





XS
SM
MD
LG